ლევან ჯავახიშვილი
შარშან აგვისტოში, დამიკავშირდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი, ჩემი რესპონდენტი, რომელმაც მთხოვა, რომ მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, რადგან საფრთხე ელოდა, ბიძინა ივანიშვილი მის დაჭერას აპირებდა და თუ ასე მოხდებოდა, ამ ინტერვიუს იმ შემთხვევაში გამოქვეყნებით, საზოგადოებას ეცოდინებოდა, თუ რის გამო დაიჭირა ის ივანიშვილმა. კონრად ბაბუნაშვილს მართლა დასაჭერად გაუხდა საქმე, მაგრამ გაასწრო ამერიკაში. ამჟამადაც იქაა და როდის დაბრუნდება კაცმა არ იცის. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ოდნავ შეცვლილი სახით, რადგან კონრად ბაბუნაშვილი დაჭერას გადაურჩა და დროც გავიდა. შესაბამისად, მას მცირედი ინფორმაცია დაემატა.
– თქვენ ხშირად ხსნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ფართო საზოგადოებისთვის და პრინციპში თითქმის ყველასთვის, უცნობი, კონფიდენციალური დეტალების გახმოვანებით. საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
– დიახ, მე უტყუარი ინფორმაცია მაქვს და პრინციპში არანაირ პროგნოზებს არ ვაკეთებ, უბრალოდ პირველწყაროდან ვიცი (ინფორმირებული ვარ), რა მოხდება. როგორც კახელები ხუმრობენ – წყაროს თავზე რას ამბობენ, ის ვიცი. ეს უკავშირდება ჩემს კავშირებს საერთაშორისო საკონსულტაციო სტრუქტურებთან, რომლებიც ბევრ სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობენ. „ეპიკ ამბასადორი“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა და ბუნებრივია მას აქვს საკუთარი „წარმოების“ ანალიტიკური პროდუქცია. რადგან ეს პროდუქცია საინტერესოა ბევრი საკონსულტაციო კომპანიისთვის, თანამშრომლობაც ბუნებრივ ნიადაგზე ხორციელდება. ამ კომპანიებთან თანამშორმლობენ დასავლურ სპეცსამსახურებთან ახლოს მდგომი პირები. ზოგადად, ბევრი საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ მუშაობს თავ-თავისი ქვეყნების სპეცსამსახურებთან. შესაბამისად, მე მუდმივად ვიღებ კონფიდენციალურ ინფორმაციას და ვავრცელებ მხოლოდ პორციულად, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია უკვე მზადაა გასაჟღერებლად. რა თქმა უნდა, ახლაც ბევრი რამ ვიცი, რისი დეტალურად თქმის დროც ჯერ არ დამდგარა, თორემ ზოგადად ყველაფერს ამოიკითხავს დაინტერესებული მკითხველი ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი არაპირდაპირი კონტაქტი მასთან მოხდა მისივე ინიციატივით, 2020 წლის დეკემბერში. ეს იყო კონტაქტი „როტშილდ ჰაუზიდან“, საიდანაც დამიკავშირდა “როტშილდ ჰაუზის“ მაშინდელი შვეიცარული ჰედ ოფისის ერთ-ერთი დირექტორი და უცნაური რამ მთხოვა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა ჩემს მიმართ. მე მისი მოთხოვნა გადმომცეს, ვიდრე ის დატოვებდა პოლიტიკას 2021 წლის 11 იანვარს. ანუ, მე მთხოვდნენ, ბიძინას კაპრიზის შესრულებას, ის ამას სვამდა პოლიტიკიდან წასვლის წინაპირობად. რადგან ეს ყოველივე მე პირადად შემეხო, ბუნებრივია ამის გარშემო მეტიც ვიცი.
– რაში მდგომარეობდა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა თქვენს მიმართ ?
– თავისი პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ წინაპირობად ბიძინა ითხოვდა იმას, რომ მე უნდა მქონოდა ნასამართლეობა. „როტშილდ ჰაუზი“ მთხოვდა დავთანხმებულიყავი ბიძინას ამ კაპრიზს, რათა მომხდარიყო მისი მოშორება ქართული პოლიტიკიდან.
– რაღაც უცნაური თხოვნაა, უფრო კონკრეტულად აგვიხსენით?
– მომმართეს ასე – გთხოვთ დათანხმდი, რომ ეს მანიაკი მოვაშოროთ საქართველოსო. გარიგება ასეთი იყო – მე გამასამართლებდნენ ერთ საქმეზე, რომელიც პროკურატურას თაროზე ქონდა შემოდებული 2015 წლიდან. მე გადამახდევინებდნენ ჯარიმას, ხოლო 2021 წლის მაისში მომიხსნიდნენ ნასამართლეობას. საქმე ეხებოდა საქართველოს ბანკში „გაჭედილ“ 381 000 აშშ დოლარს, რომელზეც საქართველოს პროკურატურა 2015 წლიდან მაწვალებდა უშედეგოდ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ ქონდათ ჩემს წინააღმდეგ. თუმცა, მუდმივად მითვლიდნენ, რომ აუცილებლად დამიჭერდნენ. რასაც მედავებოდნენ, ეხებოდა ფანდ რაიზინგს, რათა სოციალური მედია ქსელი, „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“, ახალ მედიურ დონეზე ასულიყო. საქართველოს ბანკმა პროკურატურის მოთხოვნით გაყინა თანხა და დაიწყო გამოძიება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მე მივმართე აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რათა გამოძიება მომხდარიყო ამ უწყების დონეზე. მოკლედ, საქართველოს პროკურატურა დროს წელავდა და 6 წელი საქმე თაროზე იყო შემოდებული. ამ მოქმედების მთელი ჩანაფიქრი უკავშირდებოდა იმას, რომ მე თანხასთან წვდომა არ მქონოდა. ერთი პირობა იმასაც მთავაზობდნენ, ნახევარი თანხა ქართული ოცნების სალაროში შემოიტანეო, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი.
მაშინ საქართველოს პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის კონტროლის ქვეშ იყო, ანუ ფეესბეს დავალებებს ასრულებდა. ფეესბე კი გადამეკიდა 2014 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე. ამ ამბავს ბევრი მოწმე და თვითმხილველი ჰყავდა და არ გაგიჭირდებათ ამის დადგენა. მოკლედ, მე 2011 წლიდან, ვმართავ სოციალურ ქსელში, ძალიან ცნობილ გვერდს „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“. მოგეხსენებათ, რუსეთის ფეესბეს, ყველაფერი რაც მართლმადიდებლობას ეხება, თავისი თემა ჰგონია და უცებ, მისგან დამოუკიდებლად, საქართველოში მუშაობდა ძალიან პოპულარული მედია რესურსი 400 000 გამომწერით, რომელიც პროდასავლურად იყო განწყობილი, რუსეთს და მის“ ფეესბეშნიკურ ობსკურატიზმს“ (მრაკობესიე) მუდმივად ამხელდა და რაც მთავარია, ამხელდა პატრიარქის წინააღმდეგ სახელმწიფოს ბრძოლას მიშას დროსაც და ასევე გააგრძელა ბიძინას დროსაც. ამის გამო რუსეთის ფეესბე გამწარდა და ფარცხალაძეს დაავალა ჩემი გაჩუმება. ამის გამო მუდმივად მემუქრებოდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ ჩემთვის ხელის შეშლას, რათა მედია რესურსი კიდევ უფრო მძლავრი არ გამხდარიყო. მოკლედ, მუდმივად მითვლიდნენ პროკურატურიდან, რომ დამიჭერდნენ. მე, რა თქმა უნდა,ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ვაგრძელებდი ჩემს საქმიანობას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მოღვაწეობა არც საქართველოში დარჩა შეუმჩნეველი (2017 წლიდან მოყოლებული), რადგან უკავშირდებოდა „ეპიკ ამბასადორის“ ქართული დივიზიონის აქტიურობას საქართველოში. ეს აქტიურობა თვალში არ მოუვიდა ბიძინას, მეტიც, ის სერიოზულად დაშინდა, რადგან მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმიანობის მასშტაბები.
