„ალიას“ ესაუბრება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.
– დათო, გიორგი გახარია მოულოდნელად გადადგა პრემიერ–მინისტრის პოსტიდან და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია დაასახელა. გუნდის წევრებთან შეთანხმებას ვერ მივაღწიე, გარანტია ვერ მომცეს, რომ მის დაკავებას საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავება და არასასურველი პროცესების ესკალაცია არ მოჰყვებოდაო. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ ოფისში შესაძლო სისხლის ღვრას მოერიდა, რასაც, შესაძლოა, მართლა მოჰყოლოდა მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება და უმართავი პროცესები. შენ რას ფიქრობ? მართლა ეს იყო გახარიას წასვლის მიზეზი თუ სხვა მიზეზები ჰქონდა და ეს წასვლის საბაბად გამოიყენა? როგორ შეაფასებს პრემიერის ამგვარად წასვლას?
– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი განწყობა გიორგი გახარიას მის მიმართ იყო ძალიან მძიმე და ნეგატიური და არ არის ეს მარტო მედიის თემა. ოპოზიციურად განწყობილი არა მხოლოდ მედიის დევნა ხორციელდება საქართველოში. კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონებსა და სამოქალაქო აქტივისტებსაც სდევნიან. მერე, სააშკარაოდ გამოვიდა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი თემები, რომლებზეც ხვალ თუ ზეგ, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მოუწევს. თუნდაც, რიონის ხეობის თურქეთისთვის, სიმბოლურ ფასად, 99 წლით მიყიდვა. ეს საკითხი ხელისუფლების თავგადაკლულმა მომხრეებმაც ვერ „გააპრავეს“. იმ თურქულ კომპანიას, რომელსაც რიონის ხეობა გადასცეს და რომელმაც გიგანტური ჰესი უნდა ააშენოს, კონტრაქტს ვერ შეუწყვეტდა გახარია. ეს კონტრაქტი თავად გაუფორმა. ხელისუფლების სახელით ამას ვერ გააკეთებდა. ამიტომ, წასვლით ხალხის წინაშე ერთგვარად ჩამოირეცხა სახე, წავიდა და ეს კონტრაქტი დატოვა ძალაში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თურქული ამოცანები მიზანმიმართულად ხორციელდება საქართველოში ხელისუფლების ხელშეწყობით. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ჩადებული აქვს მილიონები. თურქეთის სტრატეგიულ ამოცანებში შედის მარნეულის სამხედრო აეროდრომის გარემონტება და მოწყობა. მარნეული დასახლებულია მულტი–რელიგიური საზოგადოებით. მათ შორის, იქ ძლიერია მუსულმანური გავლენები და ამ აეროპორტის მწყობრში ჩადგომით, თურქეთს სურს, იქ გააძლიეროს სამხედრო–სტრატეგიული პუნქტი. აეროპორტი კი იქნება ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რეალურად, ადგილზე იქნება თურქული წარმომადგენლობა, რომელიც თურქეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმებს რუსეთთან მიმართებაში და კავკასიური უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც თურქეთის გეგმებისა და ინტერესების შესატყვისი იქნება. ეს არის ყველაზე საშიში საკითხები, რომლებიც დღეს ქართველი ერის წინაშე დგას და რომლებზედაც გახარია ვერასოდეს პასუხს ვერ გასცემდა და პასუხისმგებელია დღემდე მთელ ხელისუფლებასთან ერთად. შიდა სახელისუფლებო ომში, რამაც გახარია პოსტიდან გადააყენა თუ იძულებული გახდა წასულიყო, ეს მიზეზები გახლავთ. რაც შეეხება ნიკა მელიას. მისი დაჭერა დღეს არ შეიძლება, ამას გულახდილად გეუბნებით. ამ ამბავმა მიიღო დღეს ოპოზიციის გაერთიანების სახე. ეს