ისტორიკოსი ბექა კობახიძე:
,,ჩემი სუბიექტური და საკამათო აზრი, ოღონდ კამათს არ ვაპირებ.
ამასწინათაც დავწერე, რომ ჩემი დაკვირვებით ქოცებს რუსებთან ურთიერთობა აერიათ. უფრო სწორად, ბოლომდე ვერ დაულაგდათ. სხვათაშორის, ცხადია ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემს მერე ეს სააკაშვილმაც დაწერა.
ჩემი ხედვით, ქოცები მზად იყვნენ რუსებისთვის მიეცათ მათთან ჰარმონიზებული სივრცე ჩვენს ქვეყანაში. კერძოდ, აკრძალული ოპოზიცია, მყარი ავტორიტარული რეჟიმი, სრულად გაძევებული დასავლეთი, 78-ე მუხლის ამოღება, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ა.შ., ოღონდ რუსები არ შეხებოდნენ.
ამ მხრივ ნახევარი საქმე მაინც გაკეთებული ჰქონდათ. კერძოდ, დასავლეთი, ფაქტობრივად, გაძევებულია, ოპოზიცია ფაქტობრივად აკრძალულიც არის და იურიდიული პროცესიც დაიწყეს, ხოლო ნეიტრალიტეტზე უკვე დაწყებული იყო საინფორმაციო დამუშავება. მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე თვის წინ პარტიად დარეგისტრირდა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” და კარქა გვარიანად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩააჭირეს ნეიტრალიტეტის ქადაგებას პროპაგანდისტულ არხებზე.
ამის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ შეიწყნარა ქოცების ქმედება და განცხადება გაავრცელა, რომ საქართველომ უნდა აღიაროს “ახალი რეალიები”-ო. ამასთანავე, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში საკმაოდ ნეგატიურად გაშუქდა კობახიძის აშხაბადში ვიზიტი. ანუ, რუსები აფხაზეთსა და ცხინვალს ომის მონაპოვრად თვლიან და მისი ოფიციალური გაფორმება უნდათ. ქოცები არ არიან მზად ამისთვის. კი ბატონო, რუსულ კანონს ენჯეოებს და “პიდარასტებს” მიაწერ, პარტიების აკრძალვას “ნაცებს”, ნეიტრალიტეტსა და 78-ე მუხლის ამოღებასაც შეაზილავ საკუთარ ბიდლოს, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას რანაირად? არ ვიცი, პროპაგანდამ ისეთები ქნა ამ ქვეყანაში, მგონი ყველაფერი შეზელადია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გარემო არ არის ამისთვის მზად.
საქმე არის შემდეგნაირად: რუსები ცალკე აღებულ საქართველოს პოლიტიკას არ აკეთებენ, საქართველო მხოლოდ ერთი რგოლია. რუსების პოლიტიკა მიემართება “ახლო საზღვარგარეთს” ან თუ გნებავთ “პოსტსაბჭოთა სივრცეს”, სადაც ბევრმა “ნაცრისფერმა ზონამ” იარსება ბოლო 30 წლის მანძილზე. ანუ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვერც დასავლეთში ინტეგრირდნენ, მაგრამ ვერც რუსეთმა გადაიბარა, აფხაზეთი, ცხინვალი, დონბასი, დნესტრისპირეთი კონტროლირდებოდა რუსეთის მიერ, მაგრამ ანექსია არ გაუკეთებიათ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა განაცხადა, რომ ნაცრისფერი ზონები უნდა გაქრეს და ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს. კერძოდ, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჩემი დეკლარირებული გავლენის ზონებია, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიები ჩემს შემადგენლობაში უნდა შევიდნენ. საქართველოსთან მიმართებით, 2022 წლიდან დღემდე, მხოლოდ ის აჩერებს, რომ უკრაინა ომში არ დამარცხდა და რუსეთს არ შეუძლია მოგვხედოს.