საუბარი იყო 14 მილიარდი ევროს ინვესტიციაზე რამდენიმე მეგა-პროექტში, როგორებიც იყო: ანაკლიის პორტი, ბაქო-თბილისი-ანაკლიის ჩქაროსნული რკინიგზის მაგისტრალი მაგნიტურ ბალიშზე (600 კმ. საათი სიჩქარის) და ამ მაგისტრალის თანმდევი ავტობანი, საქართველოს ჰიდროენერგიის ათვისება 90 % დონეზე ნორვეგიის მოდელით (ამჟამად ათვისებულია 20%), საქართველოში სარწყავი წყლის რეზერვუარების ქსელის შექმნა, რითაც მოირწყვებოდა არა მარტო მთელი საქართველო, არამედ სარწყავი წყლის ექსპორტი მოხდებოდა მილსადენებით მეზობელ ქვეყნებში, საქართველოს ახალი სივრცობრივი მოწყობის პროექტი, საქართველოს წრიული ავტობანი, რომელიც კახეთიდან დაიწყებოდა, გაუყვებოდა კავკასიის ქედს და აფხაზეთთან ჩაუხვევდა აჭარისკენ (აფხაზეთის ხაზი მოგვიანებით დაემატებოდა) და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის გასწვრივ გაივლიდა და ისევ კახეთში დასრულდებოდა. საბოლოო ჯამში 60 მილიარდი ევროს ინვესტიცია იგეგმებოდა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების დაფინანსებისთვის საჭირო თანხების არსებობა იყო საჭირო. ამ ფონდების ხელმისაწვდომობა დოკუმენტურად გახდა ცნობილი ბიძინასთვის. სხვათაშორის, ამას ხელი შეუწყო ერთ-ერთმა ქართველმა ბანკირმა, რომელმაც „ეპიკ ამბასადორის“ ფინანსური შესაძლებლობები ააფრიალა, რამაც ბიძინა მოცელა. ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ყველა ნაყიდი მყავს, ვინ უნდა შემცვალოს, ვინ ? ვის აქვს ჩემდენი ფული? და უცებ, მას დოკუმენტური მტკიცებულება აჩვენეს ფონდებთან ხელმისაწვდომობის შესახებ, თან ათეულობით მილიარდ როლარზე „დოიჩე ბანკში“. საქმე ეხებოდა უზარმაზარ ინვესტიციებს საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. სწორედ ამის შემდეგ შექმნა ბიძინამ არაფორმალური ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ქალაქგარეთ, ანანურთან დაბანაკდა და რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ჭანტურიძე – ის პროკურორი, რომელსაც ჩემი საქმე მიჰყავდა საქართველოს პროკურატურაში. ამ სტრუქტურის ამოცანა იყო, არ დაეშვა უცხოეთიდან ბიძინას მიერ არაკონტროლირებადი თანხების შემოდინება, რადგან ბიძინას ეშინოდა, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა. საბოლოოდ, ბიძინას გამო, საქართველომ დაკარგა უზარმაზარი ინვესტიცია, ეკონომიკის ფეხზე დადგომის, განვითარების რეალური შანსი, ბიძინა გველეშაპივით მოაჯდა საქართველოს და დახრჩობა დაუწყო.
–თუ მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა უცხოური ინვესტიციები, ბიძინა რატომ დაკარგავდა ხელისუფლებას? ამ ფულის ნაწილი, ხომ არ იყო განკუთვნილი პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დასაფინანსებლად?
– რა თქმა უნდა ბიძინას პოლიტიკური ეჭვიანობა კლავდა. ასეთი მასშტაბის მშენებლობები, რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და მნიშვნელოვნად შეცვლიდა ელექტორალურ განწყობილებებს. საკმარისი იყო რამდენიმე ხანში, პოლიტიკური პარტიის შექმნა და ყველაფერი დაენგრეოდა თავზე ბიძინას. ეს იყო ბიძინას მოტივი, რომ საქართველოდან გასულიყო და პოლიტიკას ჩამოშორებოდა. ანუ, მე ვიღებდი მონაწილეობას ბიძინას საქართველოდან გაყვანის ოპერაციაში და ვაკეთებდი ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ურჩხული საქართველოს მოშორებოდა. ის რომ ბიძინა ურჩხულია, ახლა უკვე ყველამ გაიგო. ყველამ ნახა ისიც, როგორ გადაჩეხა ბიძინამ საქართველო და სოფლის ორღობედ აქცია.
