„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „კარტოგრაფიის საქმეზე“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახლად აღმოჩენილი რუკები არ არსებობს, რეალურად აღნიშნული რუკა კი კომისიას ნატალია ილიჩოვამ წარუდგინდა, თუმცა უკან დაუბრუნეს.
„არავითარი ახლად აღმოჩენილი რუკები არ არსებობს – ეს არის ტყუილი. 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკა კომისიას ჯერ კიდევ მისი საქმიანობის პირველ ეტაპზე, თავად ქალბატონმა ნატალია ილიჩოვამ წარუდგინა. ეს რუკა მოგვიანებით უკან დაუბრუნეს ქალბატონ ნატალიას. თუ რატომ არ მოხდა ამ რუკის გამოყენება და რა საფრთხეებს წარმოშობდა მისი გამოყენება, უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ. დღეს ბატონი ივერის პატიმრობა გვაქვს გასასაჩივრებელი და იმაზე ვართ კონცენტრირებულნი და ამიტომ მედიასთან კომუნიკაციას 6 საათის მერე შევძლებთ.
არის თუ არა ეს რუკა ავთენტური (როგორც ჟურნალისტებმა იკითხეს, დამოწმებული)? მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ჩემი აზრით, არც არის ეს საკითხი არსებითი. რუკა 1 ეგზემპლარი არ ყოფილა. ის შესაძლოა ბევრგან იყოს და ბევრს ჰქონდეს.
ცნობისთვის, ბატონი ივერის დამსახურებაცაა, რომ საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციას 1996 წლის საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკა უდევს საფუძვლად და სწორედ ამიტომ გადავურჩით 8000 ჰა მიწის „დაკარგვას”.
გაცილებით მეტს, თანმიმდევრობით და დეტალურად, ორშაბათიდან ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე ადვოკატს მასალებით ბრალდებულთან (რომელიც კარანტინშია) შესვლა და მისი დეტალური განხილვა არ შეუძლია, რადგან კომუნიკაცია გამყოფი შუშით ხდება, კოვიდ 19-ის გამო შემოღებული შეზღუდვების გათვალისწინებით“,- წერს მშვენიერაძე.
კომენტარები