„ალიას“ ესაუბრება „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, საფრანგეთში მცხოვრები პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.
– დათო, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ გეტყვიო, საუბრის დაწყებამდე მითხარი. რა დეტალია?
– ჩვენი ხელისუფლებისა და „ნამახვანჰესის“ მშენებარე თურქულ კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა მამისონის უღელტეხილთან მიმავალი სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული სიმაღლე. ეს სიმაღლე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია და ის თურქებს გადასცეს 99 წლით. ეს უკვე ენერგოჰესის მშენებლობის თემას სცილდება. სამხედრო–სტრატეგული დანიშნულების ქვეყნის პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, თურქეთისთვის დათმობა, ეს არის დიდი დანაშული. „ენკა“ არის თურქული დაზვერვის ერთ–ერთი ელემენტი, დაზვერვის საფარი. მოგეხსენება, თურქეთი და რუსეთი როგორ დაპირისპირებაში არიან. როდესაც შენს სახელმწიფო საზღვართან არსებულ ტერიტორიას თურქეთს გადასცემ, იმ სახელმწიფოს, რომელიც კონფლიქტით დაინტერესებულია, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს შემთხვევითი მოვლენა ნამდვილად არ არის, არანაირი გამართლება არ გააჩნია. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სახელმწიფო ღალატის ტოლფასი ქმედება და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა შედგეს საჯარო კონსენსუსი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
– სამხედრო–სტრატეგული სიმაღლის გადაცემა თურქეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია და ამ საქმის გამოძიებაში სუს–ი უნდა ჩაერთოს.
– მაშინ მე დავსმავ ასეთ შეკითხვებს: სად იყო აქამდე სუს–ი? რატომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა ის რისკები, რომელიც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მომავალში მოჰყვეს? დარწმუნებულნი არიან, რომ იმ სტრატეგიულ სიმაღლესთან, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვართან მდებარეობს, პროვოკაციას არ მოაწყობს რუსეთის დაზვერვის ელემენტი, კომპანია „ენკა“? ფაქტიურად, თურქეთმა 99 წლით მოახდინა ამ სიმაღლის ოკუპირება. ეს ისეთი საკითხია, რომელიც შესაძლოა, ხელახალი კონფლიქტის საფუძველი გახდეს ჩვენსა და რუსეთს შორის. გვაქვს ამის სურვილი და რუსეთთან ახალი კონფლიქტის თავი? ეს თემა მარტო ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას არ ეხება. გაცილებით მძიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე. უმჯობესია, ეს დროულად ვამცნოთ საზოგადოებას და ამის გამო, პასუხი მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ეს არის კოლექტიური ხასიათის ღალატი, სადაც კონკრეტული უწყებები იყვნენ ჩართულნი. ეს არის ნაღმი, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და როდის აფეთქდება, რა სავალო შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არავინ იცის. დამიჯერეთ, ამ გეოპოლიტიკურ არეალში, რუსეთს შეუძლია წამოაყენოს პრეტენზიები ჩვენს მიმართ. რუსეთი არის სამხედრო–პოლიტიკური ხასიათის სახელმწიფო და თავის საზღვრებთან, სტრატეგიული მოწინააღმდეგეების მიახლოებას არ შეეგუება. მე თუ ვიცი, რომ „ენკა“ თურქეთის დაზვერვის ელემენტია, რუსეთის სპეცსამსახურებს ეს არ ეცოდინებათ? ამ შემთხვევაში დაზარალებული მხარე, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენ შეიძლება ვიყოთ.
– დავუშვათ, მომავალში რუსეთ–თურქეთს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. მამისონის უღელტეხილთან თურქეთისთვის ამ სიმაღლის გადაცემამ რა კონკრეტული უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს?
