ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
ცეცხლის შეწყვეტა 2 კვირით მნიშვნელოვანი ამოსუნთქვაა უმთავრესად გლობალური ეკონომიკისთვის, რაც სერიოზულად ტვირთად იქცეოდა უკვე პრეზიდენტ ტრამპისთვის. ცხადია, როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია, ისე ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის რეჟიმი ამ პაუზას საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადებდა, თუმცა, რეალურად რასაც ვკითხულობთ, ჯერჯერობით არაფერია შეთანხმებული, გარდა იმისა რომ ირანის დაბომბვა შეწყდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება უპირობოდ! გულწრფელად რომ გითხრათ, გარეგნულად არცერთ მხარეს ეტყობა რამე, რომ მეორეს მოთხოვნებს დათანხმდეს. ასე რომ 2 კვირის მერე რა იქნება ალაჰმა უწყის. ისიც უნდა ითქვას, რომ დრო პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ არ მუშაობს. მოლაპარაკებისას თუ აშშ-მ არ მიაღწია (ჩემი აზრით, ნაკლებ სავარუდოა რომ მიაღწიოს): ბირთვული პროგრამის შეჩერებას (60%-მდე გამდიდრებული ურანის გატანა, ატომური სააგენტოს დამკვირვებლების დაშვება და ა.შ.), სარაკეტო პროგრამის რაოდენობრივ და შესაძლებლობების (სიშორეს ვგულისხმობ პირველ რიგში) შეზღუდვა/შეწყვეტას და რეგიონში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტას, ტრამპს არაფერი დარჩება, გარდა სამხედრო ოპერაციის გაგრძელების და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა. ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, ძალიან მაღალი ალბათობით, დემოკრატები აიღებენ კონგრესს და შესაძლოა სენატსაც და სრულიად სხვა პროცესები წავა აშშ-ში. ეს ჩემზე ათასჯერ უკეთ იცის თავად ტრამპმაც და რესპუბლიკურმა პარტიამაც. ასე რომ ბევრი ოფცია არ რჩება ტრამპს.
ასევე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ტრამპმა ირანს სანქციები მოუხსნას ზემოჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს მაინც არშესრულების პირობებში. კომპენსაცია ხომ საერთოდ იუმორის ჟანრიდანაა, ვიდრე ფანტასტიკის.
მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამოიშალა, რევოლუციის გუშაგთა რეჟიმი მაინც მნიშვნელოვნად დასუსტდა და თუ ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდა, მომავალში ისევ იქნება ეკონომიკურ და სოციალურ ნიადაგზე პროტესტი. ასევე, ფაქტია, რომ მოჯთაბა ჰამენეი არ ჩანს. სულ უფრო მეტი ცნობებია, რომ ის უგონოდაა და უმოქმედო. რამდენს გაქაჩავს რეპუტაცია და ჯანმრთელობა შერყეული აიათოლა, ისევე როგორც გუშაგთა რეჟიმი, რთული სათქმელია.
არსებულ ვითარებაში ისრაელმა წაუგებელი ითამაშა. თუ ომი შეწყდა, შედეგი ისრაელისთვის იქნება, რომ კიდევ უფრო დასუსტებული, ჰაერში დაუცველი ირანი შერჩება. დროთა განმავლობაში, თუ არაფერი შეთანხმდა, ისრაელს ახალი დარტყმების განხორციელებაც არ მოერიდება. ამასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნების დამოკიდებულება ირანის მიმართ კიდევ უფრო გამწვავდება და გაუარესდება, რაც ისრაელისთვის ნამდვილად კარგია.
ვნახოთ. საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნამდვილად ნაადრევია. მითუმეტეს, როდესაც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია!
აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ სპარსული ცივილიზაციის განადგურების მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ სრულად და უპირობოდ ვუჭერ მხარს ირანში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტული რეჟიმის ჩამოშლას!
პ.ს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პუტინის ბეღელის მოსუქებული თაგვი (სავარაუდოდ ასე უწოდა საკუთარ თავს პუტლერთან საუბრისას ორბანმა) ამ კვირას გადაინაცვლებს ნოვო ოგარიოვოს სარდაფებში და უნგრეთი მიიღებს ღირსეულ, პატრიოტ, ახალგაზრდა ლიდერს და მთავრობას. განსხვავებით პრემიერ მინისტრ ფაშინიანის საარჩევნო კამპანიისგან, მაინც არ მგონია, რომ ორბანს უშველოს ბოლო წუთას ჯეი დი ვენსის მობილურზე ლაუდსპიკერით პრეზიდენტ ტრამპთან დალაპარაკებამ.
















კომენტარები