1988 წლიდან გაქრა საბჭოთა ცენზურა, მაგრამ ობიექტური რეალობაა, რომ შედევრებიც გაქრა. რამ გამოიწვია ეს? ამ ყველაფრის გასარკვევად, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ბევრი მწერლისგან და ხელოვნების მოღვაწისგან განსხვავებით, თავისი პოზიცია თამამად დააფიქსირა არაორდინალური აზროვნების ადამიანმა, ესეისტმა მწერალმა ჟაკლინ სირაძემ.
სანამ მასთან ინტერვიუზე გადავიდოდე, მკითხველს ვთავაზობ ჟაკლინ სირაძის მისტიური ბიოგრაფიიდან ამონარიდს, რომელსაც ვკითხულობთ მის წიგნში „მეტაფიზიკური დღიური“:
„მამაჩემი, შალვა სირაძე, მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ორწელიწადნახევარი გაატარა საკონცენტრაციო ბანაკებში. 1945 წელს ამერიკის ჯარებმა გაათავისუფლეს მამა და ჰოსპიტალიზებული იქნა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში. მკურნალობის შემდეგ მუშაობა დაიწყო ბელგიის ცნობილ მაღაროში, მეშახტის პროფესიით. ათი წლის შემდეგ დაგროვილი კაპიტალით ხსნის რესტორანსა და კაფეს (21-ე საუკუნის საქართველოში ჭიათურელი მაღაროელები ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან, რესტორნისა და კაფის გახსნა კი არა, საარსებო მინიმუმს ითხოვენ და საპროტესტო გაფიცვებს აწყობენ. – ნ.ს.) 1955 წელს მამა დედაჩემს ხვდება და ასე დავიბადე მე ბელგიის ქ. ბრიუსელში, მაგრამ მამამ ჩუმად გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. ამ დროს დედაჩემი ჩემი ძმის, ჯემალ სირაძის მოსალოგინებლად იმყოფებოდა ბრიუსელის საავადმყოფოში. მამამ მე და ჩემი და, ნათია სირაძე, მოტყუებით წამოგვიყვანა ინტერნატიდან (ჩვენ ვიმყოფებოდით განსაკუთრებულ ინტერნატში მონაზონი ქალების მეთვალყურეობის ქვეშ). დედა წლების განმავლობაში აგზავნიდა მოთხოვნას შვილების უკან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მას არც არასოდეს მიუღია არანაირი ახსნა-განმარტებითი საბუთი“.
მკითხველმა ჟაკლინ სირაძე სწორედ ამ ფილოსოფიური ესეისტიკით გაიცნო. მისი პირველი წიგნია „მეტაფიზიკური დღიური“. მერე დრამა „ხელოვანის გზა“. ასევე წიგნი „ეთიკის გაკვეთილი – რჩეული ვირთაგვაჭამია“, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის რომან „დათა თუთაშხიას“ მიხედვით არის დაწერილი. ეს არის უაღრესად საინტერესო ესეების კრებული.
„ალიას“ მკითხველს ვთავაზობ ექსკლუზიურ ინტერვიუს ამ ძალზედ საინტერესო მწერალთან, ქალბატონ ჟაკლინ სირაძესთან.
– ქალბატონო ჟაკლინ, პირველად ვინ აღმოაჩინა თქვენში მწერალი?
– უნივერსიტეტში სწავლისას ლიტერატურის შესავალს მიკითხავდა მკვლევარი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა. ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ნიუნბერგის პროცესს ესწრებოდა. მან მოითხოვა, რომ ჩვენ ამოგვერჩია ჩვენი სურვილით საყვარელი მწერალი და მისი ნაწარმოები. მე ავირჩიე თემა ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“. მივაკითხე მას სახლში. ის გმირთა მოედანზე, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდა. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. მახსოვს, როგორი ქარბუქი იყო იმ დღეს. მასთან გაუფრთხილებლად მისვლა დიდ გამბედაობას მოითხოვდა. მან ასე მითხრა, შენ უკვე, როგორც მწერალი, დაიბადეო. ამ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. შენ შენი სამყარო შექმენიო, გაოცებული მიყურებდა. მთელი უნივერსიტეტის აუდიტორიებში გეძებდიო. მას ჰქონდა ფართო ხედვა და დიდი მოაზროვნე იყო. უნივერსიტეტის დერეფნებში რომ გაივლიდა, იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ყველა სტუდენტი თმას ისწორებდა, სიგარეტს გადააგდებდნენ. მის წინაშე უდიდესი მოკრძალება იგრძნობოდა.