ქოცებმა იციან, რომ ეს ასეა და უკრაინაში ომის დასრულებამდე სცადეს რუსებთან დალაგება. როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაფერი შესთავაზეს ცხინვალის და აფხაზეთის აღიარების გარდა. რუსები სულელები არ არიან და ეს არ აწყობთ. საგარეო პოლიტიკა და კანონმდებლობა ისეთი რამეა, შეიძლება საჭე უცებ აუხვიო და შემოატრიალო. ასე ქნა შევარდნაძემ, რომელმაც 1993-1995 წლებში ყველაფერი გაუკეთა რუსეთს და შემდეგ საჭე აატრიალა. სხვათაშორის, სააკაშვილმა თქვა ინტერვიუში, რომ 2008 წელს პუტინს შევთავაზე მზად ვარ ხელშეკრულება გავაფორმო და ოფიციალურად ვთქვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ოღონდ ტერიტორიების დაბრუნებაში დამეხმარეო. სააკაშვილისავე თქმით, პუტინმა უპასუხა, ჩვენ ტერიტორიებს საგარეო პოლიტიკაზე არ ვცვლითო. ამიტომ, ქოცების ეს ფართხალი, რომ შალვა პაპუაშვილის ანტიდასავლური ცირკაჩობით და რუსული კანონის მიღებით მოაწონებდნენ რუსებს თავს, თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. არა, განა არ მოეწონათ ეს რუსებს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ “კარგი ბიჭები ხართ, კარგად იქცევით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო უკეთესად უნდა მოიქცეთ და აღიაროთ ტერიტორიული დანაკარგები”. ეგ არის “ფინლანდიზაცია”, რასაც ასე ხშირად იმეორებენ რუსეთში. ფინეთი მხოლოდ კარელიის აღიარების შემდეგ დალაგდა სსრკ-სთან, თორე თუ ტერიტორია არ უღიარე, რანაირი ფინლანდიზაციაა ეს?!
რაც არ გამოუვიდა შევარდნაძეს, რაც არ გამოუვიდა სააკაშვილს, რატომ ჩათვალეს ქოცებმა, რომ მათ გამოუვიდოდათ ბევრად უფრო აგრესიულ რუსეთთან მიმართებით? მაგრამ განსხვავებით შევარდნაძისა და სააკაშვილისგან, რუსებთან დათმობების შედეგად, ჩვენ ხელში შეგვრჩა შეუიარაღებელი, რუსეთზე ეკონომიკურად მიბმული საქართველო, რომელშიც რამდენი რუსის აგენტი თარეშობს (რადგან არავინ დაუჭერიათ) კაცმა არ იცის. რაც მთავარია, ჩვენ ხელში შეგვრჩა რუსებთან პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო, დასავლეთელი მოკავშირეების გარეშე. მართალია დასავლეთის ნაცვლად, რუსეთის დასაბალანსებლად, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ქვეყნების შემოყვანას ცდილობენ, მაგრამ არსად ჩანს, რომ ისინი რუსეთთან საქართველოს გამო დასაპირისპირებლად არიან მზად. პაპუაშვილისა და შათირიშვილის ანტიდასავლური ბოდვებით გადაგორდებოდა რუსებთან დალაგება? ძალიან მკაფიოდ ამბობს ის ხალხი, რომ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, არ არის დალაგებადი.
ახლა იტყვით, ამდენს ლაპარაკობ და აბა რა უნდა ვუყოთ ამ რუსეთსო. არის გზა და ამის შესახებ ერთი წლის წინ დავწერე, როცა ოპოზიცია დუმდა “აბა ომი გინდა?!” პროპაგანდაზე. ამ დუმილმა ბევრი რამ გააფუჭა. ვისაც გაინტერესებთ რა დავწერე, ლინკს კომენტარში დავტოვებ.
