„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ქართული ოცნება“ 13 წლისაა და დაუსრულებელ ფერიცვალებაშია: ჯერ სააკაშვილებს ებრძოდა, მერე მათ გადარჩენას ცდილობდა, შემდეგ მათი მოთვინიერება უნდოდა, ახლა კი კრძალავს!
„ოცნება“ ლგბტ-ს არც იცავდა და არც ებრძოდა! ცბიერად „გვაპარებდა“: სხვა გზა არაა – უნდა შევეგუოთო და ვინც არ შეეგუებით – პოლიცია შეგაგუებთო! დღეს კი, როცა დონალდ ტრამპმა ლგბტ-ს ომი გამოუცხადა და ფაქტობრივად დაამარცხა, „ოცნებამაც“ თავდაუზოგავად შეუტია ლგბტ-ს!
თუ გახსოვთ, ვინმე დევიდ კრამერი რომ ვამხილე სააკაშვილების კონფერენციაზე? „ოცნებამ“ მაშინ სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა! დღეს კი, სახელმწიფოს სახელით დევიდ კრამერსაც ებრძვის და მთელს დასავლეთსაც!
„ოცნება“ აცხადებდა: კონსტიტუციაში ეროვნულ ცნობიერებაზე ჩანაწერი სახიფათოაო! დღეს კი, ეროვნული ცნობიერების მცველად გვევლინება!
„ოცნება“ ფარულად უსმენდა სამღვდელოებას და მოსმენების მასშტაბზე ხალხმა ანეგდოტიც კი შეთხზა: „სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“. დღეს „ოცნება“ ეკლესიის მცველად აცხადებს თავს, თუმცა, მოსმენები არ შეუწყვიტავს! ეკლესიის თემაზე უახლოეს დღეებში ცალკე წერილს დავწერ.
ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ „ოცნება“ გვარწმუნებდა: ჩვენზე არაკორუმპირებული ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლიაო, ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მე-6 ადგილზე ვართო! დღეს კი, სწორედ კორუფციაში ამხელენ ერთმანეთს. თანაც, საკუთარი პრეზიდენტები და პრემიერები მოღალატეებად გამოაცხადეს, საკუთარი მინისტრები და ჩინოვნიკები- ბიუჯეტის მძარცველებად. ამასთან, ყოველწლიურად, პრემიების სახით, ნახევარ მილიარდს იღებენ! კორუფციასთან მებრძოლმა კობახიძემაც ჩინოვნიკებს ნახევარი მილიარდის პრემიები დაურიგა და თავის ბიზნესმენებს 1 მილიარდის სახელმწიფო შესყიდვები გაუფორმა.
ბატონყმობის ეპოქაში ბატონები ანუ ფეოდალები ერთდროულად ჩინოვნიკებიც იყვნენ და ბიზნესმენებიც: თანამდებობაც მათ ეკავათ, ბიზნესიც მათი იყო, ქონებასაც ისინი ფლობდნენ და მოსახლეობაც დამონებული ჰყავდათ. ნუთუ ვერ ვამჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ფეოდალიზმს დაუბრუნდა?! ხუთი წელია ვამბობ, რომ ჩვენი დეპუტატების, მინისტრების, მოსამართლეების, მოკლედ, დიდი თუ პატარა ჩინოვნიკების უმრავლესობა ფეოდალია. რა თქმა უნდა, ყველა – არა, მაგრამ უდიდესი ნაწილი ნამდვილად ფეოდალია და ისინი ჩვენს დამონებას ცდილობენ!
ომის ვეტერანს შიმშილით სული ძვრება და მხოლოდ 100 ლარიანი დახმარება აქვს! მასწავლებელს, 8 თაობა რომ აღზარდა, 400 ლარიანი პენსია აქვს! ჩინოვნიკს, მლიქვნელობის გარდა, არაფერი რომ არ გაუკეთებია, ხელფასი 16 000 ლარი აქვს! მოკლედ, ასეთია ახალი ფეოდალების სახელმწიფო: ვითომ ეროვნული, ვითომ პატრიოტული, ვითომ დემოკრატიული, ვითომ თავისუფალი, ვითომ ხალხზე მზრუნველი, ვითომ დამოუკიდებლობის დასაცავად მებრძოლი, – ყველაფერში ვითომ!
ფერიცვალება და ხუთმაგი სტანდარტი – ეს სწორედაც რომ ივანიშვილის მართვის სტილია! მაგრამ კადრებზეც ბევრი რამეა დამოკიდებული: მარგველაშვილმა, ზურაბიშვილმა, გახარიამ და მრავალმა სხვამ სათანადოდ ვერ აუღეს ალღო ივანიშვილის მართვის სტილს. ღარიბაშვილმა ალღო აუღო, თუმცა, ყველაფერს კახურად ანუ ალალად „ხარშავდა“, აზრებსაც პატრიოტულს გამოთქვამდა და ეს „ოცნებას“ პატრიოტული ძალის სახეს უნარჩუნებდა.
ირაკლი კობახიძეს ივანიშვილმა სხვა როლი დააკისრა: სწორედ კობახიძე გვიხსნიდა, რომ კონსტიტუციაში ეროვნულ ცნობიერებაზე ვერაფერს ვერ ჩავწერთ! სწორედ კობახიძე პირადად მარწმუნებდა, რომ კოჰაბიტაცია და სააკაშვილების გადარჩენა ქვეყანას სჭირდება, თან, მეუბნებოდა – ეს ივანიშვილის დავალებააო! სწორედ კობახიძემ გამომაცხადა სახელმწიფოს მტრად, დევიდ კრამერი რომ ვამხილე სააკაშვილების კონფერენციაზე! სწორედ კობახიძე გვესაუბრებოდა ვაშინგტონის, ბრიუსელის, სტრასბურგისა თუ ვენეციის ავტორიტეტულობაზე, ახლა კი გვარწმუნებს: ესენი არაფერს წარმოადგენენო! ამ და სხვა ფაქტებზე მომდევნო წერილებში ვისაუბრებ.