მოკლედ, გავითვალისწინე „ როტშილდ ჰაუზის“ ერთ-ერთი დირექტორის, ალექსანდრა ფაუსტოვის თხოვნა და დავთანხმდი ბიძინას კაპრიზის შესრულებას, ოღონდაც კი მომხდარიყო მისი გაყვანა პოლიტიკიდან, რადგან ის რუსულ საცობს ქმნიდა საქართველოსთვის. მართალი გითხრათ, თავიდან კარგად ვერ მივხვდი, რაში ჭირდებოდა „შახმატისტ“ ბიძინას ჩემი ნასამართლეობა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი ნათელი გახდა. მოკლედ, კოვიდის პირობებში, მე გამასამართლეს დისტანციურად, ადვოკატის ოფისიდან სკაიპის ჩართვით. განაჩენი 2020 წლის 16 დეკემბერს იქნა გამოტანილი. პროკურატურამ და სასამართლომ ორ დღეში მოაგვარეს ყველაფერი, რადგან „მზეზე მაღალის“ დავალებას ასრულებდნენ. დამაჯარიმეს 300 000 ლარით და ამკიდეს ნასამართლეობა, რომელიც უნდა მოხსნილიყო 2021 წლის მაისში, მაგრამ რეალურად მოიხსნა 2021 წლის 10 დეკემბერს, ხოლო ამონაწერი ამოვიდა 2022 წლის 14 თებერვალს. 18 თებერვალს კი, „ეპიკ ამბასადორში“ დაიწყო საქართველოს სუს-ის და რუსეთის ფეესბეს ერთობლივი ოპერაცია ჩემს წინააღმდეგ. მიზეზი კი იყო ის, რომ მე ნასამართლეობის პერიოდში ჩამოშორებული ვიყავი „ეპიკ ამბასადორის“ დირექტორობას, რაც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად მე გადავდექი დირექტორობიდან 2020 წლის დეკემბრის ბოლოს და ჩემი ადგილი დაიკავა ჩემმა პარტნიორმა. როდესაც ამოვიდა ამონაწერი ჩემთვის ნასამართლეობის გაუქმების შესახებ, მე უნდა აღვმდგარიყავი „ეპიკ ამბასადორის“ დირექტორად და სწორედ აქ დაიწყო ის, რამაც ნათელი მოჰფინა ბიძინას სურვიულს, ჩემი ნასამართლეობის შესახებ. ჩემი პარტნიორი გაიყიდა და საქართველოს სუს-ს და რუსეთის ფეესბეს ფინია გახდა… ღალატიც უნდა და ღალატიც, რაც მან ჩაიდინა, ღალატის ქრესტომათიაშია შესატანი. იუდა გაცოცხლდა ჩემს გარემოცვაში და 30 ვერცხლი აიღო. მე ძალიან გამიკვირდა ჩემი პარტნიორის ასეთი დაცემა, რადგან ჩემთან ერთად ის მსოფლიო დონის საქმიანობაში იყო ჩართული და ამას თუ ამჯობინებდა საქართველოს სუს-ის ფინიობას, ვერ წარმოვიდგენდი. მოკლედ, იმ პერიოდში, როდესაც „ეპიკ ამბასადორი“-ს დირექტორი იყო ერთი წლით და ორი თვით, მან საქართელოს სუს-ის დავალებით უამრავი რამ ჩაიდინა და ბიძინას „დაუდო“ ის, რასაც მისგან ითხოვდნენ. ზოგადად, საქმე უნდა დამთავრებულიყო ჩემი ფიზიკური მოსპობით. 2021 წლის 20 მარტს საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი. მომწამლეს და სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. ამის შესახებ ტვ „ფორმულაზე“ სიუჟეტიც გავიდა.ასე რომ , დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დეტალების ნახვა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი გახდა ვინ მომწამლა. საინტერესოა, რომ ჩემს შემდეგ, როგორც ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, მან კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თან ეს ადამიანები მისი უახლოესი ნათესავები იყვნენ. საქმე ეხებოდა ქონებას, რომელზეც ორი მილიონი დოლარის ვალდებულება არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით. სახელმწიფო ამ თანხის გაცემას აჭიანურებდა და ამასთან დაკავშირებით მთელი ეპოპეა იყო გამართული, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა და მოვა დრო, როდესაც ყველა ყველაფერზე აგებს პასუხს. ვიღაცას ჩემი ბედი თავის ჭკუაზე გადაეწყვიტა, მაგრამ ღმერთმა ეს არ ინება, მე ცოცხალი დავრჩი. საბოლოოდ, მე მაინც აღვდექი „ეპიკ ამბასადორის“ დირექტორად და კომპანიის 100 % წილის მფლობელიც გავხდი. საოცარი იყო ის, რომ კომპანიაში, რომელშიც თითქმის ყველა ჩემი მოყვანილი იყო, ყველა საქართველოს სუს-ის „პროგრამაში“ ინტეგრირდა ერთი გამონაკლისის გარდა. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა მათ ოქროს კოშკები აუშენა სიტყვებით, უკვე „ეპიკ ამბასადორის“ გარეთ და საბოლოოდ ყველა ერთად გადაჩეხა უფსკრულში. თავად კი იმით დაამთავრა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა საქართველოში. ეს ნარკოტიკი უნდა დარიგებულიყო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე… მოკლედ, სუს-ის ბინძური ჩანაფიქრი იყო, რომელიც ჩაიშალა და რამდენიმე გაბრიყვებულმა ადამიანმა ციხეში ამოყო თავი. რა თქმა უნდა ჩემი ყოფილი პარტნიორი არ დაუჭერიათ, რადგან ნომრიანი აგენტია. იგი უცხოეთში გაუშვეს, ბიძინამ დაუფასა ნაშრომი. ეს ყველაფერი ტელევიზიებით გაშუქდა და დაინტერესებულ მკითხველს ამის ნახვაც შეუძლია.
