„მე არც ვინმეს ნიჭიერებას ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია, არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი,“- ასე ეხმაურება თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თამაზ მეჭიაურმა თიანეთში მერის პოზიცია, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა, ნიჭიერ კანდიდატს უნდა დაუთმოს.
„ჩემი ლტოლვა ამ ადგილისადმი, ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მე მგონია, რომ დღესდღეობით ვჭირდები ჩემს კუთხეს. მაქვს არაერთი ადამიანის თხოვნა, რომ კენჭი ვიყარო.
ასე რომ, ჩემი შესვლა და გამოსვლა ამ ბრძოლაში არ არის მარტო ჩემზე დამოკიდებული. არც რაიმე სანაცვლო თანამდებობა იქნება ჩემთვის ამის წინაპირობა, რაც არ უნდა დიდი და მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს ის თანამდებობა.
არსებობს ვალდებულება შენი კუთხის მიმართ, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა,“- ამბობს თამაზ მეჭიაური.
თიანეთის მერობის კანდიდატი ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან ურთიერთობის გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილთან უკეთესი თანამშრომლობის იმედი ჰქონდა.
„ნაყოფიერი თანამშრომლობა მქონდა პრემიერ ბახტაძესთან. ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ ერთად. ასე თუ ისე ნორმალურად ვთანამშრომლობდი გიორგი გახარიასთანაც… რომ მეგონა ყველაზე უკეთესად ვითანამშრომლებდი პრემიერ ღარიბაშვილთან, მისმა დღევანდელმა განცხადებამ, ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა,“- განაცხადა მეჭიაურმა.
ცნობისათვის, განცხადება თიანეთის მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა.
„თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი
მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების” წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები