ანი დვალიშვილი
რამდენიც არ უნდა ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათთვის სააკაშვილი დასრულებულია, რეალობა სხვაგვარია. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, როცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მთავარი მოქმედი პირი სწორედ პატიმარი სააკაშვილი იქნება. ეს მმართველ გუნდშიც კარგად იციან და ამიტომაც არის, ყველაფერს რომ აკეთებენ ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის, თუმცა მიშას საკუთარი ამომრჩეველი იმდენად მყარად ჰყავს მიბმული, როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ჰყავდა.
„პენიტენციურ სამსახურს დღესაც კი შეუძლია, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში დააბრუნოს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან ამის დრო არ არის. მიშა ციხეში აუცილებლად დაბრუნდება და 2024 წლის არჩევნებსაც სწორედ იქ შეხვდება. ამით, ხელისუფლება მის განეიტრალებას და ასე ვთქვათ, „დაჩმორებას“ შეეცდება, აქაოდა, გამოჯანმრთელდა და ციხეში გააგრძელებს სასჯელის მოხდასო. ამით, საკუთარ აქტივსაც შეაგულიანებს“, – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, თუმცა…
სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მის პრობლემას ნამდვილად არ მოხსნის. მითუმეტეს იმის ფონზე, როცა უკრაინული რადა და ევროპარლამენტარების ნაწილი, მის დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს და ძალიან, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ციხეში დაბრუნებული სააკაშვილი, ზედ არჩევნების წინ შეიწყალოს პრეზიდენტმა, რაც არჩევნებს ნამდვილ ბრძოლად აქცევს, ბრძოლად, სადაც შეიძლება თოფიც გავარდეს. ნაციონალების მხრიდანაც არაერთხელ თქმულა, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნამ, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, მაგრამ ისინი ამისთვის მზად არიან, რადგან სხვაგვარად ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. ის, რომ „ოცნება“ შესაძლოა არჩევნებით გაუშვან, ზღაპარია და ეს იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება და ხმის მიცემაც ელექტრონული. არ გააჩნია ოპოზიციას იმის ადამიანური რესურსი, რომ „ოცნება“ დაამარცხოს და ეს ყველაზე კარგად თავად იციან. აი, სამოქალაქო დაპირისპირება კი… ვიღაც იტყვის, დაპირისპირება ქვეყანას რამდენიმე წლით უკან დახევსო, მაგრამ ვის ახსოვს ქვეყანა, როცა საქმე ძალაუფლებას ეხება.
მეორეს მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინელთა გამარჯვებით რომ (და არა თუ) დასრულდება, ვოლოდიმირ ზელენსკის პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას მისცემს დასავლეთი და ერთ-ერთი პირველი, რასაც ის გააკეთებს, სააკაშვილის გამოთხოვა იქნება. ყველაზე მეტად, „ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების ეშინიათ, რომელიც მან შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოსცეს და ხელისუფლება უბრალოდ, ვერაფერს იზამს, ის იძულებული იქნება, მიშა გაათავისუფლოს, მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ყველა სამართლებრივ ნორმას არ ამოწურავენ. მანამდე ვერც პრეზიდენტი მოახერხებს შეწყალების აქტის გამოცემას და ისე, ადვოკატების ხსენებაზე, ვინმემ ხომ არ იცის, შალვა ხაჭაპურიძე სად გაქრა და რატომ აღარ ჩანს? მერე რა, რომ სასამართლო პროცესები ისეთი სიხშირით აღარ მიმდინარეობს, ხაჭაპურიძე ისედაც ყოველ დღე აკითხავდა სააკაშვილს და შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
ისევ მმართველ გუნდს დავუბრუნდეთ. „ოცნების“ ლიდერები ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა მშვიდობის მყარი გარანტიაა და რაც არ უნდა მოხდეს, სანამ ისინი არიან სათავეში, ქვეყანა შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.
„გუნდის ლიდერებმა რეგიონებში, ადგილობრივ აქტივს დაავალეს, რომ მათ მოსახლეობას შემდეგი გზავნილი მიაწოდონ – ნატო მზად არის, უკრაინა მიიღოს თავის რიგებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ომი დასრულდება და რაც მთავარია, დასრულდება უკრაინის გამარჯვებით. ანუ, ნატომ თავის რიგებში უნდა მიიღოს ისეთი ქვეყანა, რომელსაც სადაო ტერიტორია არ ექნება. საქართველოს ნატოში მიღება კი ზღაპარია, რადგან ჩვენ სწორედ რომ სადაო გვაქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამიტომ, დასავლეთი როგორც ჩვენ, ისე უკრაინას ატყუებს, რომ ერთი სული აქვს, ნატოში მიიღოს“, – გვეუბნება „ოცნების“ წარმომადგენელი და ცოდვა გამხელილი სჯობს, საქართველოს ნატოში მიღების შესაძლო თარიღად, საერთაშორისო ექსპერტები, 2050 წელსაც კი ვერ ასახელებენ, ანუ ჩვენ იმ დროისთვისაც ვერ თუ არ ვიქნებით მზად ნატოში გასაწევრიანებლად.
ცუდ დღეშია ეკონომიკა და ქართულ ეკონომიკას ურტყამს ტურისტული სეზონიც, რომელიც პრაქტიკულად, ჩავარდნილია. ჩვენ რამდენიმე სასტუმროს მფლობელს ვესაუბრეთ და ისინი ამბობენ, რომ უამინდობის გამო, სტუმრები უბრალოდ არ ჰყავთ. პარალელურად, კარგად იმუშავა პანიკამ იმის შესახებ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, შავ ზღვაში ქიმიური ნარჩენები ჩავიდა და ზღვას ბევრი ერიდება. მეტიც, დღევანდელი მდგომარეობით, აჭარის რეგიონში, იმაზე ბევრად ნაკლები ტურისტია, ვიდრე პანდემიის პერიოდში იყო და სასტომროს მფლობელები და რესტორატორები უკვე ღიად ამბობენ, ზაფხულის სეზონი მათ ვალებში დატოვებს.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამთო კურორტებზე, მაგრამ სვანეთსა თუ ფშავ-ხევსურეთშიც, ტურისტების ნაკლებობაზე ჩივიან. არადა, საქართველოში რუსეთიდან ლამის 200 ათასი ადამიანი გადმოვიდა და დაფუძნდა, მაგრამ მათ სამოგზაუროდ არ სცალიათ, უმეტესობა ბიზნეს საქმიანობას შეუდგა და შესაბამისად, ახალი საქმის აწყობას დრო და ადგილზე ყოფნა სჭირდება, დასვენება კი… ისიც ვთქვათ, რომ, ქართული საკურორტო სერვისი, ბევრად ძვირია, ვიდრე თურქული და მომსახურებაც თურქეთში უკეთესია. ეს პროცესი ადრე თუ გვიან, ქართულ ტურიზმს სერიოზულ პრობლემად რომ ექცეოდა, ადრეც ითქვა და როგორც ჩანს, ტურისტების უმეტესობა სწორედ თურქულ კურორტებს ამჯობინებს ფასისა და მომსახურების გამო. თანაც, არც ის არის დასამალი, რომ ზღვისპირეთში ერთგვარი ტენდენცია დამკვიდრდა, დასასვენებლად მისულ რუს ტურისტებს ეუბნებიან, სასტუმროში შეგიშვებ, თუ პუტინს შეაგინებო დ ბევრს ეს დისკომფორტს უქმნის. „პუტინის დედაც“ – ქართველები მარტივად ვამბობთ, მაგრამ რუსებს უჭირთ და უჭირთ იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებული, რომ მათ არ უღებენ და მერე ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში არ მოხვდება. გასულ კვირას, რუსეთიდან ჩემოსულ წყვილს იქაურ ყოფაზე ვესაუბრეთ და…
„მოსკოვში მოწყენილობაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ხალხი ფულის ხარჯვას ერიდება, აი, პრიგოჟინი რომ დაიძრა, მაშინ ცოტა გაგვიხარდა, გავერთობით თქო და ესეც ერთდღიანი იყო. ჭორია, თითქოს არ გვაქვს სოციალური ქსელები. გვაქვს, უბრალოდ ვერაფერს ვპოსტავთ, მაგრამ ვათვალიერებთ და ვიცით, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში. საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით და იმის მიუხედავად, რომ აქ მეათედ ვართ, ცოტა დისკომფორტს ვგრძნობთ. მიდიხარ ქუჩაში და ვიღაც გიკივის „პუტინ ხუილო“. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ როცა მე მიკივი ყურთან, მგონია, რომ მე მაგინებ, აგრესიის მეშინია. ამიტომ, შემდეგში კარგად დავფიქრდები, სანამ აქ ჩამოვალ. ორი კვირით ვაპირებდით დასვენებას, მაგრამ ერთ კვირაში გავბრუნდებით“…
დასასრულ – პარლამენტიდან დავით სერგეენკო გადის. ერთი შეხედვით უხმაუროდ, უმტკივნეულოდ, მაგრამ გარდა იმისა, რომ სერგეენკოს გასვლით მმართველ გუნდს ერთი ხმა აკლდება, ეს არ არის მათთვის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის უერთგულესი კადრი ტოვებს საკანონმდებლო ორგანოს და რაც მთავარია, ის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ. მოვიკითხეთ, ჩატარდება თუ არა საბურთალოზე არჩევნები სერგეენკოს შემცვლელის ასარჩევად და ნაწილი გვეუბნება, პროცედურულად ვერ მოესწრებაო, ნაწილი კი ამბობს, რომ ოქტომბერში არჩევნები აუცილებლად იქნება. ვინ იცის, ეგებ ეს მომავალი წლის ოქტომბრისთვის, გენერალური რეპეტიციაც კი იყოს, თანაც სად – დედაქალაქის ცენტრალურ უბანში!
კომენტარები