BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.
ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
დებორა ტერნესის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტერნესის განმარტებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მას, როგორც BBC-ის ახალი ამბების აღმასრულებელ დირექტორს.
„საჯარო ცხოვრებაში ლიდერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი და სწორედ ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა დებორა ტერნესმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება BBC-ის დოკუმენტურ ფილმს. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული BBC-ის შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.














კომენტარები