არ არის მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ეს უფრო „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, მისი უმაქნისობის შედეგია, რომელმაც მოახერხა და გააერთიანა ყველა ოპოზიციური ძალა. მერე ამას მისცა ოპოზიციური იერი და დღეს დემოკრატიის მოსპობა, რომელიც ლამის ნიკა მელიაზე გადის, არ არის ნიკა მელიას მონაპოვარი. ეს არის „ქართული ოცნებიდან“ გამოსული საქმე და დაპირისპირება ქართულ ინტერესებთან. ამ თამაშში, ამ მოცემულობაში, სადაც ქართველი ერი არის ღარიბი და მარტო, ყველაფრის ასე გადაწყვეტა, მე შენ დაგიჭერ, როდესაც კაცი არის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და არ დაგიჭერია მელია ძველი დანაშაულებებისთვის, არც „ნაცმოძრაობის“ ის ლიდერები, ის ხალხი, რომელთაც უამრავი დანაშული ჩაიდინეს, დანაშაულია. დღეს პოლიტიკურად წყვეტ მის დაკავებას და ეუბნები, მე შენ დაგიჭერ, იმიტომ რომ ასე მინდა და მაინც და მაინც დღეს დაგიჭერ, ასე არ გამოვა. დასაჭერი თუ იყო, ადრე უნდა დაგეჭირა. აი, ეს პროცესი არის დღეს. ამ ყველაფერმა კრებსითობით მოიყარა თავი, დარჩა ძალიან ბევრი პრობლემა, რომელთაც ერთად მოიყარეს თავი და ამ პრობლემების დიდი ნაწილი გახარიას პრემიერობის დროს გაჩნდა. გახარიამ გადაწყვიტა, წავალ და ეს პრობლემები მოგვარდებაო, მაგრამ პრობლემები არ მოგვარდება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ დარჩენილა ხალხის ნდობით. თავის დროზე მოვიდა ხელისუფლებაში გულანთებული პატრიოტების გამოყენებით, რომლებიც მერე მოიშორა, ჩამოიცილა. ის სახეები, ვინც 2016 წლიდან და მას შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხალხის არანაირ ნდობას არ იმსახურებენ. ეს უცნობი სახეები, საზოგადოების ზურგსუკან, კაბინეტებში წყვეტენ ანტიხალხურ საქმეებს, ჯორჯ ორუელს კარგად აქვს დაწერილი „ცხოველების ფერმაში“ – ყველა კანონი ცხოველისთვის ერთია, გარდა ღორებისთვისო. ზუსტად „ქართულ ოცნებაზეა“ ეს დაწერილი.
– გახარიამ რომ ილაპარაკა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე, მის ესკალაციაზე, ეს რამდენად რეალურია?
– ძლიერ და ნორმალურ სახელმწიფოში, სპეცოპერაცია ჰქვია იმას, რომელიც ისე კეთდება, რომ ამის შესახებ არავინ არ იცის და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გაიგოს. სპეცოპერაცია, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, თანაც, ჯერ არც დაწყებულა და სპეცრაზმელებს მიკროფონებით და კამერებით დასდევენ ჟურნალისტები, ეს არის ფსკერი. მე მაგას სპეცოპერაციას ვერ დავარქმევ, რომელიც ვითომ „ნაცმოძრაობის“ ოფისთან იგეგმებოდა თუ დაგეგმილი იყო. ეს იყო დადგმული სცენები, საზოგადოებისთვის ინტერესების გადასატანად, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი ინსცენირება და ინსპირირება,რომლითაც დაიღალა ხალხი და უკვე მე–9 წელია და საზოგადოებისთვის უკეთესი შედეგი არ მოიტანა. ამ კოაბიტირებული მოვლენების მეტი კომენტირება, რაშიც გახვიეს ხალხი და ქართული სახელმწიფო, ჩემგან არასერიოზული იქნება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს და მისი პარტია იქნება იმ მესამე ძალა, რომელსაც ხალხი ამდენ ხანს ელოდება. გახარიამ თუ პარტია შექმნა, ჩემი აზრით, ის მესამე ძალა ვერ იქნება, რომელსაც ხალხი ელის, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ დარჩეს პოლიტიკაში და პარტიაც შექმნას?
