აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გაიცა პირველი ამერიკული პასპორტი ნიშნით “Х სქესი”. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
დოკუმენტში ტრადიციული მდედრობითი ან მამრობითი სქესის ნაცვლად აღნიშნულია “Х სქესი”.
დეპარტამენტის ცნობით, “X” ნიშანი ეხება არაბინარულ, ინტერსქეს და გენდერულად არაკომფორტულ პირებს, რომლებიც აშშ-ის პასპორტის ან დოკუმენტების მისაღებად განაცხადს ავსებენ და ითხოვენ აშშ-ის პასპორტს ბავშვებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა მათი მშობლები აშშ-ის მოქალაქეები არიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, ყველა შესაბამისი სისტემა და სამთავრობო ფორმა განახლდება და ეს სერვისი ყველა განმცხადებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
“ამ პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფლებას, ღირსებასა და თანასწორობას ყველა ადამიანისთვის – მათ შორის ლგბტქ + პირებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კომენტარები