– ქალბატონო ჟაკლინ, სიტყვამ მოიტანა და, მწერალი მიხეილ კვესელავა მამაჩემის განუყრელი მეგობარი იყო. როცა მამა უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ის იყო უნივერსიტეტის გაერთიანებული პარტორგანიზაციის მდივანი. მიხეილ კვესელავა მეორე მსოფლიო ომში უნივერსიტეტიდან გაიწვიეს. მამა გვიყვებოდა, რომ როცა ის ომიდან დაბრუნდა, მამა სახლში მიიპატიჟა და აჩვენა ომის დროს დაწერილი უამრავი ხელნაწერი, რომელიც შემდეგ წიგნებად გამოიცა. ის სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა მამაჩემთან.
– ქალბატონო ნანა, ისინი ცდილობდნენ, რომ საბჭოთა პერიოდში თავიანთი რეგალიები გამოეყენებინათ იმისათვის, რათა თავიანთ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის ცენზურა შეესუსტებინათ და ამას ახერხებდნენ კიდეც. რატომ ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველო პატარა ოაზისი იყოო. ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ ცნობილი ხელოვანი ადამიანები, რომ თავისუფლება „შეესუნთქათ“. რატომ ამბობს ნოდარ დუმბაძე, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში პატარა რენესანსი იყოო. კულტურის ყველა დარგში იყო უდიდესი მიღწევები, თუმცა ჩემთვის საბჭოთა კავშირი, როგორც ტოტალიტარული რეჟიმი, მიუღებელი იყო. ასე რომ, ჩემს მწერლად აღიარებაზე მიხეილ კვესელავამ თქვა და მას დიდი მადლიერებით ვიხსენებ ყოველთვის. შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბს მივაკითხე სახლში. იმჟამად მასთან დაპირისპირებული იყო საზოგადოების დიდი ნაწილი, რადგან თაყვანისცემის საგანი იყო და მოშურნეც ბევრი ჰყავდა. მე უკვე დაწერილი მქონდა ნაშრომები რომან „დათა თუთაშხიაზე“, „გორა მბორგალზე“. მან მაჩუქა თავისი წიგნები, სადაც ასეთი სიტყვები წააწერა: „არაორდინალურად მოაზროვნე ადამიანს, გენიალური აზრების გენერატორს“. როცა ჩემი წიგნი „ეთიკის გაკვეთილი – რჩეული ვირთაგვაჭამია“ გადაიკითხა, ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებული დარჩა. ხელები ზეცისკენ აწია, ისეთი თავმდაბალი იყო ეს გენიოსი ადამიანი. როდესაც წავიკითხე მისი, გულაგში დაწერილი წერილები, რომელსაც თავის დას, ნათიას სწერდა, თითქოს თვითონ იყო დათა თუთაშხია. იმას კი არ ფიქრობდა, რომ თვითონ იყო გაუსაძლის პირობებში, გულაგში, თავის დაზე ფიქრობდა და ზრუნავდა ციხიდან, თუ როგორ უნდა გათხოვდეს, როგორ უნდა იცხოვროს, რჩევებს აძლევდა. ეს რომ წავიკითხე, აღფრთოვანებული დავრჩი. საერთოდ, მთელი ცხოვრება მომყვება ეს სიხარული, რომ ჭაბუა ამირეჯიბთან მქონდა ურთიერთობა.
– დღეს თუ აფასებენ სათანადოდ თქვენს შემოქმედებას ლიტერატურული კრიტიკოსები, ცნობილი მწერლები?
