ყოფილი პარლამენტარი, გუგული მაღრაძე პატრიარქზე იხსენებს:
„ილია მეორე საქართველოსთვის იყო იმედი და სულიერი საყრდენი. ყველაზე რთულ პერიოდებში საზოგადოებას ჰქონდა რწმენა, რომ პატრიარქი სწორ გზაზე დაგვაყენებდა. მისი ცხოვრება სწორედ ამ იმედის გამართლებად იქცა.
უწმინდესთან დაკავშირებით ყველას თავისი მოგონება აქვს. მეც გავიხსენებ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც მის სიბრძნეს, ადამიანურობას და პროგრესულ ხედვებს კარგად წარმოაჩენს.
90-იანების მძიმე წლებში, როცა ქვეყანაში აგრესია სუფევდა, პატრიარქმა ფსიქოლოგებთან შეხვედრა მოისურვა და განათლების როლზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ, და იკითხა შესაძლებელია თუ არა, სკოლაში ისეთი სწავლება, რომელიც ახალგაზრდებს მოქმედებამდე ფიქრის უნარს განუვითარებს. ის კარგად იცნობდა უზნაძის ფსიქოლოგიას და განათლებას ხედავდა როგორც ტოლერანტი საზოგადოების ფორმირების გზას. პროფესორმა შოთა ნადირაშვილმა ამ შეხვედრაზე გულწრფელად აღნიშნა, რომ მას არასაკმარისად რელიგიურად მიაჩნდა თავი, პატრიარქმა კი უპასუხა: „თუ საქმეს სიკეთით აკეთებთ, ხანდახან ეკლესიაშიც დადიხართ და სანთელს ანთებთ, უფალი დაგლოცავთ.“
მოგვიანებით, 2009 წლის მოვლენების დროს, პატრიარქი ოპოზიციის ქალ ლიდერებს შეგვხვდა და მშვიდობისკენ მოგვიწოდა. ჩვენ საკმაოდ მკაცრ განცხადებებზე კი კეთილად გაგვიღიმა და თქვა: „ნუ იქნებით შეუბრალებლებიო”.
2008 წლის არჩევნებში როცა ვიღებდი მონაწილეობას ჩემი კონკურენტი პატრიარქთან დაახლოვებული პირი გახლდათ. პატრიარქს მისთვის უთქვამს გუგულის შევხვდებიო. ჩემი კონკურენტი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ამ სურვილს, რაზეც პატრიარქს ხუმრობით უთქვამს – არ გინდა შენ კონკურენტებს შევხვდეო?! მოგვიანებით ამ ადამიანმა ეს ეპიზოდი მიამბო, რაზეც გული გამითბა.
ბევრჯერ მქონდა ბედნიერება შევხვედროდი სხვადასხვა საჯარო ადგილებში და დალოცვილი ვყოფილიყავი ამ დიდი ადამიანის მიერ. ეს მცირე ეპიზოდები იმიტომ გავიხსენე, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ როგორი იყო მისი უწმინდესობა.
ვიაროთ მისი გზით! ნათელში იყოს“














კომენტარები