– სიმართლე გითხრა, არარეალურად მიმაჩნია რუსეთ–თურქეთს შორის პირდაპირი ხასიათის საბრძოლო მოქმედებები. თანამედროვე ომების გაგებით, ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. მათი დაპირისპირება, შესაძლოა, მოხდეს მეორე და მესამე ხარისხოვანი ქვეყნების ტერიტორიებზე. როგორიც არის სირია და საქართველო. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთი და თურქეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფაქტი ერთია, ჩვენი პრობლემების გამო, თურქეთთან ომს არავინ დაიწყებს. ჩვენ ვაძლევთ თურქეთს იმის საშუალებას, რომ გამოგვიყენოს ჩვენი ეროვნული პოტენციალით, ჩვენი ბუნებით, ჩვენი ენერგეტიკით რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთთან კონფლიქტი გვქონდა, ომი გვქონდა და დღესაც გვაქვს უამრავი პრობლემები მათთან ურთიერთობაში და ნამდვილად არ გვაძლევს ხელს რუსეთთან დაპირისპირება. თურქეთი, რომელსაც აქვს თავისი სტრატეგული ინტერესები რეგიონში, ჩვენ განგვიხილავს ბერკეტად რუსეთის წინააღმდეგ. თურქეთი არის რელიგიათ მებრძოლი იდეის მატარებელი სახელმწიფო, რასაც ჰქვია აზავეტიზმი. თურქეთი მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოში ქართულ სარწმუნოებას, ებრძვის და აყალბებს საქართველოს ისტორიას. კონკრეტულ ფაქტს მოგიყვანთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ხრესილის ბრძოლაში, რომელიც 1757 წელს გაიმართა, იმერეთის მეფემ, სოლომონ პირველმა, თურქთა დიდ ლაშქარს სძლია. ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, ტყიბულში, ხრესილის ველზე, აღიმართა მონუმენტი და მასზე ეწერა, რომ 1757 წელს, სოლომონ პირველის სარდლობით, ქართველებმა დაამარცხეს თურქეთი დამპყრობლის ლაშქარი. ამ მონუმენტზე, შეცვალეს ეს წარწერა, ამოიღეს „თურქი დამპყრობელი“ და შეცვალეს სიტყვა „მტრით“. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ასეთი დირექტივა ჰქონდა თურქეთის ელჩს საქართველოში, თურქეთის მხარეს და ეს ქვეყნის გამყიდველი ჩვენი ხელისუფლებაც, მათ დაემორჩილა. ეს ჩვენი ერისა და ისტორიის შეურაცხყოფაა. წინა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს ისტორიის თურქეთის სასარგებლოდ გაყალბება და დღევანდელიც წარმატებით აგრძელებს. ხალხს, მეტადრე ახალ თაობას, უმალავენ, თურქეთი საქართველოს დაუძინებელი მტერი რომ იყო და ჩვენს ქვეყანას, მასთან უამრავი ბრძოლა აქვს გადახდილი. უმალავენ, რომ ოსმალოებმა არაერთხელ ააოხრეს და ააწიოკეს საქართველო და ძირძველი ქართული მიწები ომით მიიტაცეს. ასეთიც წამიკითხავს და მომისმენია, რომ თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარიაო, როდესაც თურქეთთან უკანასკნელი ბრძოლა ზუსტად ერთ საუკუნის წინ გვქონდა – 1921 წელს. ცხადია, ეს თურქეთის დაზვერვის გეგმის ნაწილია, რომ ჩვენი ისტორიული მტრობის, რაც შეიძლება, მეტი ფაქტი მოსპონ, გააყალბონ და ჩვენ ახალგაზრდებს, რეალური ისტორიის მაგივრად, ცნობიერებაში უმკვიდრებენ გაყალბებულ ისტორიას და ფაქტებს, ოპერატიულ ლეგენდას, რომლის თანახმადაც, თურქეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთის სპეცსამსახურებს ამ გეგმის განხორციელებაში წარმატებით ეხმარება ჩვენი ხელისუფლება. ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონეტი სასურსათო უსაფრთხოებაა. საქართველოში საერთოდ დანგრეულია წარმოება და ცხადია, გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, სასურსათო პროდუქციის წარმოებაც არ გაგვაჩნია. ჩვენი სასურსათო ბაზარი, თითქმის მთლიანად აქვს ოკუპირებული თურქულ კომპანიებს, თურქულ პროდუქციებს. ამ პროცესსაც თურქული დაზვერვა აკონტროლებს. პირველ რიგში, თურქებმა საქართველოში გაანადგურეს ჩაის კულტურა და წარმოება, ჩაის პლანტაციები და დღეს, ჩაის საკრეფად, აჭარიდან, გურიიდან თურქეთში მიდიან ქართველები, რომ იქ უმძიმესი შრომით, ორი კაპიკი იშოვნონ. ჩაის წარმოებას საქართველოში 170 წლის ისტორია აქვს. რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე მეორემ ერეკლე მეფეს რომ აჩუქა სამოვარი, იმ პერიოდში ჩაეყარა საქართველოში საფუძველი ჩაის კულტურას. გასული საუკუნის 80–იან წლებში, 77 000 ჰექტარზე იყო გაშენებული ჩაის პლანტაციები და მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ჩაით და ჩვენ რაც გვჭირდებოდა, იმდენი გვრჩებოდა. დღეს კი, ქართულ ჩაის ბაზარზე, თურქული ჩაია მონოპოლისტი. ეს პროცესი 90–იანი წლებიდან დაიწყო თურქეთის დაზვერვის პატრონაჟით, ფული გადაუხადეს ქართველ ჩინოვნიკებს, რომ გაეკაფათ ჩაის პლანტაციები და შემდეგ, თურქულ ჩაის გაეხსნა გზა ქართულ ბაზარზე. არადა, ჩაის წარმოება რომ შეგვენარჩუნებინა, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გავიტანდით, ჩაის მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ვიქნებოდით.
– ჩაის გარდა, ბევრ თურქულ დაბალხარისხიან პროდუქტს არ მიაქვს ჩვენი სასურსათო ბაზარი?!
– კი, ერთი უბედურებაა, ქართული ბაზარი რომ გაივსო თურქული პროდუქციით და მეორე ის არის, სასურსათო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მართლა ნაგავი შემოდის თურქეთიდან და ამ პროდუქტით კვება იწვევს ონკოლოგიურ და სხვა სახის დაავადებებს. ჩვენ ვუსაღებთ თურქებს გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე აკრძალულია დიდი ხანია და იქ ვერ შეაქვთ. ამაზე ხმას არ იღებენ ქართველი პოლიტიკოსები და რაშია საქმე? ვერ ხედავენ, რა ხდება? ყველაფრის ნებას ვაძლევთ თურქეთს და ხმას არავინ იღებს. ამის გარდა, თბილისში, მთელი აღმაშენებლის გამზირი თურქების ხელშია. მათ ბუნაგებში, რომლებსაც ბარებს, ჩაიხანებსა და ჩილიმ ბარებს ეძახიან, რეალურად პროსტიტუციით შოულობენ ფულს, მიჰყავთ ქართველი გოგონები, მათ შორის არასრულწლოვანები და ამუშავებენ. ასევე, ეს ბუნაგებია ნარკოტიკების გასაღების საშუალება. ნარკობიზნესს რომ ებრძვიან ვითომ, აგერ, შუა თბილისში ჰყავთ თურქი ნარკორეალიზატორები და მიხედონ იმათ. გარდა მაგისა, თურქეთის დაზვერვის საფარია ყველა ასეთი ბუნაგი, ყველა მათგანი თურქული სპეცსამსახურების ოფისებია. ჩვენმა უშიშროებამ ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ნება არ აქვთ ამ ყველაფრის განეიტრალებისა. ეს დიდი პრობლემაა. სამაგიეროდ, ამის თქმა და მხილებაა დანაშაული, რომ გამოხვიდე და რუსეთს და მის ხელისუფლებას 24 საათი აგინო, ეს არაფერია. თურქეთის დანაშაულებრივ საქმიანობაზე საქართველოში კი კრინტი არ უნდა დაძრა. კი, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთთან 2008 წელს ომი გვქონდა, გასაგებია. როდესაც შენ აფასებ წინააღმდეგობის ზონას, არ შეიძლება მეტი და ნაკლები გყავდეს, მოწინააღმდეგე არის მოწინააღმდეგე. როგორ შეიძლება, ერთი გყავდეს პირობით საზღვართან დაყენებული და მეორე, დედაქალაქის გულში შემოშვებული და აძლევ ყველაფრის უფლებას. მოწინააღმდეგე თუ არის, ყველასთვის უნდა იყოს ერთი პოლიტიკა. ეს არის ეროვნული პოლიტიკა. მე ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, თურქეთს ორი ტერიტორია ჰქონდეს ოკუპირებული ნებისმიერი მეზობლის მიერ და არ გამართოს დიალოგები ოკუპანტ ქვეყანასთან, არ ეცადოს ამ დიალოგებით პრობლების მოგვარებას.
