დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარის, ზაქრო გვიშიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მშობლები დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავენ და აპირებენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვონ.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით დაავადებული 100 – მდე ბავშვია. სახელმწიფო არ დგამს ნაბიჯებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მშობლებმა ჩავატარეთ აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე წერილით რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და ვითხოვეთ შეხვედრა, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია.
დღეს, 15:00 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოვითხოვთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან შეხვედრა არ ჩაინიშნა, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა”,- ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები