კავკასიის სახლის წევრი, პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,სასიხარულოა, რომ საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს ქართველი ჯარისკაცებისა და პოლიციელების საბინაო უზრუნველყოფაზე.
რა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმის საწინააღმდეგო, რომ ჯარისკაცთა ნაწილის გარდა, ახლა უკვე პოლიციელთა ნაწილიც შეძლებს თბილისში ბინის ხელმისაწვდომ ფასად შეძენას. სახელმწიფოს ჩარევის და სახელმწიფოს მიერ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების წყალიბით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს 1 მ²-ში მხოლოდ 100$ გადახდა მოუწევთ.
ღმერთმა შეარგოს ყველა პატიოსან ძალოვანს ახალი სახლ-კარი. ისინი ხომ იარაღით ხელში, 1500 ლარად ყოველდღიურად სიცოცხლეს დებენ სასწორზე, რათა ქვეყანაში მართლწესრიგი იყოს დაცული (მოდით, ამ წუთას არაფერი ვთქვათ იმ პოლიელებზე, რომლებიც ხშირად კანონის ნაცვლად თავიანთი ბატონების უკანონო ბრძანებებს ემორჩილებიან და სისასტიკეებს სჩადიან).
თუმცა, თქვენს ყურადღებას მაინც მივაპყრობ ერთ პრობლემას !!!
რას გვეუბნება ხელისუფლება მხოლოდ თავდაცვისა და საპოლიციო სფეროებში საბინაო პოლიტიკის გატარებით?
სახლ-კარს იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც იარაღით ხელში ემსახურება მთავრობასა და ხელისუფლებას! სახლ-კარი, თავზე ჭერი მხოლოდ პოლიციელებისა და ჯარისკაცების პროვილეგიაა, დანარჩენებმა ინდივიდუალურად იზრუნონ საკუთარ თავზე და თუ ვერ გაუძლეს საბანკო და სამშენებლო ბიზნესის წნეხს, თავში ქვა უხლიათ…
მასწავლებლები, ექიმები, პატიოსანი საჯარო მოხელეები არ შრომობენ ამ ქვეყნისთვის? არ ხარჯავენ თავის დროსა და ენერგიას ჩვენი სამშობლოსთვის? არ წყდებიან წელში? მათ არ სჭირდებათ თავზე ჭერი…
მე ვოცნებობ ისეთ ხელისუფლებაზე, რომელიც ძალოვანთა გულის მოგების ნაცვლად ადგება და გვეტყვის – ხელმისაწვდომი საცხოვრებელი არ არის მხოლოდ ჯარისკაცების, პოლიციელებისა და სხვების პრივილეგია! ღირსეული საცხოვრებელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს უკლებლივ ყველა ადამიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის!
ცხადია, ამ მიზნის მიღწევა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია.
რამდენიმე წლის წინ შესანიშნავი, არაორიგინალური (მთელ ჩემებურ ევროპაში ასე ხდება) ინიციატივა ჰქონდა მაშინდელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს. იგი მოითხოვდა, რომ საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხებით სახელმწიფოს დაეფინანსებინა ახალი, ხელმისაწვდომი საცხოვრებლების მშენებლობა. ბინები შედარებით იაფი იქნებოდა, ადამიანებს ათწლეულები ექნებოდათ შეღავათიანი საფასურის გადასახდელად და პენსიონერებიც თავის დროზე მიიღებდნენ დაგროვილ თანხას (ყველა დეტალის გაწერა შეიძლებოდა).
ცხადია, ეს გადაწყვეტილება პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრიდა, მაგრამ მხოლოდ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს არ მოჰგვრიდა შვებას, სხვებიც ამოისუნთქავდნენ.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პანიკაში ჩაცვივდნენ. სახელმწიფომ რომ ააშენოს ბინები და თითქმის “თავის ფასში” გაყიდოს, მაშინ რაღა ეშველებათ სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც 1 მ²-ის აშენება 100 ლარი უჯდებათ და ხალხზე 2000$-ად ასაღებენ! (რიცხვები პირობითად დავწერე).
როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში სოციალისტები მოვლენ, საბინაო პოლიტიკაც გვექნება!
კომენტარები