თურქეთის „პარტნიორობა“ და „მეგობრობა“ ჩვენს მიმართ იქიდანაც ჩანს, რასაც აფხაზეთში აკეთებენ. აფხაზეთში თურქეთს აქვს სტრატეგიული ინტერესები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს არალეგალური, ე. წ. მუჰაჯირული თემიდან გამომდინარე, „თურქული კლანი“ აფხაზეთის ტერიტორიაზე მართავს თავის ინტერესებს. დღეს თუ აფხაზეთიდან ვინმეს მოუნდება თურქეთის მოქალაქეობის მიღება, უპრობლემოდ მისცემენ. ეს უკვე გახსნილი თემაა. თურქეთი უკვე ოფიციალურ დონეზე ცდილობს, აფხაზეთში გავლენების გაძლიერებას, სურს აფხაზეთში ოფიციალურად ჰყავდეს წარმომადგენელი, ეძებს დასაყრდენ ძალას ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯი. 100 000 თურქული პასპორტი რომ შეიტანეს აფხაზეთში გემით, დაურიგეს ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობას, ეს უკვე გითხარით ადრე. საჭირო, მისთვის ხელსაყრელ მომენტში, თურქეთი თავის სტრატეგიულ გეგმებს განახორციელებს. არც სამხედრო ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს, აფზახეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით და აფხაზეთში უკვე თურქეთის 100 ათასზე მეტი მოქალაქეა. ამ და სხვა ფაქტებს მალავს ჩვენი უშიშროება, რადგან თურქეთი ნატო–ს წევრიაო. უარესს გეტყვით. ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში, დღეს თურქეთის საკონსულოა გახსნილი. თურქი რომ ყოფილიყო ლავრენტი ბერია, თურქეთში ვინმე დაგითმობდა მის სახლს, რომ საკონსულო გაგეხსნა? შევხედოთ ფიგურალურად ამ ყველაფერს. თურქეთი ცდილობს, მიითვისოს ქართული ისტორიული მემკვიდრეობები და ეს მარტო ლავრენტი ბერიას სახლს არ ეხება. ეს მოიწევს ნელ–ნელა და ცდილობენ, გაგვანადგურონ. თურქეთმა დიდი ხანია წამოიწყო ეს რელიგიური ომი. აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთა და და როდესაც იქ მუსულმანური რელიგიური რიტუალი ტარდება, მართლმადიდებლურ ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, შავი ფარდებით ფარავენ. სულ ახლახან, ხორას მამათა მონასტერი, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს, მეჩეთად გადააკეთეს. ეს მიზანმიმართული შეტევაა, იმპერიალისტური გეგმაა მართლმადიდებლური სამყაროს წინააღმდეგ მიმართული. ეს რა თქმა უნდა არის მინიშნება იმისა, რომ თქვენ, მართლმადიდებლებს, უახლოეს მომავალში მოგაქცევთ ათათურქის იდეების ქვეშ. ეს არის დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის. თურქეთის ამ აგრესიას, ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ და ვხდებით მათი იდეოლოგიის მსხვერპლნი. დღეს ქართველ პოლიტიკოსს ვერ შეუგნია, რომ თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგე და არ შეიძლება მისთვის კარის ასე ფართოდ გახსნა მხოლოდ იმიტომ, რომ ნატო–ს წევრია.
– დათო, წეღან რუსეთთან მოლაპარაკება ახსენე და რა პერსპექტივას ხედავ, თუ შედგა ეს მოლაპარაკებები?
