წინა კვირას კორონავირუსთან დაკავშირებით „ალიაში“ დაიბეჭდა სკანდალური ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ ჟურნალისტთან და პროფესორთან გიგლა გობეჩიასთან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სატელეფონო ზარები არ წყდება. სტატიაში მოყვანილმა ფაქტებმა განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანები შეძრა. ყველა მათგანი აღნიშნავს ერთ რამეს, თუ არსებობს მეცნიერთა, ბიოლოგთა, ვირუსოლოგთა, სახალხო მკურნალთა ჯგუფები, რომელთაც შეუძლიათ პანდემიასთან გამკლავება და ამ დროს მათ ხელისუფლების წარმომადგენლები და სამედიცინო მაფია ახლოს არ იკარებენ, რა ჰქვია ამას?
„ალიას“ ესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ყოფილი ლექტორი, 81 წლის ლია სიხარულიძე:
– როგორც თქვენი რესპონდენტი, ბატონი გიგლა გობეჩია წერილში ამბობს, მეც იმავე სიტყვებს გავიმეორებ: ეტყობა, არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და არც ქვეყნის პრემიერს გიორგი გახარიას არ აწვდიან ამ ინფორმაციას, თორემ თუ იციან, რომ ამ სტრატეგიულ ნოვაციას შეუძლია მსოფლიო იხსნას პანდემიისგან და ჩუმად არიან, მაშინ ისინი კაცობრიობის წინაშე ჩადიან დიდ დანაშაულს. ამას მხოლოდ ერთი შეფასება ექნება: კორონავირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა და მის გასავრცელებლად მიზანმიმართულად შეარჩიეს ქვეყნები და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც ამ სიაშია. და თუ ეს ასე არ არის, იხმონ ჩვენი მსოფლიო დონის მეცნიერები და ნოვატორები, რომლებსაც აქვთ რესურსი, რომ დაამარცხონ ეს ვირუსი. თუ მათ არ შეხვდება უმაღლესი ხელისუფალი, ხალხი მოვითხოვთ ამას კატეგორიულად. რა გამოდის, სისხლიანმა ჯალათმა სააკაშვილმა ღამე უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში ჩაამწყვდია ქართველი მეცნიერები, ახლა ივანიშვილის რეჟიმს უნდა ჰყავდეს ჩამწყვდეული ჩვენი სახელოვანი მეცნიერები კორონავირუსის საბაბით? ამ ადამიანებმა შექმნეს, ბატონო, კორონავირუსის დასამარცხებელი წამალი და ახლოსაც არ იკარებთ. რა ჰქვია ამას, როდემდე ვუყუროთ და ვისმინოთ თქვენი ტელევიზიებით: „დარჩი სახლში“, სახლში, რა, ჩვენ კარგ დღეში ვართ თქვენი დამსახურებით? ყველა ურთიერთმონაცვლე რეჟიმმა გადაგვიარა, ახლა კი სულ მთლად ბოლო მოგვიღეთ. თქვენ ვერ მასწავლით იმას, კორონავირუსი სასიკვდილო ვირუსია თუ არა, იგი გაცილებით ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირუსია, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ღორისა და ქათმის გრიპი ბევრად რთულია. თუმცა ღორის გრიპიც მკურნალობას ექვემდებარება, დიახ, ღორის გრიპი განკურნებადია, მაგრამ, მაპატიეთ და, ღორის თვისებების მატარებელი ადამიანების განკურნება არ ხდება და ამას ჩვენ 30 წელია ვუყურებთ, რომ ასეთი თვისებების ადამიანებმა ყველაფერი მუცელში ჩაიტენეს. წლებია ვუყურებთ ერთი და იმავე ადამიანების გაუმაძღრობას, რომლებიც ხან ხელისუფლებაში არიან და ხან – ოპოზიციაში, ახლა კი ჩვენი იზოლაცია და სახლებში ჩამწყვდევა გადაწყვიტეს. განსაკუთრებით, 70-80 წელს მიტანებულ ადამიანებს გადაგვეკიდნენ, დაგვდევენ, გარეთ არ გვახედებენ. ერთი აქეთ გამოიხედეთ, თუ იცით, რომ იმუნური სისტემა სწორედ რომ ასეთი ასაკის მქონე ადამიანებს უქვეითდებათ და სუფთა ჰაერზე მათი გასვლა აუცილებელია! იმ დღეს მაქმანიანი ქოლგით და შლიაპით კი არა, შავებში ჩაცმული, სახლთან ახლოს პურის საყიდლად ჩასული, პატრულმა გამაჩერა, თქვენი ასაკის ადამიანი გარეთ რატომ ხართო, რა უნდა მეთქვა, ჩემს ასაკამდე არ მიხვიდე-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი, როგორ დავწყევლიდი, ის ახალგაზრდა დავალებას ასრულებდა, მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, რას აკეთებთ, კორონავირუსის საბაბით გინდათ, რომ სული ამოგვხადოთ? ჩემი კოლეგა ქიმიკოსი „ალიადან“ გეუბნებათ: „მზად ვარ ძალით დავისნებოვნო თავი კორონავირუსით და ჩემს მიერ შემუშავებული მეთოდიკით განვკურნო საკუთარი თავი და მერე სხვებიო“. „ოცნება“, რატომ არ ეძახი ამ ადამიანს? ის მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც სასწაულს ახდენენ, იქნებ იტყუებიან, მაგრამ იცით, რომ არ იტყუებიან, რატომ არ ეძახით ამ ადამიანებს? მაგრამ თქვენ თქვენი მეთოდებით ცდილობთ ხალხის გაცურებას, როგორმე კორონავირუსის მიზეზით არჩევნებამდე გაქაჩოთ. დაგიძველდათ ეს მეთოდები. ნუ იმიზეზებთ ვირუსს, ვიმეორებ, ის განკურნებადია! ტუბერკულიოზით, ამ სოციალური დაავადებით, რამდენი გყავთ დასნებოვნებული ქვეყანაში, ის დაითვალეთ და მერე ილაპარაკეთ კორონავირუსზე. აღდგომის დღეებში შვილმკვდარ დედას ეკლესიაში და საფლავზე მისვლა ამიკრძალეთ! ვიდექი რუსთაველის პროსპექტზე, ქაშუეთის წინ, და თარაშ ემხვარივით ვითვლიდი, რამდენი მანქანა გამოივლიდა წუთში. თარაშ ემხვარს უხაროდა მანქანების დიდი რაოდენობა – ქვეყანა წინ მიდისო, ამბობდა, მე კი, მისგან განსხვავებით, არ მიხაროდა მანქანების დიდი რაოდენობა, რადგან თქვენ მიერ დაწესებული აკრძალვების გამო, მარტო თქვენი ძვირადღირებული საშვიანი მანქანები დაჰქროდა რუსთაველზე გაგანია კაპიტალიზმის პირობებში და კარგად ვხედავდი, ქვეყანა წინ კი არა, უკან და უკან მიდიოდა. სწორედ, რუსთაველის პროსპექტზე ვამჩნევდი კლასობრივ სხვაობას. წინ მარტო მსოფლიო მონოპოლიზაციის პროცესი მიდიოდა და მთავარი დარტყმის ობიექტი განსაკუთრებით ჩვენ აღმოვჩნდით – 70-80 წლის მხცოვანი ადამიანები, კორონავირუსის გასავრცელებლად იმპერიალისტებმა რომ შეგვარჩიეს. ამიტომ მარტივი ლოგიკით ჩვენს სახელოვან მეცნიერებს აღარც ჩვენი მთავრობა და აღარც მსოფლოს ქვეყნების მთავრობები აღარ გაიკარებენ სიახლოვეს. ამას მე, 81 წლის ადამიანი, გეუბნებით. ჩვენ ასაკის და მიუხედავად, ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ პროტესტი და ვფიქრობ ესენი იმდენს იზამენ, რომ ხანდაზმულთა რევოლუციას მიიღებენ. ერთი რამ იცოდეთ, რაც უნდა ჩაგვამწყვდიოთ, ჩვენ ბევრად თავისუფალი აზროვნების ადამიანები ვართ, ვიდრე თქვენ. ამ წუთში ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სიტყვები მახსენდება, ციხის საკნიდან სივრცეში მონავარდე მტრედს რომ ეუბნებოდა: „კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კედლები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალიო“.
