ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ევროკომისია 12 პუნქტის 6 თვეში შესრულებას აღარ გვთხოვს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოსაპოვებლად, 2023 წლის ბოლოს განვიხილავთ საქართველოს საკითხსო. ამით ვინ დარჩა მოგებული?
– მოგებული დარჩა ხელისუფლება, არავინ არ დააჩქარებს, იმ 12 პუნქტის საჩქაროდ შესრულებას. ევროკომისიამაც იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ 12 პუნქტის 6 თვეში შესრულება. მარტო სასამართლოს რეფორმირება აიღე, მაგას წლები სჭირდება. ხომ აღმოჩნდა, რომ წულუკიანის რეფორმის ტალღები ბლეფი იყო. ამას „ოცნება“ არ აღიარებს ცოცხალი თავით, ეს გამორიცხულია. პირიქით, ამბობენ, რომ ევროპული დონის სასამართლო გვაქვსო. ევროპელებმა რა გადაწყვიტეს, ახლა – ჩვენთვის ევროკანდიდატის სტატუსზე საერთოდ უარი რომ ეთქვათ, არ გამოდიოდა. იმათ ურჩევნიათ, საქართველო სულ ჩანგალზე ჰყავდეთ. ხედავენ, ხელისუფლების პრორუსულ განწყობას, ხედავენ სხვა და სხვა ჯგუფები ჩადიან რუსეთში და საქართველოს ნეიტრალიტეტზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. ფიქრობენ, რუსეთისკენ არ შებრუნდეს საქართველოო და ევროკავშირში გაწევრიანების იმედს გვიტოვებენ, როგორც ნატო-ში. როდის იყო ნატო-ს ბუქარესტის სამიტი, 2004 წელს და მაშინ თქვეს, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრიო. კი, ეს ჩანაწერი ძალაშია, მაგრამ არ მიგვიღეს, ფაქტია. ჩვენ კიდევ, იმ რეფორმებს არ ვანხორციელებთ, რის სანაცვლოდაც ევროკავშირსა და ნატო-ში უნდ მიგვიღონ. ახლა, უცხოელები არ ჩამოვლენ და ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებენ.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს. დახლოებით, 5 წლის წინ, მოლდოვამ ევროკავშირთან დადო საზღვრების დაცვის ხელშეკრულება. ევროკავშირის 100 მესაზღვრე, ოფიცერი დადგება მოლდოვას საზღვრებზე, მათ შორის, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის ჯარი დგას. მესაზღვრეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. პოლონელები, ჩეხები, რუმინელები,იტალიელები, ბელგიელები, ლიტველები, ესტონელები, გერმანელები… ახლა რუსეთმა დნესტრისპირეთში დადგენილი დე ფაქტო საზღვრის ერთი მეტრით გადაწევა რომ მოინდომეს, ჯერ ევროკავშირის მანდატის მქონე მესაზღვრეებს უნდა გადაუაროს. ესვრიან რუსები მათ? ეს ევროკავშირთან ომის დაწყებას ნიშნავს. ჩვენთან რომ იძახიან, არაფერს ნიშნავს და არაფერს იძლევა ევროკანდიდატის სტატუსიო. აი, თუ არ ნიშნავს. უკვე მიიღო რაღაც მნიშვნელოვანი მოლდოვამ – ამ ქვეყნის საზღვრის ევროკავშირი იცავს. გორში, საოკუპაციო ზონაში რომ მდგარიყვნენ ევროკავშირის მანდატით ევროპელი მესაზღვრეები, რამხელა ამბავი იქნებოდა? ერთ მეტრს ვეღარ გადმოსწევდნენ რუსები ამ დე ფაქტო საზღვარს და „მცოცავი ოკუპაცია“ შეჩერდებოდა. რუსები ვერ გაბედავდნენ ევროკავშირის მესაზღვრეებთან სამხედრო დაპირისპირებას. აი, ეს შესაძლებლობა უკვე დავკარგეთ და დანარჩენი გზა და გზა გამოჩნდება.