– სამწუხაროდ, ჩვენთან ტაბუ ადევს, რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება რუსეთის ჩართულობით, დიალოგის წარმოება რუსეთთან ერთად, დანაშაულია. რუსეთთან დიალოგის დაწყება დეოკუპაციის საკითხებზე აუცილებელიცაა და გარდაუვალიცაა. სხვა საშუალება ჩვენ დეოკუპაციისთვის არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვართ დიდი და ძლიერი სახელმწიფო, არ გვყავს ძლიერი არმია, აქ გვაქვს სათანადო შეიარაღება, არ გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები… ჩვენ ვერც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ვერ გავუწევთ ძალით წინააღმდეგობას. დიალოგი და დიპლომატია უალტერნატივოა. ვინც დღეს ამბობს, რომ დიალოგი არ უნდა გვქონდეს რუსეთთან, ის ჩვენი ქვეყნის პირდაპირი მტერი და მოღალატეა. შესაძლოა, რუსეთთან დიალოგში ყოველთვის ვერ ვიყოთ გამარჯვებული და ყველაფერში ვერ მივაღწიოთ თანხმობას, მაგრამ საკუთარი ეროვნული ინტერესების მისაღწევად დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. რუსეთთან დიალოგის დაწყებას, უპირველესად ხელს უშლის თურქეთი. თურქული დაზვერვა ყველანაირად უშლის ხელს რუსეთ–საქართველოს დიალოგის დაწყებას. ამ მიმართულებით თუ რაიმე პოზიტივი გაჩნდა, თურქეთი მაშინვე სპობს საქართველოში. თურქეთი საქართველოში ძალიან დიდ ფულს იხდის ანტირუსულ პროპაგანდაში, მე ვიტყოდი, რუსოფობიის გაძლიერებაში. აქტიურად და ეფექტურად იყენებს რუსეთ–საქართველოს შორის მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს. ამას ჩვენი სიყვარულით არ აკეთებს. ამას იმიტომ აკეთებს, რომ თურქეთის იმპერიალისტურ ინტერესებში შედის. რუსეთი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა თურქეთისა და არაერთხელ უომიათ ერთმანეთთან, ამ ომების უმრავლესობა თურქეთს წაგებული აქვს. კარგად გავიხსენოთ, როდის და როგორ დავიბრუნეთ ბათუმი და ყარსის ხელშეკრულებაც. ბათუმში რომ ჩახვიდე, ვეღარ გაარჩევ, თურქეთია თუ საქართველო. წარმოგიდგენია, რა მოხდება, ვინმე რომ გამოვიდეს და თქვას, რომ არ მოსწონს ბათუმის მეჩეთი და უნდა გადაკეთდეს მაცხოვრის სახელობის ტაძრად? რას იზამს ამაზე თურქეთის რესპუბლიკა? სპეცსამსახურების მეშვეობით, ისეთი ძალების მობილიზებას გააკეთებს, რომ ქვეყანაში ააგორებს ტიპიურ ანარქიას, რომელსაც ვერ ქართული ჯარი გაუმკლავდება და ვერც ქართული სპეცსამსახურები. ერთადერთი, რისიც თურქეთს ეშინია და ჩვენს ტერიტორიებს ვერ იკავებს ძალით, ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ამისა, არის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც რუსეთს საქართველო აღქმული აქვს, როგორც თურქეთს შორის ბუფერულ საზღვრად. თურქეთი ვერ ბედავს ამ ბუფერის დარღვევას, იცის, რომ ამ ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობაში მოვა და ავტომატურად მიიღებს პასუხს რუსეთისგან. თუმცა, თურქეთი იბრძვის ამ ბუფერული ზონისთვის და ამას არ მალავს. ამას აკეთებს მისი მხარდამჭერების გაძლიერებით საქართველოში. აქ ძირითადად ეყრდნობა რადიკალური ისლამის მიმდევრებს, ეძებს ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ტერორისტულ საქმიანობაში. მუსულმანური იდეის ქვეშ, რომელიც მოიაზრებს რადიკალური ისლამის ელემენტებს, აფინანსებს მათ ჩვენს ტერიტორიაზე. საჭიროების შემთხვევაში აქცევს დესტრუქციულ ძალებად ე.