– რა თქმა უნდა, ლიტერატურის ინსტიტუტი გამომეხმაურა. ცნობილმა კრიტიკოსმა გურამ ბენაშვილმა და პროფესორმა ნესტან სულავამ მთხოვეს, ორგანიზება გამეკეთებინა. როსტომ ჩხეიძემ, ვანო ამირხანაშვილმა დაბეჭდეს ანოტაციები ჩემს ლიტერატურულ ნაწარმოებებზე. თავის ქება გამომივა, მაგრამ ისინი აღნიშნავენ, რომ ჟაკლინ სირაძე ქართულ ლიტერატურაში შეუდარებელია, როგორც მეტაფიზიკურად მოაზროვნე მწერალი.
– დღევანდელი მწერალთა კავშირი თუ დაინტერესდა თქვენი შემოქმედებით?
– არა! დღევანდელი მწერალთა კავშირი არ შეესაბამება იმ დონეს, რაც უნდა ჰქონდეს.
– თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ხომ ხართ?
– არა.
– რატომ?
– საქართველოს მწერალთა კავშირში, რომლის თავმჯომარე მაყვალა გონაშვილია, რატომ უნდა ვიყო გაწევრიანებული? იქ ღირებულებები გადაფასებულია.
– თანამედროვე ქართული პოეზია როგორია თქვენთვის?
– ქართული პოეზია ერთ დროს უმშვენიერესი და ნელსურნელოვანი ყვავილებით დამშვენებული ბაღი იყო, რომელშიც თავანკარა წყარო მორაკრაკებდა და ფრინველები თავდავიწყებით გალობდნენ, დღეს კი ის მწვანე ფერის დამყაყებული ბლანტწებოვანი ჭაობია, რომლიდანაც ბაყაყების მომაბეზრებელი ყიყინი ჩაგვესმის, თუმცა არსებობენ წმინდა პოეტებიც, მაგრამ ისინი ეპოქის თავზარდამცემ წყვდიადით მოსილ ღამეს განიცდიან. ეპოქა, რომლის გამოც კაცობრიობა, ისტორიისგან და კულტურისგან გადაღლილი, მისგან დროებით უკუიქცა – გავიდა, ანუ „შატალოზე წავიდა“.
– ეროვნული მოძრაობის დასაწყისში თქვენ რა პოზიცია გქონდათ?
– 9 აპრილის უშუალო მონაწილე ვარ. სასწაულად გადავრჩი. ჭყლეტაში მოვყევი. ვიღაც წითელთმიანი ახალგაზრდა რომ არ დამხმარებოდა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. მან ხელი დამტაცა, ფეხსაცმელი გამძვრა და კარგად არ მახსოვს, დილის 4 საათზე უნივერსიტეტთან მიპოვეს ოჯახის წევრებმა. მთელი ცხოვრება მიტინგებზე დავდიოდი. ზვიადის მიტინგებზე თითქოს საქართველოს ხმა ჩამესმოდა. შემდეგ მის მიმართ ცუდი წერილის დაწერა მთხოვეს, მაგრამ მე ამას როგორ გავაკეთებდი. სააკაშვილის მომხრეც ვიყავი, მის მიტინგებზეც დავდიოდი. თითქოს პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მან ჩაიდინა უპატიებელი ცოდვა. ახლა ბოდიში არ შველის. შეცდომა კი არა, მიზანმიმართულად მოქმედებდა ის და მისი გუნდი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. მე, რა თქმა უნდა, არ ვარ მისი ჩამოსვლის მომხრე. ის საშინელი კადრები ყოველთვის თვალწინ მიტრიალებს, როგორ შეიძლება მისი ჩამოსვლა, რამდენი ცრემლი დაიღვარა მისი მმართველობის დროს! ჩვენ პოლიტიკურად დღესაც დაბნეულები ვართ. როდესაც ზვიადი ამბობდა, რომ საქართველოს ებრძოდნენ, მე და ბევრ ადამიანს ეს სწორად არ მიგვაჩნდა, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს ჩვენს გადაყლაპვას. ამიტომ მწერალი ხდება ნიჰილისტი და ის პოლიტიკაში არ ერევა. ბიძინა ივანიშვილს შესანიშნავი საარჩევნო პროგრამა ჰქონდა, მაგრამ მანაც იმედი გაგვიცრუა. პოლიტიკა – ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება.