2022-2024 წლებში კიდევ ბევრი რამ გადამხდა, საბოლოოდ დამიწვეს სახლი კოჯორში, სადაც ვცხოვრობდი, მომიგზავნეს კრიმინალები, სუს-ის ფინიები, რომლებიც ჩემს ყოფილ პარტნიორთან ერთად მუშაობდნენ სუს-ის დავალებით. 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან იძულებით ემიგრაციაში ვარ აშშ-ი. მადლიერი ვარ ამერიკის, რადგან როცა გამიჭირდა, სწორედ ამერიკას შევაფარე თავი. ეს უტყუარი ქვეყანაა, გასაჭირისას ყველა ამერიკაში მორბის.
ივანაშვილმა ჩემთვის ნასამართლეობის აკიდებით, ჩამომაშორა (1 წლით და ორი თვით) იმ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომლისგანაც საფრთხეს გრძნობდა. ბიძინასთან დაახლოებული წყარო მეუბნებოდა, რომ მარტო შენი ეშინიაო. ანუ, ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და აკვიატებული აზრებით დაიტანჯა. მან მოახერხა და გადაიბირა ჩემი ყოფილი პარტნიორი და მისი დახმარებით ყველაფერი გააკეთა, რათა ჩემი აქტივობა ჩაეხშო. საბოლოოდ, იმასაც მიაღწია, რომ მე იძულებით ემიგრაციაში წავედი.
იმ დაჭერების ფონზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, გასაგები უნდა იყოს ის, რომ მეც ციხის კანდიდატი ვიყავი, თუ მანამდე ფიზიკურად არ გამანადგურებდნენ. თან მე არ ვიყავი საჯარო ფიგურა, ჩემს შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა. მე ჩუმად ვაკეთებდი საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს და ზედმეტად არასოდეს არ მიხმაურია.
–რატომ იყო თქვენსა და ბიძინას შორის შუამავალი „როტშილდ ჰაუზი“ ?
– ბიძინა, 2018 წლიდან, შესული იყო მოლაპარაკებებში დასავლეთის სპეცსამსახურებთან და აპირებდა რუსეთის ფეესბედან მათთან გადაბარგებას, რაც ბოლოს ვერ მოახერხა და ჰაერში გამოეკიდა (ეს დეტალურად მაქვს აღწერილი წინა ინტერვიუებში). ასეთი ურთიერთობა (ხელისუფალის გაყვანა ქვეყნიდან) ხდება ხოლმე სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით და როგორც ჩანს, ამჯერად შერჩეული იყო „როტშილდ ჰაუზი“, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა ბიძინას პოლიტიკიდან გაყვანის ოპერაცია. ამასთან, „როტშილდ ჰაუზი“ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი დიდი ინვესტორი საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მოკლედ, შესრულდა ბიძინას მოთხოვნები, ჩემთან დაკავშირებული კაპრიზის ჩათვლით (მაშინ ასე მეგონა) და ბიძინამ 2021 წლის 11 იანვარს დატოვა ქართული პოლიტიკა, თან „ფონდ ქართუს“ (ანუ რუსეთის ფეესბეს აქტივების მმართველს) ჩააბარა ბიძინამ მთელი ქონება ტაბელური იარაღივით და თვითონ გამოაცხადა, რომ დაიტოვა 200 მილიონი ჯიბის ფულად. გარეგნულად ჩანდა, რომ ბიძინამ მიიღო გარკვეული გარანტიები და პოლიტიკიდან გავიდა. მე მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან ბიძინას მოშორებას საქართველოდან ნამდვილად სასარგებლო საქმედ ვთვლიდი. მაგრამ გამოჩნდა, რომ ასე ადვილად არ იყო საქმე და მოჭადრაკე ბიძინას თავისი ჩანაფიქრები ჰქონდა…ბიძინასთან დაკავშირებულ დეტალებს აღარ მოვყვები, რადგან დეტალურად მაქვს „ალიასთვის“ მოთხრობილი და დაინტერესებული მკითხველი უპრობლემოდ ნახავს თქვენთან.
კომენტარები