ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში კომპანია ენკას ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავდნენ. აქტივისტებმა ენკას ოფისის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტითაც დალუქეს.
როგორც ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რიონის ხეობის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მისივე თქმით, შაბათს არის დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მედიაციით, რომელსაც ორგანიზატორები დაესწრებიან.
გოლეთიანი:
“გადაკეტილი გვაქვს ყველა გზა, პრაქტიკულად 6 გზაზეა საუბარი. პოლიცია გვემუქრება და გვეუბნება, რომ ჩვენს თანამონაწილეებს სხვადასხვა ლოკაციებზე აყრიან და დაიჭერენ. ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ, დაიგეგმება შემდეგი დიდი აქცია და დაიწყება ისეთი პროცესი, რომელიც არავის არ გვინდა ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ იყვნენ ადეკვატურები პროცესის მიმართ. უნდა შეწყდეს რეპრესიები და პოლიციამ რიონის ხეობა დატოვოს.
შაბათს მივიღებთ მონაწილეობას ევროკავშირის მედიაციით მიერ გამართულ შეხვედრაში. თუ პირობები შესრულდება ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ დიალოგის გზით დავამტკიცოთ, რატომ არ არ უნდა აშენდეს კონკრეტულად ეს ჰესი. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დავბლოკავთ ამ ადგილს, ვერ გადაინაცვლებენ ვერსად, ვერ იქირავებენ ვერც ერთ შენობას. პრაქტიკულად გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ”
კომენტარები