მოკლედ, ბოლო თვეებია ქოცებმა ახალი ფაფხური წამოიწყეს. რადგან რუსეთმა ხელი უკრა დალაგებაზე, ამათ იმით უპასუხეს, რომ ცუდად მოვიქცევითო. რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი ჰააგაში ელჩების დონეზე. ჩვენგან მაკა ბოჭორიშვილი გაქანდა ხელმოსაწერად. ანუ, დონე აწიეს. არადა, მანამდე ამერიკელებთან ნაძალადევად გამართულ წრთვნებს მინისტრის მოადგილის დონეზეც არ ესწრებოდნენ. ამ ერთი თვის წინ, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ (ანუ, ფაქტობრივად, რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში) განაცხადა, რომ ყირიმელ, დონბასელ და აფხაზ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში აღარ უშვებენო. ამაზე რუსეთის გოსდუმაში გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები. ძალიან გულწრფელად რომ ვთქვათ, ქოცებს პროდასავლური ოპოზიციისა და პროტესტის აღარ ეშინიათ, ეს საკითხი კონტროლქვეშ ყავთ. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ. მაგრამ მათ ძალიან ეშინიათ მათზე მეტი პრორუსების, რომლებმაც შეიძლება მათი ადგილი დაიკავონ ველური რუსული ძალის დახმარებით. ამიტომ იყო პრორუსი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი რომ დაიჭირეს და მისი ტელევიზია მიახურეს. რადგან ქოცებმა გამოაჯავრეს რუსები, რუსებიც არ დარჩნენ ვალში და ნაფტალინიდან ამოიღეს იგორ გიორგაძე. ბოლო კვირებია ინტერნეტში ვრცელდება მისი ვიდეო მიმართვები. გიორგაძემ მშვენივრად იცის ქართული, მაგრამ მიმართვები განზრახ კეთდება რუსულ ენაზე. გიორგაძე ლაპარაკობს ყველაფერ იმას, რასაც ქოცები სულ ცოტა ხნის წინ თავად ლაპარაკობდნენ: ნეიტრალიტეტი, დასავლეთის გაძევება, “პირდაპირი დიალოგი” ოკუპირებულ რეგიონებთან და ასეთები. ეს არის მესიჯი, რომ ბიჭებო, თუ მანდ ხტუნაობას არ მოეშვებით, ასეთი ბიძიები მოვლენ მანდ, ვინც ქართულადაც არ ილაპარაკებენ. კაცმა რომ თქვას, რა დიდი აზრი აქვს შალვა პაპუაშვილისგან მოვისმენ ქართულად თუ იგორ გიორგაძისგან რუსულად ერთიდაიმავე აზრს, მაგრამ მაინც.
ამასთანავე, ქოცებმა გააჩერეს ნეიტრალიტეტის თემაზე პროპაგანდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო ველის მომზადება. არადა, რამდენიმე თვის წინ ქალაქში დაიარებოდა ჭორი, რომ გაზაფხულზე ვადამდელის გამართვას აპირებდნენ ნეიტრალიტეტზე რეფერენდუმითურთ, რათა 78-ე მუხლი ამოეღოთ კონსტიტუციიდან და ნეიტრალიტეტი ჩაედოთ. ეს ჭორებიც შეწყდა. პარტიების აკრძალვაზეც აღარ იჭაჭებიან, დააკონსერვეს საკითხი.
ასე იქცეოდა ხოლმე ლუკაშენკო 2020 წლამდე. როცა რუსეთი ძალიან მიაწვებოდა, ის ქუჩაში გამოუშვებდა ძალიან სუსტ ოპოზიციას, დემოკრატიული ბელარუსის დროშებით და ამით პუტინს ანახებდა, რომ ჩემი ალტერნატივა ესენი არიანო. ლუკაშენკო ამ ოპოზიციას ინახავდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ხანდახან რუსები შეეშინებინა, მაგრამ არა ისე ძლიერ მდგომარეობაში, რომ მისთვის საფრთხე შეექმნათ. აქ მან ვერ გათვალა, თურმე ეს ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი ყოფილა და 2020 წელს კინაღამ გადააყირავა. ამის შემდეგ, შეშინებულმა, მთლიანად მოკლა ოპოზიცია.