– ქალბატონო ჟაკლინ, დღეს არ იწერება სოციალური პროტესტის ამსახველი ნაწარმოებები, სადაც მძაფრი კლასობრივი დაპირისპირება იქნება ასახული. რა, კლასობრივად არ არის საზოგადოება დაყოფილი?
– მე მინდა დავწერო ისეთი ნაწარმოები, სადაც დღევანდელი ადამიანის სულიერი მდგომარეობა იქნება ნაჩვენები.
– პრივილეგირებულ მწერლებზე და მსახიობებზე რას იტყვით?
– თუ ნიჭის მიხედვით იქნებიან ადამიანები პრივილეგირებული, ეს ჩემთვის მისაღებია, მაგრამ არ შეიძლება გალაკტიონი უნიჭო პოეტთან გაათანაბრო. დღეს გალაკტიონს მსოფლიო არ იცნობს. ეს ისეთია, თითქოს ბეთხოვენის და მოცარტის მუსიკას არ იცნობდნენ.
– რას ურჩევდით ახალგაზრდობას განათლებასთან დაკავშირებით?
– სამწუხაროა, თუმცა რეალობაა, რომ დღეს ადამიანი ცხოვრობს რაღაც საზარელ, კოშმარის მსგავს ფიქტიურ სამყაროში. გამოიკვეთა ის, რომ დღევანდელ საზოგადოებაში შეინიშნება შეფარული, მაგრამ დაუნდობელი და სასტიკი ამბოხი გონებისა და ნებისყოფის წინააღმდეგ. მე ვურჩევდი ახალგაზრდობას, წიგნისკენ და განათლებისკენ მიბრუნდეს. მაგრამ დღეს, როგორც მთელ მსოფლიოში, წიგნის უარყოფაა. ხდება ინტერნეტში მოძიებული მასალით დაკმაყოფილება. წიგნის გარეშე ვერ იაზროვნებს ადამიანი. ჩემი რჩევაა, ბევრი წიგნი წაიკითხოს დღევანდელმა ახალმა თაობამ.
– ქალბატონო ჟაკლინ, როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას? ქვეყანა წინ არ მიდის. ხელისუფლების ცვლილებებზე ლაპარაკობენ, მაგრამ…
– ჩვენ ტრაგიკულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენს ეპოქაში ყველა ღირებულება ამოყირავებულია და განსაკუთრებით, ქართულ სინამდვილეში. პირველ რიგში, განათლების სისტემა უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ახალგაზრდას განათლების სწორი მიმართულება ექნება, ქვეყანაც განვითარდება. ჩვენს ქვეყანას დღეს განათლებული ადამიანები სჭირდება, მაგრამ ვინ გააკეთებს ამას? ამისთვის სკოლა უნდა აღდგეს, პედაგოგი უნდა დაბრუნდეს. ბრძოლაა საჭირო. გათითოკაცებულ ხალხს სათითაოდ დახოცავენ. ეგვიპტე, როგორც ქვეყანა, დარჩა, მაგრამ ეგვიპტელები არ არსებობენ. ეგვიპტეში დღეს არაბები ცხოვრობენ. ასე მოხდება აქაც, თუ მებრძოლი ავანგარდი არ შეიქმნა. ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ გირჩი ზურაბ ჯაფარიძეები, რომლებიც ახალგაზრდობას ნარკოტიკების სიკეთეებზე ელაპარაკებიან. სახელმწიფოს არაფერს უტოვებენ, სახელმწიფოს თუ არაფერი ექნება, მაშინ ხალხი საბოლოოდ დაიღუპება. ამისთვის გაისროლეს რუსთაველზე ზარბაზანი 1991 წელს, რომ ქართველი ხალხი განადგურებულიყო. ეს უნდოდათ მაგათ. გამოსავალი არის ბრძოლა, სხვა ვარიანტი არ არსებობს.
ნანა სულავა, „ალია“ #33
კომენტარები