„ალიაში“ გიგლა გობეჩიასთან სკანდალურ ინტერვიუს თუ არ წაიკითხავთ, ბატონო ბიძინა, მერაბ კოსტავას სიტყვები მაინც წაიკითხეთ თქვენც და „ოცნების“ მთელმა კოჰორტამ, რათა გაიგონ თავისუფლების ფასი და აზრი, ჯერ თავად განთავისუფლდნენ იმპერიალისტების მონობისგან და მერე ვერც კორონა მოგვერევა და ვერც – გარეშე მტრული ძალები. გარეშე მტრული ძალებისგან რომ არ იმართებოდნენ, ჯალათ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, საზღვარზე გაატარებდნენ და არ დააპატიმრებდნენ? 2012 წელს, როცა ხალხის პროტესტის ტალღა ზენიტში იყო და ყველას იმის მოლოდონი გვქონდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ სისხლიან პრეზიდენტს და მის ხროვას დააპატიმრებდა, ეს ჯალათები თავიანთი ლიდერიანად საზღვარზე გაატარეს. რა პარადოქსია, მაგრამ მერე გამოუტანეს სასჯელი. ახლა ეს ჩვენი პრეზიდენტყოფილი ხან `კრიშიდან~ ჩამოყავდათ, ხან სამარშრუტო ტაქსიდან, ვითომ დაპატიმრების საბაბით და ბოლოს, უკრაინის რეფორმების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. ისე როგორც საქართველომ, არც უკრაინამ არ მოახდინა სააკაშვილის დანაშაულებრივი სამართლიანი შეფასება. მან მარტო საქართველოს კი არ უღალატა, უკრაინასაც და რატომ არ ახსოვთ ეს უკრაინელებს, მე თუ მახსოვს, 81 წლის ქალს, მაგრამ უკრაინელ ხალხს ვინ კითხავს, სააკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს. ასე დაატარებენ ხან ერთი ქვეყნის და ხან მეორე ქვეყნის ასარევად. მალე ვნახავთ, უკრაინაში მისი რეფორმები რა უბედურებასაც მოუტანს უკრაინელ ხალხს, მანამდე კი მათ მინდა შევახსენო ერთი ისტორია, რომელზეც რატომღაც აღარავინ ლაპარაკობს. მხედველობაში არ მაქვს მარტო ის ფაქტი, როცა უკრაინელებისგან იყიდა მილიონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკა და საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ ეს ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა რუსეთს ჩააბარა. ჰოდა, ახლა, სწორედ იმ იარაღით და სამხედრო ტექნიკით ხოცავენ რუსი ოკუპანტები უკრაინელებს. ეს ფაქტი არაფერია იმასთან შედარებით, ომის დროს სააკაშვილი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საკუთარი პიარის გასაკეთებლად რომ ჩავიდა და გაგანია ომის დროს ვიდეომასალაში სპეციალურად გამოაჩინა მარიუპოლის დაცვის საბრძოლო რუკა. ამით რუს სეპარატისტებს აჩვენა, თუ სად ჰქონდა უკრაინის ჯარს პოზიციები და სად იყო განლაგებული, რაც პირდაპირ ქვეყნის ღალატი იყო. ჰოდა, ამისთანა მოღალატეს როგორ უნდა ენდოს უკრაინელი ხალხი? მაგრამ უკრაინელ ხალხს, როგორც ვთქვი, არავინ ჰკითხავს სააკაშვილის დანიშვნას. ასე იმართებოდა ტირანი შევარდნაძე გარეშე ძალებისგან და ის იყო ავტორი ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებისა და ხუნტის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა, როდესაც ტირანია ებრძოდა ქართველ ხალხს და ართმევდა მომავალს, ჩვენ მაშინ წაგვართვეს მომავალი და წართმეულ მომავალს ახლა ხან კორონას აბრალებენ და ხან – სხვა რამეს. ასეთი ისტორიით მოვიდა ქვეყანა ოლიგარქიის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე. 30 წელია, ყველა ხელისუფლებამ თავად უღალატა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და ტირანიის სამსახურში ეწეოდნენ უკანონო და უსამართლო რეპრესიებს. ახლა კორონავირუსის საბაბით ეწევიან უსამართლო რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ, თვითონ მილიარდებს აკეთებენ, ხალხს კი 200 ლარიან დახმარებაზე ელაპარაკებიან, იმასაც ყველას არ აძლევენ.
– ქალბატონო ლია, კაპიტალიზმის რესტავრაცია რომ არ მომხდარიყო, პირადად თქვენ ამისთვის რა გააკეთეთ? თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, ნიკიტა ხრუშჩოვმა რომ განაცხადა, კაპიტალიზმის აღდგენა შეუძლებელიაო.
– რა თქმა უნდა, არასდროს მჯეროდა ხრუშჩოვის სიტყვების. ვიცოდი, კაპიტალიზმის რესტავრაცია მოხდებოდა, რომ შევარდნაძისნაირი ფსევდოკომუნისტები, რომლებიც ხან კომუნისტები იყვნენ და ხან – დემოკრატები, მოიტანდნენ კაპიტალისტურ სისტემას და ხალხის ჩაგვრის ხარჯზე გაამდიდრებდნენ თავიანთ ახლობლობით შერჩეულ პირებს. მე ეროვნული მოძრაობის გვერდით ვიყავი და ამ მოძრაობის ლიდერები, ზვიადი და მერაბი მოსპეს, იმიტომ, რომ შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმები ყოფილიყო. იქნებ, მართლა „დავბერდი“ და არ მესმის მისი პოლიტიკის, მას ნუ ავიწყდება, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქართველი ერის წინაშე, განსაკუთრებით, სამეცნიერო-ტექნიკური ინტელიგენციის წინაშე. მე შევეცადე, თქვენი გაზეთის საშუალებით ჩემი გულწრფელი საუბარი მკითხველთან უშუალო კონტაქტით ამეგო, არ ვიცი, ეს რამდენად შევძელი. მოუსმინონ ხალხის აზრს და იმ სახელოვან მეცნიერებს, რომ ქვეყანა გადარჩეს.
– ქალბატონო ლია, რომელ პოლიტიკურ ძალას ანდობდით თქვენს სიცოცხლეს?
– მე ვისაც ვანდობდი ყველა ქართველის სიცოცხლეს, ასეთები იყვნენ ზვიადი და მერაბი, რომლებიც სწორედ გარედან მართულმა ძალებმა მოაშორეს ქვეყანას. ჩემი ყველაზე საუკეთესო წლები, როგორც მეცნიერის, შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმებმა თან წაიყოლეს. ახლა კი, ბებერი ხარ და სახლში იყავიო, მეუბნებიან. ასე რომ, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ვანდობ დარჩენილ სიცოცხლეს, რადგან არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩვენს ინტერესს დაიცავს. უფალს შევთხოვ, გადაარჩინოს საქართველო და ქვეყანას ღირსეული ხელისუფალი მოუვლინოს.
ნანა სულავა
ალია №15
კომენტარები