წ. პოლიტიკოსების, თინა ხიდაშელისა და მისი დაჯგუფების წყალობით, რის შესახებაც „ალიაში“ ვრცლად ვისაუბრე. ასევე, მკითხველს შევახსენებ, „ალიაში“ ერთხელ უკვე ნათქვამს, ამჯერად ახალი დეტალებით. მარნეულის აეროდრომის რეაბილიტაცია მთლიანად თურქეთის დაფინანსებით კეთდება, ეს იქნება ერთობლივი, ქართულ–თურქული სამხედრო–საავიაციო ბაზა, და მასზე სრული კონტროლი ექნება თურქეთს. გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოსა თურქეთს შორის და ამის საფუძველზე, ამ ბაზაზე უნდა განთავსდეს რადიოლოკაციური სადგურები, საზღვრისპირა და მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო ზონებში მფრინავი აეროდინამიური საშუალებების მიზნების შესახებ, ინფორმაცია მიეწოდება თურქეთს ეს არის ჩვენთვის არასახარბიელო საქმე. მოგეხსენებათ, საქართველოში ნებისმიერ ასეთ სტრატეგიულ პროექტს, რუსეთი საფრთხედ აღიქვამს და ამით ვაღიზიანებთ რუსეთს ფედერაციას. ამ დროს არ გაგვაჩნია დაცვის არანაირი ბარიერი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაკავებლად. თურქეთი არ არის ის სახელმწიფო, რომ ნებისმიერ ფორმატში ჩვენი დამხმარე იყოს აგრესიის შემთხვევაში. საქართველოში უნდა აშენდეს სამხედრო ბაზებიც და ჰესებიც, მაგრამ ეს უნდა იყოს ქართული ფულით და ქართული ინტერესების შესატყვისი და არა ისე, რომ ნატო–ს სახელით შემოიყვანო თურქეთი შენს ქვეყანაში და გაატარებინო მისი ინტერესები. მით უფრო, ხშირ შემთხვევაში, თურქეთს ნატო–სგან განსხვავებული პოლიტიკური და სამხედრო გეგმები და მიზნები აქვს. ეს გამოვლინდა თურქეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაში, ტექნიკის თავსებადობის შევსებაში. საზენიტო–სარაკეტო ტექნიკა იყიდა თურქეთმა რუსეთისგან და ის ვერც ნატო–დან გარიცხეს და ვერაფერი უქნეს. თურქეთი ავტონომიურად უდგება სამხედრო ხასიათის საკითხებს. ვინ არ ფიქრობს და ვინ არ იაზრებს ამ ყველაფერს, როდესაც თურქეთი ასე შემოჰყავთ ჩვენს სამშობლოში, არ ვიცი. ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშული და ამის გამო კონკრეტულ ადამიანებს ხელისუფლებიდან პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ამ ყველაფერს რომ წაუყრუონ, გაჩუმდნენ ჩვენი პოლიტიკოსები, ამისთვის ბევრს იხდიან თურქეთის სპეცსამსახურები.
– შენ „ნამახვანჰესის“, რიონის ხეობის გამო კონკრეტული მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისა და წმინდა სინოდის წევრთა დუმილი გააპროტესტე სოციალურ ქსელში.
– მოღალატე ქართველებმა რიონის ხეობა მიჰყიდეს თურქებს, თურქი „ინვესტორი“ ლანძღავს რიონის ხეობის დამცველებს, ნამახვანში ჯვარი მოგვინგრიეს თურქებმა და ამაზე ხმა არ უნდა ამოიღოს წმინდა სინოდმა? ერთადერთმა, ცაგერისა და ლენტეხის ყოფილმა მიტროპოლიტმა, ამჟამად ჭყონდიდის ეპარქიის გამგებელმა, მეუფე სტეფანემ გააპროტესტა ეს ფაქტი. სწორედ ამის გამო, იძიეს მასზე შური. თავს დაესხნენ ჩვენი ტელევიზიები და ათასი სისულელე დასწამეს ამ სამშობლოს მოყვარულ მეუფეს. მე ხელს ვადებ, რომ „მთავარი არხის“ გამოყენებით, თურქული ფულით, ის ავანტიურა, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდა, თურქეთის სპეცსამსახურებმა მოაწყეს. მას არ აპატიეს რიონის ხეობის დამცველების, ქართული საზოგადოებისა და მრევლის მხარდაჭერა. ხმას არ იღებს ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი. არც წმინდა სინოდის სხვა წევრები იღებენ ხმას. მეტი რაღა უნდა მოხდეს? თურქებმა ჯვარი წაბილწეს და მოგლიჯეს. რატომ სდუმან? არ ვიცი. ეს, ალბათ, თურქეთის საელჩოში უნდა ვიკითხოთ. ჩემი აზრით, წმინდა სინოდის ის წევრები, მეუფე იოანეს ჩათვლით, ვინც ხმას არ იღებს თურქების ამ თავხედობაზე, ისინი არიან საქართველოში თურქეთის დაზვერვის ელემენტის „ენკას“ ინტერესების გამტარებლები. ეს არის მოღალატეობრივი დუმილი, ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
– ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას როგორ შეაფასებ? ბევრს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ მოძრაობად იქცევა და სამომავლოდ, ხელისუფლების ალტერნატივაც გახდება.
