დღეს სოციალურ ქსელში სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის (აბულაძე) ქადაგების ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს და მრევლს, ფაქტობრივად, ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
„რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ, გაქვთ ამის პასუხი? – არა გაქვთ, მაშ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში ვიდეოები, გაიკეთეს ვაქცინა და ადგილზე მოკვდა ზოგი, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, სამ მილიონამდე კაცია გარდაცვლილი კოვიდ 19-სგან, 2 მილიონ რაღაცა და მილიარდზე მეტი ადამიანის აცრა უნდათ, რა შედეგს გამოიწვევს?
შესაძლოა ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ, ვინ იცის? ერთი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ, ვინ იცის, რა იქნება?
ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ეკლესიის ხმა, ღვთის ხმა, ეკლესია ნახეთ რას ამბობს: პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებზე და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. დანარჩენი ახლა ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს. ყური ყველას აქვს ხო, ასე არ არის? მაგრამ რატომ ამბობს უფალი, ვისაც ყური აქვს, სმენად ისმინოსო. ვისაც გულისყური აქვს, მოისმინოს ის.
ჩვენ ვუფრთხილდებით იმას, რომ კატასტროფულად უარესი შედეგები არ დადგეს. აი ესაა, მეტი არაფერი”, – აცხადებს ქადაგებაში სინოდის წევრი, ეპისკოპოსი სპირიდონი.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს ეკლესიას ვაქცინაციის პროცესში დახმარებისთვის მიმართა.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ დეკანიზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში წერია, “ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.
კომენტარები