ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჩვენ მყარად ვდგავართ. ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას, ვასანქცირებთ „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და მისი დამხმარე კიდევ 150 გემს და აგრეთვე ვზღუდავთ რუსული ბანკების წვდომას ფინანსებთან“, – დაწერა კალასმა.
სანქციების ახალი პაკეტის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა ის ევროპულმა საბჭომ წერილობით ფორმალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ პაკეტი ძალაში შევა.
სანქციების მე-18 პაკეტი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების შავი სიის გაფართოებას, რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება კიდევ რამდენიმე რუსულ ბანკს. ევროკავშირი აგრეთვე დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში.
კომენტარები