საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ის ამბავი, თითქოს სომხეთსა და საქართველოს საზღვრის დემარკაციისას საქართველოს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სოფელი გადმოეცემოდა, ცხადია არ დადასტურდა. ძალიან რთულად წარმოსადგენია ასეთი შეთნხმება დასახლებულ პუნქტზე მომხდარიყო, მით უფრო სომხეთში კრიტიკული არჩევნების წინ.
თუმცა ახლა მნიშვნელოვანი სხვა რამაა. სომხეთისა და საქართველოს სასაზღვრო ზონაში ორი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელთა საბოლოო კუთვნილების ჩვენს სასარგებლოდ დადგენა და ამ მოცემულობით დემარკაცია, კრიტიკულად აუცილებელია და ამაზე სახელმწიფო უნდა მუშაობდეს: ხუჯაბისა და ხორაკერტის მონასტრები. დღეისთვის, პირველი სომხეთის კონტროლირებად ზონაში ხვდება, მეორე კი საქართველოს.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ისე მოხდეს საზღვრის დემარკირება ან მოლაპარაკება, რომ ხუჯაბი საქართველოში დაბრუნდეს, ხოლო ხორაკერტზე კითხვები დასრულდეს. ხუჯაბი უძველესი ქართული ეპარქიის უმნიშვნელოვანესი ეკლესიაა. მასზე კონტროლი უცნობ ვითარებაში, 1990-ანი წლებში ან ადრეულ 2000-ან წლებში დაიკარგა, როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ფუნქციონირებდა სრულად. 2005 წელს ინციდენტიც მოხდა საზღვარზე და სომხურმა სასაზღვრო ნაწილებმა ქართველ ჟურნალისტებს ესროლეს.
რაც შეეხება ხორაკერტს, ის შუა საუკუნეების საქართველოს ოქროს ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელზეც ქართული და სომხური წარწერები იკითხება. ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფოს შიგნით, საქართველოს სამეფოს პიკში, თამარის ეპოქის ბოლოს და იმ პერიოდს გამოხატავს, როდესაც საქართველო მთელს კავკასიას აკონტროლებდა და სომხური თემის უმთავრეს დამცველადაც გამოდიოდა. მაშინ სომხური სამხედრო-პოლიტიკური არისტოკრატია საქართველოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. ეს ტაძარი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
დღეს ხორაკერტზე პირდაპირ დავა არ დგას და მას ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ, მაგრამ ტაძარი საზღვრიდან 50 მეტრშია და არაერთხელ გაჩნდა ამ ტაძარზე კითხვა და მინიშნება. მესაზღვრეები ძალიან ახლოს დგანან და დემარკაცია ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ამ საკითხს.
ორივე ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფოდაა მისახედი.
ცხადია, ამ თემებზე ცივილური მოლაპარაკებები უნდა განხორციელდეს და საკმაოდ მეგობრულ გარემოში უნდა ჩატარდეს პროცესები. ოღონდ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ისეთი ამბები არ გამოიწვიოს დემარკაციის საკითხმა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მოხდა.
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სრული დალაგება და ყოველგვარი სადაოს მოხსნა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საქმეა.
















კომენტარები