ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„მოგიწევთ ჩემთან მოსვლა!
ბოლო ოცდაათი წელიწადში საქართველოსთვის თავსდამტყდარ უბედურებებში ყველაზე ნაკლები ბრალი რუსებს მიუძღვით, ყველაზე დიდი ცოდვა კი ამერიკელებს აწევთ!
8 აგვისტო. ეს დღეც, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადავაგორეთ, თუმცა, ვაი, ამ გადაგორებას – დღეს კიდევ უფრო დაბნეულები ვართ და გაცილებით ბითურებიც ვჩანვართ, ვიდრე 15 წლის წინათ ვიყავით. მრავალ სადავო საკითხს ახლა თარიღზე დავაც დაემატა. 8 აგვისტო კი არა, 7 აგვისტოო, – გამოაცხადეს ნაცებმა. 7 აგვისტო კი არა, 8 აგვისტოო, – უპასუხეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც, ტრადიციულად, ამ დღეს მივიდნენ ომში დაღუპულთა საფლავებთან.
ეჰ, ისტორიავ, ისტორიავ, შე მატყუარა ”მეცნიერებავ”, რანაირად გენდო და როგორ დაგიჯერო ათასწლეულების ამბები, როდესაც თხუთმეტი წლის წინანდელი 8 აგვისტო და 7 აგვისტო გერევა ერთმანეთში?! ხუმრობ? იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ხბო როდის დაგვეკარგა ან ფუთი სიმინდი რა ღირდა ბაზარში, ომის დაწყებაზეა საუბარი, ომის. თხუთმეტი წელიწადიც შეიძლება ვინმეს დიდი დრო მოეჩვენოს, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ 2008 წელსაც არ ვიცოდით, რომელ აგვისტოს დაიწყო ომი, რადგან რიცხვებით ჟონგლიორობა ახლა კი არ წამოუწყიათ, იმავე დღეს დაიწყეს.
საქმეს ისიც ართულებს, რომ იმ ორ დღეში ორი ომის დაწყება მოესწრო:
1. სააკაშვილის მიერ ცხინვალში ომის დაწყება (7 აგვისტო);
2. რუსეთის არმიის შემოსვლა ცხინვალში და რეგიონიდან სააკაშვილისგამოპანღურების დაწყება (8 აგვისტო).
ესაა ამ ისტორიის მთელი ფილოსოფია.
ვინ და რატომ გაართულა ეს უმარტივესი საკითხი?
საქმე ისაა, რომ საქართველოში ყველას უჭირს სიმართლის აღიარება – იმ ხალისუფლებასაც, ამ ხელისუფლებასაც და, სხვათა შორის, ხალხსაც. ისინიც კი, რომლებიც აღიარებენ, რომ ჯერ სააკაშვილი შეიჭრა ცხინვალში და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა იქ რუსული არმია, დააკვირდით, რა ფორმულირებით აკეთებენ ამას: ცხინვალში ქართული არმია კი არ შეჭრილა, სააკაშვილი და მისი ბანდა შეიჭრა! ამას ისე ამბობენ, თითქოს, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი კი არა, რომელიმე ამბოხებული დაჯგუფების საველე სარდალი ყოფილიყო. მართალია, სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველმა ხალხმა მას რამდენჯერმე მისცა ლეგიტიმაცია. სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური უმაღლესი მთავარსარდალი იყო. აქედან გამომდინარე, ყველა მისი ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით კეთდებოდა და სააკაშვილის ყველა (ვიმეორებ, ოფიციალურ) გადაწყვეტილებებზე პასუხიხმგებლობა ქართველ ხალხსაც ეკისრება. ასეთია ამ საქმის იურიდიული ლოგიკა.
ერთი სიტყვით, სააკაშვილი შეიჭრა ცხინვალში, რისი კონსტიტუციური უფლება მას არ ჰქონდა, რადგან ცხინვალში საქართველოს იურისდიქცია დე ფაქტო ვეღარ ხორციელდებოდა და იქ ეუთოს მანდატით აღჭურვილი სამშვიდობოები იდგნენ. ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება (მით უფრო, სამხედრო) ამ რეგიონში უკანონობა, თვითნებობა და დანაშაული იყო. წერტილი!
სააკაშვილი, ამ რეალობის სრული იგნორირებით, შეიჭრა ცხინვალის რეგიონში, დახოცა რუსი სამშვიდობოები, რითაც უმძიმესი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და ქალაქს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა. 7 აგვისტოს სააკაშვილმა მოასწრო თითქმის მთელი რეგიონის ხელში აღება და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმის წაყენებაც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ის, რასაც რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია და, რაც ორ დღეში საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით და ქართული პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ბრძოლის ველიდან გამოქცევით (მათ შორის, ქვეყნიდან გაქცევითაც) დამთავრდა.
