ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზე უკრაინისთვის რუსული წარმოების S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები თურქ კოლეგებს წინადადებას გასული თვის განმავლობაში სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნით არ მიუმართავთ. მათივე ცნობით, უკრაინისთვის S-400 სისტემების გადაცემაზე საუბარი ასევე წამოიჭრა თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტის დროს. ანალიტიკოსების აზრით, ეს იდეა უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაძლიერებას და ანკარა-ვაშინგტონის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
S-400 ანტისარაკეტო სისტემები აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირების საგანი იყო. თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა პირველად 2019 წლის ივნისში მიიღო. ამის საპასუხოდ აშშ-მ თურქეთს თავდაცვით ინდუსტრიაზე სანქციები დაუწესა და ანკარა F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა.
კომენტარები