– ქვეყანაში სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, არ გამიკვირდება, გახარიამ პარტია შექმნას და მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ძალა იყოს. რეალურად, ამას განვიხილავ ჩარლი ჩაპლინის კომიკური ფილმის სცენარად და ძალაუფლების შენარჩუნების ციებ–ცხელებად. თუ ეს იდეა აქვს, უმჯობესია, თავიდან ამოიგდოს. მთავარია, ხალხის ძალა, თორემ ძალები ბევრია ჩვენში და მათ შორის, არაქართული. თუ შექმნა გახარიამ პარტია და გაჩნდება კითხვა, ვინ დააფინანსებს მის პარტიას, ჩვენ ვიცით, რომ ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პატრონი – ბიძინა ივანიშვილი. საქართველო არ არის ერთი ადამიანის. დამთავრდა! მსოფლიო დემოკრატიულმა საზოგადოებამ დაგმო დიქტატურა, მისი ადგილი აღარ არის დედამიწაზე, ადოლფ ჰიტლერის ერთ–ერთი ფიურერული მოცემულობა დამთავრდა საქართველოში. გახარიას პერსონა არ იყო მარტო ნიკა მელიას პოლიტიკური დევნისკენ მიმართული. პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ვარ მე, პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან დათო მარტიშვილი, ინგლისში კახა ხაჩიძე და კიდევ ბევრნი. გახარია იყო შ.ს. მინისტრი, როდესაც „ქართული ოცნების“ პრეს–სამსახურს „გაუპრავა“ ჩემზე ძალადობა. შემდგომ კიდევ ბევრი უკანონობა, ძალადობა დატრიალდა ჩემს თავს, როდესაც პრემიერი გახარია იყო და იქამდე მივიდა საქმე, საკუთარი თავისუფლებისა და სიცოცხლის, ოჯახის წევრების გადასარჩენად, უცხოეთში მომიწია გადახვეწა. მეყო ჭკუა, არ ავყოლოდი სახელმწიფოს ძალადობაში, სიტყვაც კარგად მიჭრის, ძალაც მერჩის და იარაღის გამოყენებაც კარგად ვიცი, მაგრამ გავერიდე. მოძალადე სახელმწიფოს საქართველოში არ დავუპირისპირდი იმ მეთოდებით, რითიც თვითონ მიპირისპირდებოდნენ, რადგან მათაც ეგ უნდოდათ, დამეკარგა საკუთარ თავზე კონტროლი და თავდაცვის მიზნით, ძალისთვის მიმემართა. მერე ამას ისე გადააკეთებდნენ, რომ მე გამომიყვანდნენ მოძალადედ, თავდამსხმელად, გამომკეტავდნენ ციხეში და ამით გამანეიტრალებდნენ. ამას გამოვექეცი, თორემ ნამდვილად არ მიხარია უცხო ქვეყანაში გაურკვეველ მომავალში, საქართველოს საგარეო დაზვერვის აგენტების პროვოკაციის მუდმივ მოლოდინში ცხოვრება და აქედან განცხადებების კეთება. ასეთ პოზიციაში ბევრ ქართველს უწევს ცხოვრება. გიორგი გახარია არის დამნაშავე, არის კრიმინალი, არის ავტორი სხვა და სხვა სახით პოლიტიკური დევნებისა. არის სისტემა, სადაც ვახტანგ გომელაურია ჩართული და როდესაც ვერ თანხმდებიან პრივატულ ინტერესებზე, მაშინ იწყებენ შიდა ომებს. შიდა ომები ანგრევს სახელმწიფოს. რაც მოუვიდა სააკაშვილს, „ნაცმოძრაობას“, დღეს ის მოსდის „ქართულ ოცნებას“. სახელები და გვარებია შეცვლილი. „ქართული ოცნების“ ხელით კეთდება „ნაცმოძრაობის“ საქმე. თუნდაც, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ავიღოთ, სააკაშვილის დაწყებული საქმე ამ ხელისუფლებამ გააგრძელა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ გვაკლია ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ეროვნული იდეის შესაბამისად მიიღებდა. ის საზოგადოება, ვინც ნამდვილად მოიტანდა ეროვნული სულისკვეთების სახელმწიფოს იდეებს, ან დევნაში ვართ, ან გარიყულები.
დავით ნემსაძის ინტერვიუში ნახსენებ პირებს თუ პრეტენზიები გაუჩნდებათ, დაგვიკავშირდნენ და მათ პოზიციას დავაფიქსირებთ „ალიაში“.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები