ემზარ კვიციანი, რომელიც მეტრეველების ოჯახთან საცხოვრებლის თაობაზე დავას აგრძელებს, ამბობს, რომ დღეს იქ მოწმეები მიიყვანა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვს. შემთხვევა დოლაბაურის ქუჩაზე მოხდა.
კვიციანი პოლიციითა და სასამართლოთი უკმაყოფილოა:
შტურმის გასაკეთებლად კი არ ვარ მოსული… რა უნდა გააკეთოს პოლიციამ ამ დროს? უნდა გამოაგდოს ის ადამიანი და ციხეში წაიყვნოს. ჩემს შემთხვევაში რატო არ ხდება ასე? მე მაქ დოკუმენტები, რომ ჩემ სახლში არიან შეჭრილი. სასამართლოს დაელოდე, სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს” ამბობს კვიციანი.
ომის ვეტერანის, ომარ მეტრეველის ოჯახიდან, ნინო მეტრეველი “მთავართან” საუბარში ამბობს, კვიციანი დღეს, დაახლოებით 100 ადამიანთან ერთად იყო, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა. მეტრეველები სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვენ:
“ოქმი შეადგინა და დიდი ფერება – მოწიწებით გაუშვა პოლიციამ. 200-ჯერ დავრეკე რეაგირებას არ ახდენდნენ, როცა მოვიდნენ, იმის მაგივრად, რომ ბორკილები დაედოთ და წაეყვანათ…
ეს იყო მიზანმიმართული. სახლში იყვნენ შემოჭრილები. ჯერ 2 პოლიციელი მოვიდა, მერე ვითხოვდი ეკიპაჟების დამატებას, სავარაუდოდ, ემზარ კვიციანს ჰქონდა ინფორმაცია, წინაზეც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, ჩემი ქმარი სახლში არ იმყოფებოდა.
პირდაპირ იძახდა, რატომ არაა, გამოვიდეს, დამჭრას, მე იმდენი კაცი მომიკლია, რას ელოდება პოლიცია, რომ მართლა უბედურება დატრიალდეს?!”, – თქვა ნინო მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა გასული წლის ზაფხულშიც მოხდა. ემზარ კვიციანი ამტკიცებს, რომ სახლი, რომელშიც მეტრეველები ცხოვრობენ, მისია.
კომენტარები