– პირდაპირ გეტყვით, რომ ამ აქციას ორგანიზატორთა შორის ჰყავდა ისეთი ადამიანები, რომელთაც უამრავ ადამიანს არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება. ერთ–ერთი პიროვნება გახლავთ აკაკი საღინაძე, რომელიც მიზანმიმართულად უწევდა დისკრედიტაციას მეუფე სტეფანეს, კაცს, რომელმაც მთელ საპატრიარქოს გადააბიჯა და დაიცვა მრევლი და რიონის ხეობის დამცველები. გესმის? ეს აკაკი საღინაძე გამოვიდა სიტყვით და ვინც გიგანტურ ჰესებს ებრძვის მთელი ცხოვრება, ის ხალხი არ მიუშვეს მიკროფონთან. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა და ამას არ დავმალავ, იმ აქციის ორგანიზატორთა მიმართ ბევრი პრეტენზიები არსებობს. თურქულ მხარეს ამ ჯგუფში ჰყავს თავიანთი ხალხი. ზოგი დაშინებულია, რომ არ აიკიდოს ჰომოფობისა და ქსენოფობის იარლიყი. ბევრი იმ ჯგუფიდან ეპირფერება თურქეთის სახელმწიფოს. შენ წარმოგიდგენია, რა ხდება? ბევრი იძახის, რომ ეს აპოლიტიკური მოძრაობაა. ასე არ არის. იკვეთება გარკვეულ პირთა ინტერესი და გავლენა ამ ჯგუფზე. მე ყველას მოვუწოდებ, რომ ის ხალხი, ვინც იქ დგას, არავის პოლიტიკური სიმპათიების გამო არ არის მისული. არავინ გვჭირდება ჩვენ ღმერთად, კერპად და ლიდერად. კონკრეტული ინტერესი არის საქართველოს დეოკუპაცია მტრული ძალებისგან. ამ შემთხვევაში მტრობაა „ნამახვანჰესის“ აშენება. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების გამო. ხალხს გამოსვლა უნდა ქუჩაში და ეძებს მოტივს. ამ ხალხს არ უნდა იყოს „ნაცი“ ან „ქოცი“ და არც სხვა პარტიები უნდათ. ქართველ ხალხს უნდა იყოს ქართველი ხალხი. ზოგიერთებს შეარგოს ემიგრანტების ფული, ეყოთ ეს ყველაფერი და გამოვიდნენ შეთხზული როლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტყვი, ვინ და რამდენი „მოტეხა“ და შეჭამა ემიგრანტებისგან გამოგზავნილი ფულიდან. ნუ ცდილობენ ამ საზოგადოებრივი და ეროვნული კრების კერძო ჯიბეში გატარებას. ეს არის ზოგადი ლაპარაკი, კონკრეტულად არავის ვეხები და ნუ მაიძულებენ დეტალებზე ვილაპარაკო. ამას არ ვაკეთებ ერთადერთი მოტივით – საზოგადოებაში არ გაჩნდეს ნიჰილიზმი და არ მოხდეს ამხელა ეროვნული სულის დისკრედიტაცია. ეს არ ნიშნავს, რომ იმ ძალების შესახებ, რომლებიც აკეთებენ ამხელა იდეის „პრიხვატიზაციას“, ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

კომენტარები