ჰოდა ეს რატომ მოვყევი: ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვთქვი, ჩემი თვალთახედვით, ქოცებს რუსების გამოსაჯავრებლად უნდოდათ საახალწლოდ პოლიტპატიმრების შეწყალება. შემოაგდეს ეს აზრი. გააჟღერა “გრეჩიხამ” და “გრეჩიხას” რომ ასეთი აზრების დამოუკიდებლად გაჟღერების უფლება არ აქვს, ალბათ დამეთანხმებით. “გრეჩიხას” შემდეგ ყაველაშვილმაც გააჟღერა იგივე აზრი. მოსინჯეს ნიადაგი, მაგრამ ძალიან ცუდი გამოხმაურება ჰპოვა: თავისსავე ბიდლოში აყეფდნენ, ამდენ ხანს ამ ხალხს დასავლეთის აგენტ “პედერასტებად” და ქვეყნის დამამხობებლად გვისახავდით, ახლა რანაირად ათავისუფლებთო?! მზად არ იყო საინფორმაციო ველი. ასეთი ამბების შემზადებას თვეები სჭირდება.
აქეთა მხარე კი მზად იყო საკუთარ გამარჯვებად და ქოცების დამარცხებად წარმოეჩინა ეს ამბავი. უეჭველად, ასეც წარმოჩინდებოდა. არავის უღიარებია, ბოდიში არავის მოუხდია, წელში არავინ მოხრილა.
მოკლედ, ეგ დილემა შეექმნათ ქოცებს: საგარეო ფაქტორისთვის, რუსების გამოსაჯავრებლად სჭირდებოდათ პატიმრების შეწყალება, მაგრამ ამ ამბავს შეიძლებოდა შიდა დესტაბილიზაცია გამოეწვია და ამიტომ იბორძიკეს, იბორძიკეს, იბორძიკეს და გადაწყვიტეს, რომ რუსების გამოჯავრება სხვანაირადაც შეიძლება, ხოლო შიდა კრიზისი არ გვაწყობსო. არ არიან ქოცები მზად, რომ გამარჯვება გაუფორმონ პროტესტს.
ახლა ამას რომ ვწერ, მოლოდინი მაქვს, რომ არაერთი ცხელთავიანი გამოვარდება და ათას სისულელეს დამაბრალებს, მაგრამ ეგებ ვინმემ რამე გაიგოს და გაითვალისწინოს. რა იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია: რაც უფრო მეტად მიაწვებიან ქოცებს რუსები, მითუფრო იძულებულნი იქნებიან ქოცები, რომ ქვეყნის შიგნით რბილად მოიქცნენ და ქვეყნის გარეთ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას ეცადონ. დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება კი დემოკრატიის წინაშე დათმობების გარეშე არ გამოვა. ამიტომ, ჩვენი ინტერესია ქოცებსა და რუსებს შორის დინების ქვეშ მიმდინარე დაპირისპირება ზევით ამოვიდეს. ზევით ჯერჯერობით არაფერს იმჩნევენ. მაგალითად, მათ არ უპასუხიათ საქართველოში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის კრიტიკული განცხადებისთვის, მათ არც გოსდუმის დეპუტატებისთვის უპასუხიათ, არც რუსეთის საგარეო სამინისტროს უპასუხეს და ა.შ. ვითომც არაფერი, გამოდის შალვა პაპუაშვილი და ისევ გერმანიის ელჩს ლანძღავს. ამით ისინი რუსეთთან ვერბალურ ესკალაციას არიდებენ თავს.
იმედის ჟურნალისტი ამას როგორ იზამს და არც ერთ ოპოზიციურ ჟურნალისტს თავში აზრად არ მოსვლია ქოცებისთვის ეს კითხვები დაესვა.
ჰკითხეთ მათ რატომ არ უშვებენ ყირიმში, აფხაზეთსა და დონბასში დაბადებულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში? რას უპასუხებენ გოსდუმის დეპუტატებს? გახადეთ ისინი იძულებულნი ილაპარაკონ რუსეთზე.
დააკვირდით ამ პროცესებს და იმოქმედეთ.
მათი ნების წინააღმდეგ თუ ჩაითრევთ ქოცებს რუსებთან დისკუსიაში, კიდევ სხვა რაღაცეების გაკეთებაც მოუწევთ ქოცებს საკუთარი ნების წინააღმდეგ და დემოკრატიის სასარგებლოდ.
კაი ხანია დიდი პოსტი არ დამიწერია. ალბათ დრო იყო.“














კომენტარები