შეერთებული შტატების მიერ 7 იანვარს, ატლანტის ოკეანეში, დაკავებული ტანკერის BELLA 1-ის [Marinera] კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” დაუდასტურეს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაციას მეზღვაურებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ტანკერზე, სავარაუდოდ, კიდევ 5 ქართველი იმყოფება.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, დაკავებული ტანკერის კაპიტანი 47 წლის ავთანდილ კალანდაძეა – მეზღვაური ბათუმიდან. მას 7 იანვრის შემდეგ ვერავინ უკავშირდება.
- 7 იანვარს, აშშ-ის მაღალჩინოსნები იტყობინებოდნენ ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ. მათ სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი.
- ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული რა ეტაპზეა გამოძიება და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
ტანკერის დაკავების შემდეგ რუსული სამთავრობო არხები წერდა, რომ ხომალდის ბორტზე დაკავებულ 28 პირს შორის 20 უკრაინის, 6 საქართველოს და 2 რუსეთის მოქალაქეა.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი 7 იანვარს დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო “ბლოკადა” სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.














კომენტარები