“ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.
ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.
ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები