“სიუჟეტი, თითქოს ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ” – ნათქვამია, ყოფილი პარლამენტარის ლევან გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი, თითქოს მე ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ, ყოფილი პარლამენტარი ლევან გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და მათ სახლში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები – 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.
ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.
ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარს გადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
კომენტარები