– ბატონო სოსო, საქართველოს ნეიტრალიტეტს რომ ითხოვენ ზოგიერთები, იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში, ჯერ მეზობელ სახელმწიფოებთან უნდა გაარკვიო ურთიერთობა – არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან არ უნდა გქონდეს ტერიტორიული პრეტენზია და არც მათ უნდა ჰქონდეთ შენთან იგივე პრეტენზია, საზღვრებიც დადგენილი უნდა გქონდეს მეზობლებთან. ვითომ არ იციან?
– კი, ბატონო, მართალი ხარ, ეგრეა. კარგი, დავუშვათ და აზერბაიჯანთან მოვაგვარეთ დავით გარეჯის პრობლემა და საზღვარიც გავავლეთ. რუსეთს რას ვუშვრებით? ეგენიც ხომ მეზობლები არიან? რუსეთთან საომარ მდგომრეობაში ვიმყოფებით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომელიც არაფერს არ ნიშნავს 2008 წლის ომის მერე ზავიც კი არ დაგვიდია. რუსეთთან მარტო 200 კილომეტრი საზღვაო საზღვარი გვაქვს დასადგენი, სახმელეთო საზღვარზე არაფერს ვამბობ. მარტო ამ საზღვაო საზღვრის დადგენას წლები სჭირდება. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ რას უშვრება ის ხალხი, ვისაც ნეიტრალიტეტი უნდა? რუსეთს უტოვებენ? თუ ორივე რეგიონს გვიბრუნებს რუსეთი? ჯერ ეს გაარკვიონ და მერე ილაპარაკონ ნეიტრალიტეტზე. საერთოდ, დღეს, ამ გლობალიზაციის ხანაში, ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი სისულელეა. მით უფრო, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისგან. რუსეთი ნებით არაფერს დაგვიბრუნებს და დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციაა. პარალელურად, რუსეთის დასუსტება, რაც გარდაუვალია ახლო მომავალში. აგერ, შვედეთმა ორსაუკუნენახევრიანი ნეიტრალიტეტი დაარღვია და ნატო-ში შედის, ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ისიც ნატო-ში შედის. მორჩა ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყნების დრო. შვეიცარიაღა დარჩა ნეიტრალური, მაგრამ რეალურად სამხედრო-მიუმხრობელი ქვეყანა აღარ არის, უკრაინას იარაღით და იარაღის შესაძენად ფინანსურად დაეხმარა. არ გამიკვირდება, შვეიცარიამ ერთ დღესაც ნატო-ში დურთოს თავი. აგერ, ავსტრალია ავიღოთ, სად მდებარეობს და სახმელეთო მეზობელი არ ჰყავს საერთოდ, კონტინენტია. ავსტრალია ნატო-ს წევრიც არის და კიდევ სხვა ორი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსისაც. დღეს ნეიტრალიტეტი სისულელეზე უარესია. ნატო არსებობს, ევროკავშირის ქვეყნები ნატო-ს წევრები არიან, მაგრამ ევროკავშირი ცალკე აპირებს სამხედრო ბლოკის შექმნას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ბრძოლისუნარიანი გახდეს, საჭირო დროს. აი, ამ ფონზე როდესაც ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობ, აზრზე არ ხარ, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ რუსეთის ნდობა აღარ შეიძლება. ევროპა, ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი არ ენდობიან. აგერ, ჩინეთმა უგანა უკრაინასთან ომში, ყაზახეთმა უგანა, რომლის ხელისუფლებაც რუსეთის ჯარმა რამდენიმე თვის წინ სამხედრო გადატრიალებას გადაარჩინა. სომხებიც მიხვდნენ, რომ რუსებთან ალიანსით ბევრი წააგეს, აზერბაიჯანთან არც ერთ ომში არ დაეხმარნენ და ფაქტიურად, ომით დაიბრუნა აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი. მალე ნახავ, სომხები ხელისუფლებას შეცვლიან და რუსეთისგან დისტანცირებას დაიწყებენ. აზერბაიჯანი აღარ იხედება რუსეთისკენ. ჩვენ რა, ბრიყვები ვართ, ამ დროს რუსეთს ვენდოთ და ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ? ვინც დღეს ნეიტრალიტეტს მოითხოვს, ის აპელირებს 100 წლის წინანდელი მსოფლიოს მდგომარეობით.
კომენტარები