გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილების წარმოება სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41,5%-ით დაეცა და 67,169 ერთეული შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ბრიტანეთის ავტომობილების მწარმოებელთა და რეალიზატორთა საზოგადოების (SMMT) ანგარიშის თანახმად, ინდუსტრიის აღდგენას ნახევარგამტარების მუდმივი გლობალური დეფიციტი აფერხებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთში მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის, შეკვეთების შემცირების, ხარჯების ზრდის, ლოგისტიკური შეფერხებების გამო, ავტომწარმოებლების 80%-ზე მეტი დაზარალდა. დღეისათვის მიწოდების ჯაჭვებზე დამატებითმა დანახარჯებმა 2,4 მილიარდ ფუნტს გადააჭარბა და ეს თანხები, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანაზღაურდება.
SMMT-ის წევრების 53% თვლის, რომ ამ სფეროს კრიზისი შეიძლება 2022 წლის მესამე კვარტალამდე გაგრძელდეს.
მეორე მხრივ, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უახლესი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების წარმოება რეკორდულად იზრდება. სექტემბერში მათი წილი ავტომობილების წარმოებაში 32,3%-მდე (21 679 ერთეული) გაიზარდა.
კომენტარები