ჰოდა, როდის დაიწყო ომი, რომელ აგვისტოს? სააკაშვილი 2013 წლამდე ყოველ წელს 8 (რვა) აგვისტოს დადიოდა ძმათა სასასფლაოზე. წელს (2023) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდა და ბრძანა, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადება რუსული ნარატივია. რატომ, რა გამოკვლევა ჩაატარა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელზე დაყრდნობითაც მან ომის დაწყების თარიღი შეცვალა? რა თქმა უნდა, ამ ქალბატონს არც არაფერი გამოუკვლევია და არც მომავალში აპირებს რამეს გამოკვლევას. ომის პარტიამ, რომელსაც ოფიციალურად ”ნაციონალური პარტია” ჰქვია, ომის დაწყების თარიღის შეცვლა მოინდომა. ომის პარტიის წევრი სალომე ზურაბიშვილი კი, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტია, დაემორჩილა პარტიის გადაწყვეტილებას. სულ ეს არის.
სალომე ზურაბიშვილი წლების წინათ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე იდგა: ”ექვსი წელი გავიდა. იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე ანუ თავის თანანემემამულეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ”გეგმიური” ტერიტორიების დაკარგვას. ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ გასამართლებული არ არის და სანამ არ იქნება, საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ განთავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე!” (სტილი დაცულია).
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ამგვარ წაჯექ-უკუჯექობას რა შეფასებაც მიესადაგება, იმ შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ერთ რამეში სრულ ჭეშმარიტებას ამბობდა. სააკაშვილი სასჯელს ”პიჯაკების საქმეის” გამო კი არა, პირველ რიგში, სამხედრო დანაშაულის გამო უნდა იხდიდეს. ახლა, რაც შეეხება იმას თუ რამ აიძულა ნაციონალები, რომ ომის თარიღი შეეცვალათ. უმარტივესი გათვლაა. მათ, თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში 7 აგვისტოს შეიჭრნენ, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადეს, რადგან რუსეთის არმია სწორედ ამ დღეს შემოვიდა როკის გვირაბიდან. ესეც მარტივი გათვლა იყო. ამით ის იყო ნათქვამი, რომ – ომი სააკაშვილის ცხინვალში შეჭრით კი არა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შემოჭრით დაიწყო. ომის თარიღის ეს შეცვლა (ერთი დღით გადაწევა), მათი აზრით, სააკაშვილის ცოდვებს ჩამოწერდა, რადგან ვითარება ასე გაფორმდებოდა: რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, სააკაშვილი კი იძულებული იყო ომით მოსულ მტერს ომით (გმირულად) შეხვედროდა. ასე უნდოდათ სიტუაციის გაფორმება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჯერ ერთი, 7 აგვისტოს ცხინვალში ომის დაწყება ხალხის თვალწინ მოხდა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღით ასეთი თავხედური მანიპულირება ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა, სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა ამ ბარიერსაც დაძლევდა, რომ არა ერთი გარემოება. ეს თარიღი (7 აგვისტო) ორ ისეთ დოკუმენტში მოხვდა, საიდანაც მისი წაშლა შეუძლებელია: 1. ევროსაბჭოს რეზოლუცია; 2. ტალიავინის ევროპული კომისიის დასკვნა. ორივე ამ დოკუმენტში ინტენსიური საომარი ოპერაციის დაწყების თარიღად 7 აგვისტოა დასახელებული, როდესაც ქართული არმია ცხინვალის რეგიონში შეიჭრა. ამ დოკუმენტებში არამხოლოდ ომის დაწყების ზუსტი თარიღია გამოცხადებული, არამედ, ომის დამწყები მხარეც პირდაპირ არის მხილებული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუცია №1633-ის 5-ე მუხლში წერია: ”2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან”.
ტალიავინის ევროპული კომისიის დასკვნაში კი სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: ”ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო.”
ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებიდან ეს ორი ამონარიდი პირდაპირ ღაღადებს იმაზე, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. კიდევ რამე არის საჭირო, იმის სამტკიცებლად, რომ ეს მართლა ასე მოხდა? იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამ დოკუმენტებში ქართული მხარე გამოცხადებულია ომის დამწყებად, ამასთანავე თარიღიც ერთმნიშვნელოვნად არის დასახელებული – 7 აგვისტო, მაგრამ იქნებ ტენდენციურობასთან გვაქვს საქმე, იქნებ ქართული მხარე არ აღიარებს იმას, რაც ამ დოკუმენტებში ჩაიწერა. თეორიულად ასეთი რამეც არ არის გამორიცხული, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე არის ქართული მხარის თანხმობა და რამდენიმე ოფიციალური პირის ხელისმოწერა?! ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ, ეს ისტორიული დოკუმენტია, რომელსაც ამიერიდან ვერავინ გვერდს ვერ აუვლის.
ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეთანაღრება გული, რომ ცხინვალზე თავდასხმა განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა და ეს მოხდა 2023 წლის 7 აგვისტოს? კიდევ თუ არის ვინმე ისეთი, ვისაც ამ დოკუმენტების გარდა სხვა არგუმენტიც სჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასე მოხდა, მისთვის ვიდეოდომასალაში პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს ვათქმევინებ, რომ ომი სწორედ მან დაიწყო. ამისთვის საჭიროა, შებრძანდით იუთუბზე და ჩაწეროთ სიტყვები: ”მიხეილ სააკაშვილი: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება”. ამის შემდეგ დააჭირეთ თქვენს ჯადოსნურ ენთერს და ბატონი მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მეტყველებითა და ექსპრესიული ჟესტიკულაციით გეტყვით შემდეგს: ”დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”.
აჰა, ბოლოს და ბოლოს, ხომ დარწმუნდით, რომ 2023 წლის 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ქართული არმიით თავს დაესხა ცხინვალს და მოაწყო სისხლისღვრა, რომელმაც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. მიხვდით, სად გაება სააკაშვილი ორივე ფეხით? იგი მაშინ შეცდა მწარედ, როდესაც საკუთარი დანაშაულის დასაფარავად ომის დაწყების თარიღის გაყალბების გზა აირჩია და ერთი დღე მოიპარა. ეგონა ეს ”ტრიუკი” გაჭრიდა, მაგრამ, როდესაც ნახა, რომ 7 აგვისტო მყარად დაფიქსირდა ომის დაწყების თარიღად, მიხვდა, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადებას იგი ჩიხში შეჰყავდა. ამიტომ, უკეთესი რომ ვერაფერი მოიფიქრა, ომის დაწყების დღედ 7 აგვიტო აღიარა, მაგრამ ახლა როკის გვირაბიდან რუსული არმიის შემოსვლის დღე გადმოსწია და 8 აგვისტოს ნაცვლად 7 აგვისტოს შემოიჭრნენო, გაიძახის. ერთი სიტყვით, ღობე-ყორეს აწყდება, რომ თავი დაიძვრინოს, მაგრამ არაფერი გამოსდის, იძირება ჭაობში.
თხუთმეტი წელიწადია, რაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ხან ეს არგუმენტი მომაქვს, ხან ის, მაგრამ ქართველებს ჩემი კი არა, ზოგჯერ ილიასი არ სჯერათ. რა გაეწყობა, იყოს ისე, როგორც არის-მეთქი, ვთქვი და დავანებე თავი ამ საქმეს. დღეს ამ თემაზე როგორ ამოვიღებდი ხმას, მაგრამ რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინე, ის უფრო გამაოგნებელი იყო, ვიდრე სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული და მერე იმ დანაშაულის გამო პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის უბადრუკი მცდელობა.
დღეს ქართული ოცნების თავკაცები სახეს იხოკავდნენ, სააკაშვილის ხელისუფლების წევრებმა ღალატი ჩაიდინეს, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელი მოაწერესო. ამ ხელისმოწერით მათ დაადასტურეს, რომ ომი საქართველომ დაიწყოო, რაც, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ღალატიაო.
სასწაულია, გამაოგნებელი ლოგიკაა. ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის, მაგრამ თქვენ თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყამთ?! ომის დაწყების აღიარება კი არ არის ღალატი, ომის დაწყება იყო ქვეყნის ღალატი. ის, რასაც სააკაშვილი ამდენი ხნის მანძილზე მალავდა, მაგრამ ვერ დამალა, ახლა თქვენ უნდა დამალოთ? საინტერესოა, ვის ატყუებთ? რუსეთი რომ არ მოტყუვდა, ეს 2008 წლის 8 აგვისტოს გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილი და მისი გენერლები პანღურით გამოყარა ცხინვალიდან; ევროპას რომ ვერ მოატყუებთ, იმ დოკუმენტებშიც ჩანს, სადაც მათ ზუსტად ჩაწერეს თუ – ვინ ქნა და რა ქნა და როდის ქნა; ჰოდა, ვის ატყუებთ, ამერიკელებს? ვაი, თქვენს პატრონს! ამერიკელებს თქვენ ასწავლით, რა დაავალეს სააკაშვილს? ამერიკელების დავალებით ჩაიდინა მან ის სამხედრო დანაშაული, რასაც საქართველოს ნგრევა მოჰყვა. თქვენ ეგ გიჟი გგონიათ და, არის კიდეც, მაგრამ მთლად ისეთი გიჟი არ არის, რომ მის პატრონებს აუჯანყდეს და მათთან შეთანხმების გარეშე სამხედრო ოპერაციები აწარმოოს. ეგ გიჟი კი არა, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ძაღლია, თანაც ძალიან კარგად გაწვრთნილი. ეს რომ ასე არ იყოს, ამერიკელები მას აქამდე მოიცილებდნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ მოცილება კი არა, თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ამიტომ, სრულიად გაუგებარია თქვენი თავგამოდება, ომი ქართულ მხარეს არ დაუწყიაო, როდესაც უკვე დღესავით ნათელია ყველაფერი. ამ საქმეში მხოლოდ ამერიკელების როლია საიდუმლოებით მოცული. თქვენზეც ისინი ახდენენ ზეწოლას, რომ სიმართლე ბოლომდე არ გამოაშკარავდეს, მაგრამ თქვენ მათ თამაშს თუ აჰყვებით, ისინი თქვენც ისევე შეგიტყუებენ ჩიხში, როგორც ეგ დამთხვეული სააკაშვილი შეიტყუეს. ამერიკელებთან კეკლუცობით არაფერი გამოგივათ. თქვენ ახლა ერთადერთი გზა დაგრჩათ – სიმართლის გზა.მარკ ტვენი ამბობს: ”როდესაც არ იცი, რა უნდა თქვა, თქვი სიმართლე!” თქვენ ნამდვილად არ იცით, რა უნდა თქვათ, ამიტომ თქვით სიმართლე, რადგან ყველა სხვას გზას ჩიხში შეჰყავხართ, საიდანაც ვეღარ გამოხვალთ. რამდენიც უნდა იფართხალოთ, ამერიკელების ნდობა დაკარგული გაქვთ. რუსებს თქვენდამი ნდობის ელემენტები გაუჩნდათ იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გაუხსენით, მაგრამ ლავირების დროს შეცდომას თუკი დაუშვებთ, მოპოვებულ მცირე ნდობას ძალიან ჩქარა დაკარგავთ. ეჭვსგარეშეა, რომ საგარეო ურთიერთობებში გარკვეული გონივრული ნაბიჯების გადადგმით, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლით და მშვიდობის შენარჩუნებით ქართველი ხალხის სიმპათიებიც დაიმსახურეთ, მაგრამ ჭოჭმანი თუ შეგეტყოთ, ქართველი ხალხის ნდობაც მარტივად დაიკარგება და იმისი ძახილი, რომ მიშა მობრუნდება, ვეღარ გიშველით – გაცვდა ეს ამბავიც.
ფრთხილად უნდა იყოთ. ანტირუსული ისტერია დღეს აშკარად ზედმეტი მოგივიდათ, აზარტში შესულებმა ობიექტურობა დაკარგეთ და რუსოფობიაში ნაცებს თუ ვერ გაასწარით, არც ჩამორჩით. ეს სწორი არ არის. სწორი არ არის არამხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არამედ, ჭეშმარიტებიდან გამომდინარე. პაპუაშვილის ბოდიალი ისტორიულ თემაზე, რომ საქართველო რუსეთის მიერ 1801 წლიდან არის ოკუპირებული, სხვა რომ არაფერი, რუსეთის როლის ილია ჭავჭავაძისეულ შეფასებას (”ასის წლის წინათ”) თავდაყირა აყენებს: ”ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღლილი ქვეყანა…”
ასე რომ, ისტორიის გადაწერის მცდელობა უნაყოფო საქმიანობაა. ეს პრეროგატივა სჯობს სააკაშვილსა და მის ხროვას დაუტოვოთ. მოკლედ, ჯერ კიდევ თუ არ გაქვთ გააზრებული, უნდა გაიაზროთ, რომ იმ ისტორიულ კონტექსტში რუსეთმა საქართველო ფიზიკური განადგურებისგან იხსნა, წერტილი! ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში საქართველოსთვის თავსდამტყდარ უბედურებებშიც ყველაზე ნაკლები ბრალი რუსებს მიუძღვით, ყველაზე დიდი ცოდვა კი ამერიკელებს აწევთ. კიდევ ერთი წერტილი!
დღეს შეიძლება იტკიცოთ ეს ნათქვამი, მაგრამ ხვალ და ზეგ ისევე მოხვალთ ჩემს პოზიციასთან, როგორც აქამდე მოდიოდით – ხან გონების განათებით, ხან საგანთა და მოვლენათა ზეწოლითა და იძულებით. ამ ნათქვამს ჩემი პერსონის განდიდებაში ნუ ჩამომართმევთ. ჩემს პერსონასთან კი არა, სიმართლესთან მოგიწევთ მოსვლა, მე კი, როგორც ყოველთვის, იქ დაგხვდებით.
ვალერი კვარაცხელია
9 აგვისტო, 2023 წ.“
კომენტარები