ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათ შორის 1 ახალი.
„დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან COVID-19-ის დიაგნოზი დადასტურებული აქვს 45-ს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება: 3 მოზრდილი და 2 მოზარდი. გვყავს 1 ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან, გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობაც, დანარჩენი პაციენტების დაავადების სიმძიმე საშუალოა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები