ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური დემეტრე და ზვიად გამსახურდიების ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ძალიან საინტერესო ამბები მინდა მოგიყვეთ დღეს ამ ყმაწვილებზე.
დაუძლეველ სევდას მგვრიან საქართველოდან უცხოეთში საემიგრაციოდ მოტივირებული თანამემამულენი; ჩემი უჭკვიანესი სტუდენტებიდან 10-დან 9-ის მიერ მიღებული უცხოეთში ცხოვრების გადაწყვეტილება; საკუთარ ქმარშვილთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლად ქცეული ემიგრანტი ქალბატონები…
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტვინების ამგვარმა გადინებამ, ზოგჯერ ეკონომიკური ემიგრაციის, ზოგჯერ კი გადარჩენის მიგრაციის მიზეზით, შეიძლება ნელ-ნელა ეროვნული თვითდაცლის პროცესამდე მიგვიყვანოს; მითუმეტეს, რომ უცხოეთში წარმატება დღეს ერთგვარ სოციალური სტატუსად იქცა, ზოგისთვის – სისტემაზე ინდივიდუალურ ,,გამარჯვებადაც” კი აღიქმება, რაც ემიგრაციის რომანტიზებას იწვევს…
უკეთესი მომავლის ძიება არამცთუ ნაკლი, არამედ ურთულესი გამოწვევების გაბედულად მიღება, ნიჭი და სიმამაცეა.
მაგრამ… ვერაფერს ვუხერხებ შეგრძნებას, თითქოს შვილი განსაცდელში ჩავარდნილ დედას ტოვებს და გალაღებულ, კეთილდღეობით დადინჯებულ, “უკეთეს დედასთან” გარბის მისაკედლებლად, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილი მას მიუძღვნას, მაშინ, როცა ნამდვილი მშობელი ზურგშექცეული რჩება…
ჰოდა, დღეს სიხარულით მინდა გიამბოთ იმ იშვიათ, დღესდღეობით სრულიად არაპოპულარულ, მაგრამ ბევრი ჩვენთაგანისთვის ჟრუანტელისმომგვრელ ფენომენზე, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნაში გაზრდილი, დავაჟკაცებული და წარმატებული ადამიანის საკუთარ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება ჰქვია.
არ მიწყინო, დემეტრე, უნდა გაგთქვა – რაც მეტად გადიოდა დრო, მით უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, ვერ ვხდებოდი, რა მემართებოდაო – გამენდო. მერე…მერე სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და… უცებ დალაგდა ყველაფერი, დამშვიდდა და თითქოს თავის ადგილზე დადგაო…
ზოგჯერ მოვლენას არ სჭირდება სიტყვებით ახსნა, ზოგჯერ არსებობს ძალა, რომელსაც უბრალოდ გრძნობ; ხმა, რომელიც უბრალოდ გესმის, ფესვების, მიწის, ქვეყნის, გენში ჩაბუდებული სამშობლოს სიყვარულის ხმა… და, როდესაც ეს ხმა მოგწვდება, დიახ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. და… შენც მშვიდად ბრუნდები სახლში…
ახალგაზრდა კაცის მიერ შვეიცარულ კომფორტსა და კეთილდღეობაზე წინ ისტორიული სამშობლოს დაყენება, მხოლოდ ცხოვრების არჩევანი არ არის, ეს იდენტობის არჩევანია.
წარსულში შვეიცარელი ქართველი – დემეტრე გამსახურდია – დღეს უკვე საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომელი და სამშობლოსთვის სასარგებლო არაერთი საერთაშორისო პროექტის სულის ჩამდგმელია.
საქართველოს ხშირი სტუმარი გახდა ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია უმცროსიც- ასევე შვეიცარიაში დაბადებული და გაზრდილი; მუსიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და იქაც ქართული საქმის მკეთებელი. ბრწყინვალედ თარგმნა და ევროპაში გამოაქვეყნა დიდი ბაბუის შედევრი – ,,დიონისოს ღიმილი” და უკვე ამთავრებს ნოველების – ,,ზარები გრიგალში” და ,,ფოტოგრაფი” – თარგმნას. ამავდროულად, არის არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორი და თითქმის დასრულებული აქვს სადისერტაციო ნაშრომი ფილოსოფიაში. თუმცა, მისი მრავალმხრივი ნიჭი აქ არ მთავრდება – ჯერ კიდევ 2013 წელს, სრულიად ახალგაზრდას, გადაღებული აქვს შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სისასტიკისა და ძალადობის წინააღმდეგ, რომლის რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისა და მუსიკის ავტორი თავადაა…
მისი ყველაზე გამორჩეული თვისება, მაინც, ალბათ, ის შინაგანი კულტურა, თავმდაბლობა, კეთილშობილება და სულიერი სიფაქიზეა, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტ ინტელიგენტად აქცევს; მშვიდად და უხმაუროდ რომ აგრძელებს იმ დიდ კულტურულ ტრადიციას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მისი დიდი ბაბუაა. ამით კი გვახსენებს, რომ ნამდვილი კულტურა სიღრმისეულია და არა ხმაურიანი; რომ ის მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არა, მომავლის იმედიცაა და პასუხისმგებლობაც.
სწორედ ამ ყმაწვილების წყალობით გამსახურდიების გვარი მხოლოდ ისტორია არ არის, ის დიდი კონსტანტინეს მიერ ,,სულიერ არისტოკრატიად” წოდებული კულტურის უწყვეტი ხაზია.
პ.ს. აფერუმ, თქვენს გამზრდელთ, ბიჭებო”















კომენტარები