“ჩვენ გვახსოვს თემირლანი!” – ამ სახელწოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 4 წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა. გამოძიება, ისე შეწყდა, რომ ოჯახს კითხვებზე პასუხები არ აქვს.
“ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ იყო, ეს იყო მთელი ქვეყნის ტრაგედია. როდესაც ჩვენ 19 წლის ახალგაზრდას გვიკლავენ. ეს არის მთლიანად ერის ტრაგედია. ჩვენ მოვედით და შევახსენეთ ეს იმ უწყებას, რომელმაც შეიწირა ახალგაზრდა თემირლანის სიცოცხლე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სამართალი აქ ვერ ვიპოვეთ საზოგადოებამ და ოჯახმა. სისტემა, რომელმაც ეს გააკეთა, თავის თავს რა თქმა უნდა, არ ამხელს ამ უმძიმეს დანაშაულში. ევროპის სასამართლო იხილავს უკვე ამ საქმეს და იმედს ვიტოვებთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ლევან მერებაშვილმა.
ადგილზე 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. აქციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისვლა ვერ შეძლო გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარები