პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
პუნქტობრივად ვეხმაურები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებებს.
1. ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ, რომ ლაზარე ჯორბენაძეს არც მე, არც დავით თარხან-მოურავი, არც ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი არ ვიცნობდით და ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია.
2. ლაზარე ჯორბენაძის თემას არც მე და არც ჩვენი გუნდი არ შევხებივართ იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილებში დავით გარეჯის თემა არ წამოწია.
3. ჩვენი კომენტარები (ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით) ეფუძნებოდა მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების საჯარო განცხადებებს და ეს კომენტარები მოკლედ შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს: ლაზარე ჯორბენაძის მეგობრების განცხადებით, ის მორწმუნე და აღმსარებელი იყო, ბერივით ცხოვრობდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს თვითმკვლელობას, ლაზარე ჯორბენაძეს, მისი მეგობრების განცხადებით, ჰქონდა სამომავლო გეგმები, ამიტომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი. ამავდროულად, დამაფიქრებელია ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლის, პოლიტიკოს გიორგი ლილუაშვილის განცხადება, რომ ჯორბანძემ მას აჩვენა დავით გარეჯთან დაკავშირებული რაღაცა დოკუმენტი და ეს საკითხიც საჭიროებს გამოძიებას. აზრობრივი დატვირთვის თვალსაზრისით, ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით, არანაირი სხვა განცხადება ჩვენ არ გაგვიკეთებია.
ზოგადად, პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების გაერთიანება რაიმე თემის ირგვლივ და თუნდაც, ერთობლივი კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენს არც საქართველოს კონსტიტუციისა და არც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. მეტიც, კონსტიტუცია ამგვარი უფლებების გარანტორია.
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს კი, ეს დანაშაული ჰგონიათ. თუმცა, ჩემს შემთხვევაში არანაირ მსგავს ერთობას ადგილი არ ჰქონია და რატომ უნდა დავიბრალო ის, რაც არ ყოფილა, გაუგებარია.
არც ლაზარე ჯორბენაძის და არც დავით გარეჯის თემაზე მე არ შემხმიანებია არც დიტო ჩუბინიძე და არც „ასავალ-დასავალის“ რომელიმე სხვა ჟურნალისტი, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი წერილები არ გამოაქვეყნა და არც ამ წერილების გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ არაფერი დაგვიგემავს ერთობლივად. უბრალოდ, 2-3 ინტერვიუთი შემოვიფარგლეთ, არანაირი სხვა კომუნიკაცია ან რაიმე ფარული შეხვედრა და მითუმეტეს, რაიმეს დაგეგმვა არ ყოფილა!არაერთხელ აღვნიშნე და ვიმეორებ: ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არც გვქონია და არც გვაქვს! ჩვენ მის ადვოკატებთანაც კი ვერ მოვახერხეთ კომუნიკაცია. არადა, არაფერი გვჭირდებოდა. უბრალოდ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული ანუ ღარიბაშვილმა უნდა წეროს იმაზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას.
ამგვარად, ტელეკომპანია „იმედის“ ბრალდებები რაღაცა სამკუთხედზე ან სხვაკუთხედზე სიცრუეა და ცილისწამება. ვიმეორებ: არც მე, არც ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი, არც წარსულში და არც ხილულში არანაირ გარიგებაში არ ვყოფილვართ არც ირაკლი ღარიბაშვილთან და არც „ასავალ-დასავალთან“, საერთოდ, არავისთან! თუმცა, იმასაც ვიმეორებ, რომ პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების გაერთიანება- რაიმე თემის ირგვლივ, დანაშაული არ არის!!!!!!!
აზრობრივად დავით გარეჯთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გვითქვამს, გარდა იმისა, რომ დავსვით საჯარო კითხვები და ამ კითხვებს დღესაც ვსვამ: რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? რატომ ვერ გადავდივართ ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძარში, რატომ და როგორ აშენებს იქ აზერბაიჯანული მხარე კაპიტალურ შენობებს და რატომ აქვთ გამოცხადებული ეს ტერიტორია ნაკრძალად. ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმურია და არანაირად არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დაზიანების მცდელობა.სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოთქვა ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით, რაც აზერბაიჯანულ მხარეს არ მოეწონა, მაგრამ განა შეიძლება, საპატრიარქოს ეს განცხადება განვიხილოთ, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დაზიანების მცდელობა? ეს ხომ აბსურდია!
პირდაპირ ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ცილს მწამებს მე! და ჩემის ღრმა რწმენით, ეს პრემიერ-მინისტრ კობახიძის მითითებით კეთდება.კვლავ ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანს და „ქართული ოცნების“ უპირობო ლიდერს:
დაიკავა თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა სამიზნედ ვექციეთ. ჯერ სააკაშვილთან შეკრულებად გამოგვაცხადა, თავისმართლების რეჟიმში ჩაგვაგდო, მსგავსი ბრალდებები იმდენად ხშირი იყო, რომ იძულებული გავხდი,- მოწამეთას მონასტერში, დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებთან დამეფიცა, რომ არავისთან შეკრული არა ვარ. იქიდან მოყოლებული, ბრალდებები ხან მილევად რეჟიმშია და ხან კვლავ აქტიურდება, პრემიერი კობახიძე მუდმივად ცდილობდა და ცდილობს რაღაცა გაუგებარი შეთქმულებების თანამონაწილეებად წარმოგვაჩინოს. მეტიც, ირაკლი კობახიძემ მთელს ქვეყანაში გააღვია სიძულვილი და დაპირისპირება, თანაც, დაპირისპირება- ყველასთან! მათ შორის, „ქართული ოცნების“ ძველ წევრებთან, ძველ მოკავშირეებთან და ზოგადად, ადამიანებთან, რომლებიც არასდროს არ მტრობდნენ „ქართულ ოცნებას“. კობახიძე ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, ყველას რაღაცა შეთქმულების მონაწილედ აცხადებს და რაც მთავარია, რეალურად სვამს ციხეში უდანაშაულო ადამიანებს. კვლავ გთხოვთ: იმოქმედეთ, შეაჩერეთ ეს კაცი, თორემ დღეს ყველას სააკაშვილის საშინელი მმართველობა და ის ტრაგიკული წლები გვახსენდება. საზოგადოების ტოტალური დაშინების მცდელობა მიზანს აღწევს და თქვენი გამონათქვამები, რომ ხელისუფლებას გადაჭარბებულადაც კი უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია,- უკვე გამოცხადებულია სახელმწიფოს მტრობად, სუვერენიტეტის შელახვად, საბოტაჟად, ჯაშუშობად და სამშობლოს ღალატად. ვიმეორებ იმასაც, რომ ამგვარ პროცესებს მხოლოდ ნეგატიური, გამოუსწორებელი და უმძიმესი შედეგები მოსდევს.











კომენტარები