ალბათ, გახსოვთ, ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ III-ის (842–867 წლები) მსახური, სახელად ბასილი, რომელმაც მაბეზღარობით, ტყუილებითა და ცილისწამებებით იმპერატორს ერთგული ხალხი შეაძულა და დააპატიმრებინა კიდეც, მეტიც, საკუთარი ბიძაც კი მოაკვლევინა. ბასილმა ისე მოაჯადოვა იმპერატორი, რომ მართვის სადავეებიც ჩაიგდო ხელში და ბოლოს, თავად იმპერატორიც მოკლა! შემდეგ კი, ტახტზე ბასილი მაკედონიელის სახელით ავიდა. პარალელს ვავლებთ?
დიახ, დიახ, ირაკლი კობახიძე ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელია! ის სიღრმისეულად ჩასწვდა ივანიშვილის სულს, გულსა და ხასიათის თავისებურებებს, შეიცნო, რა დროს „ჩააგდოს“ ცრუ-სიტყვა, რა ვითარებაში „ჩააწოდოს“ ცბიერი აზრი, რა მდგომარეობაში „ჩაუფინოს“ ბოროტი ტყუილი.
კობახიძე დღეს პრემიერ-მინისტრია, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 10 წელია პოლიტიკაშია, ვინმემ ამიხსნას, რა არგო კობახიძემ ქვეყანას და ხალხს? ვინმემ დამანახოს, მისი კეთილი საქმეები!? სინამდვილეში კობახიძეს მაბეზღარობის, ცილისწამებისა და ადამიანების განადგურების გარდა, რაიმე სასარგებლო და სასიკეთო საქმე არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის არ გაუკეთებია.
კობახიძემ მოაჯადოვა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი! 10 წლის წინ ივანიშვილს შეხვდებოდით და გადაარწმუნებდით, ის საღ აზრს იზიარებდა! დღეს ხმასაც ვერ მიაწვდენთ – კობახიძე გადაგეღობებათ! კობახიძემ იმდენად მოაჯადოვა ივანიშვილი, რომ უერთგულეს ხალხს ასჯევინებს! ღარიბაშვილისთვის ივანიშვილზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს და, ვინც ღარიბაშვილს იცნობს – ესმის, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს არასდროს უღალატებს. ეს ივანიშვილმაც იცოდა, მაგრამ ივანიშვილს აზრი შეუცვალეს და ყველაზე დიდი წვლილი ამაში სწორედ კობახიძემ შეიტანა – ამას ღარიბაშვილის დასაცავად კი არ ვწერ, არამედ იმიტომ ვწერ, რომ გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდი საშიშროებაა ამ ქვეყნისთვის ირაკლი კობახიძე!
„ოცნების“ არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ დავუბრუნებივართ სააკაშვილის ეპოქაში, კობახიძემ კი დაგვაბრუნა! მეტიც, საბჭოთა ეპოქაში დაგვაბრუნა!
ათობით უკანონობაა დაკანონებული! მე პირადად ვიცნობ ივანიშვილს და გეუბნებით – ის არ ქმნის კანონებს! ამ უკანონო კანონების ავტორი კობახიძეა და ეს კანონები რეალურად კობახიძის ძალაუფლებას აძლიერებს!
სწორედ კობახიძემ გვაუწყა ტელეეკრანებიდან, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის პარტიები დარჩება, რომლებიც მას დაემორჩილებიან! ეს ჩემთვის სიახლე არაა, ადრეც დავწერე და გავმეორდები – კობახიძეს სძულს ყველა, ვისაც კონკურენტად მოიაზრებს! 7 წლის წინ არ მალავდა, რომ „ოცნების“ გარდა, ყველა პარტია ხუთ პროცენტიანი უნდა იყოს და თანაც, მისი მორჩილი! 7 წლის წინ არ მალავდა, რომ ხელოვნურად უნდა შექმნან პარტიები, დანარჩენები კი – გაანადგურონ! ანუ შექმნეს მაგალითად, „გირჩი“, პატრიოტთა ალიანსის განადგურებას კი, წლებია ცდილობენ! პარტიებზეც სულ მალე ცალკე წერილს დავწერ.
მასობრივი დაჭერების თვალსაზრისით, კობახიძე სააკაშვილს უკვე დაეწია და მალე გადაასწრებს კიდეც, საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და ამას მიაღწია კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის თანხმობით ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მერაბიშვილი და ადეიშვილი რომ არ ჰყოლოდა – დაჭერების მასშტაბი ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეში ერთდროულად სულდგმულობს მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და თავად სააკაშვილიც! სააკაშვილი თავისიანებს მაინც ინდობდა! კობახიძე კი, ყველაფერზე ხელისმომწერია, ის ყველას შეგვეხება, პირადადაც შეგვეხება და ჩვენს ოჯახებსაც არ დაინდობს!
კობახიძე არაერთხელ ესტუმრა ირანს. ეტყობა, იქ ძველი სპარსული „სიბრძნე“ შეისისხლხორცა: „სამეფო ტახტი უდაბნოში ამოზრდილ ხესა ჰგავს, თუ შენიანების სისხლით არ მორწყე, გახმება!“ ჰოდა, როგორც კი ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელი ანუ ირაკლი კობახიძე ძალას მოიკრებს, არც ივანიშვილს დაინდობს!
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2025 წლის 3 ნოემბერი.
გაგრძელება იქნება“














კომენტარები