ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიგო არჩევნები, გამოვლენ „ნაცები“ და სხვა ლიბერასტები და იტყვიან, გაყალბდა არჩევნებიო. გააყალბებენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც იტყვიან. მერე ხალხის გამოყვანას ეცდებიან და გამოიყვანენ კიდეც, მაგრამ რამდენიც არ უნდა გამოიყვანონ, მაინც არაფერი გამოუვათ. ჩვენ, ის ხალხი გამოვალთ, ვისაც ეს ქვეყანა მართლა გვიყვარს და არც ერთ ომში და გაჭირვებაში არ მიგვიტოვებია. გამოვალთ და დავიფრენთ ამ ლიბერასტებს. თუმცა, მაგათაც ეგ უნდათ. მაგათ სურთ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან, რადგან ამით ქვეყანას დავანგრევთ. 2 ოქტომბრის შემდეგ, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, შესაძლოა, ეს დიდხანს გაგრძელდეს და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუმცა, მაგათ არაფერს დავუთმობთ და „ნაცები“ და მაგათი ანასხლეტები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან. ეს არის ქართველი ხალხის განაჩენი და ხალხი აღასრულებს ამ განაჩენს.
– „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ წერილზე რას იტყვი?
– დადებითად შევაფასებ ამ ფაქტს, რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებელია. კი, ოკუპანტია, მაგრამ ბევრი გვაქვს ერთმანეთში გასარკვევი, პირველ რიგში, დეოკუპაციის საკითხი. ახლა მე და შენ ვერ წავალთ რუსეთში მოსალაპარაკებლად, არც სტატუსი გვაქვს, არც კონტაქტები იქაურ პოლიტიკურ წრეებთან და არც გვიცნობენ. „პატრიოტთა ალიანსი“ კი საპარლამენტო პარტია იყო, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში აქვთ კარგი ურთიერთობები, არაერთხელ ჩასულან და შეხვედრიან იქაურ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ჩავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში, შეხვდნენ, ვისთან შეხვედრასაც საჭიროდ ჩათვლიან და ვნახოთ, რა გამოვა ამ მოლაპარაკებიდან. გამოვა რაიმე საჩვენოდ? კარგი იქნება. თუ არადა, დაიხურონ ქუდი და წამოვიდნენ. გვეცოდინება მაინც, რომ ამ ეტაპზე არ ღირს რუსეთთან დიალოგის დაწყება. თან, არ დაგავიწყდეს, „პატრიოტთა ალიანსს“ ბევრი უჭერს მხარს. შესაძლოა, არჩევნებში მათი მხარდამჭერები არ არიან ყველანი, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საკითხში გვერდში უდგანან. რამდენადაც ვიცი, ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მიიღო ეს წერილი და გადასცა პუტინს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მზაობა გამოთქვა კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებაზე – სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა, საჰაერო ფრენების აღდგენა, სავიზო რეჟიმის მოხსნის განხილვა… ეგრე იწყება მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მერე და მერე გადადიან სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთმანეთს ვეომეთ ბოლოს და ბოლოს და ჯერ 13 წელია გასული მხოლოდ. მეც მინდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნონ პირველსავე მოლაპარაკებაზე, მაგრამ ასე არ ხდება, ეს ყველამ ვიცით. ამ ფონზე, ჩვენი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე გამოდის და დიდი სიამაყით აცხადებს, რომ ამერიკისგან დამატებით, რამდენიმე ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, „ჯაველინი“ ვიყიდეთო. რუსეთის დაზვერვამ ისედაც იცის, რა იარაღს და ვისგან ვყიდულობთ და ნუ ყვირიხარ, რა, რუსეთს ნუ აღიზიანებ. უცებ არ შეაშინო მაგ „ჯაველინებით“, სარაკეტო და ატომური ჯარები ჰყავს რუსეთს. თან, ეს „ჯაველინები“ ძალიან ძვირად ვიყიდეთ ადრე, ახლაც ძვირად მოგვყიდეს და რა არის აქ სატრაბახო? ვის აშინებ? რუსეთს? საიდან მოიყვანეს ასეთი შეუფერებელი თავდაცვის მინისტრი, ფინანსისტი იყო მთელი ცხოვრება, სამხედრო ფორმა და ჩექმა არ სცმია და რა უნდა ამ პოსტზე? უამრავი ღირსეული გენერალი გვყავს და რომელიმე დანიშნონ მინისტრად. ასეთი იდიოტი თავდაცვის მინისტრი არ გვყოლია. შს ყოფილი მინისტრი, ლექსო ჭიკაიძე ხომ იყო „თალიბანი“ და ეს არის „თალიბანი–2“. ისე, დღევანდელი ვითარება 2008 წლის ომის წინა პერიოდს მაგონებს. მაშინ მაკკეინმა და მისმა ჯგუფმა სააკაშვილი გააგიჟეს, მერე ამას მოჰყვა რუსეთის წვრთნები კავკასიაში, მერე ჩვენი ხელისუფლების მკაცრი რიტორიკა რუსეთის მიმართ და ბოლოს, სააკაშვილი შევარდა ჯარით ცხინვალში. ორი კვირის მერე, ბათუმში ჩამოვიდნენ გემით ამერიკელი სამხედროები, ჩამოგვიტანეს ნუგეში, წყალი და პამპერსები, მეტი არაფერი. ამ დროს ჩვენ დავკარგეთ ახალგორი, ცხინვალის მიმდებარე არა ერთი სოფელი, კოდორის ხეობა, 60 000 ადამიანი ლტოლვილად იქცა, მსხვერპლი გვქონდა ჯარშიც და მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ახლაც, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აგიჟებს ამ „ნაცებს“ და ლიბერასტებს, რუსეთის გინების მეტს არაფერს აკეთებენ, ამერიკელებთან ერთად, ჩვენი ჯარები საზღვაო წვრთნებში მონაწილეობენ, ამით რუსებს აღიზიანებენ. სიტუაცია იძაბება. ამ ცეცხლს წყალს ასხამს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. ისინი ერთ ხმაში ლაპარაკობენ „ნაცებთან“. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისევ ომი ატყდეს. მთელი კავკასია, ინგუშების გარდა ჩვენ შეგვებრძოლება, ამას შემოჰყვება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჯარები“ და შავ დღეში ჩავვარდებით. პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, გაიქცევა ქვეყნიდან, როგორც 2008 წელს გაიქცნენ და ხალხს შეატოვებენ მტერს. დადექი მერე და ცარიელი ხელებით მოიგერიე. რუსეთი არ არის უკან დამხევი, თუ მიზეზი მიეცა – 2008 წლის ომს მოგვანატრებს. ვფიქრობ, ეს იგრძნეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან–მოურავმა და მათი წერილი, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ დაძაბული ვითარების განმუხტვის მცდელობა და პრევენციული ღონისძიებაც არის, რუსეთს უთხრეს, მოვრჩეთ დაპირისპირებას და დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. ამ ხელისუფლებას მოვუწოდებ, ცოტა ლოგიკურად, ჭკვიანურად იმოქმედონ. არ წამოეგონ პროვოკაციებს.
კომენტარები