ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა, რომელიც დღეს სუს-ში გამიკითხვაზე იყო დაბარებული, ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,საკითხი ჩემს საჯარო განცხადებებს ეხებოდა – ძირითადად, Palitranews-ზე გუშინდელ ეთერს, სადაც მე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ვისაუბრე, რაც შეიძლება, ამ ომის ფონზე, ირანის მხრიდან რეალიზებული იყოს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რაც ამ განცხადებებს მოჰყვება, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. მე კი ვფიქრობ, რომ საქმე პირიქითაა. სჯობს, ჩვენ ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ თემაზე ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბარი იყო […]
ჩემი გუშინდელი ინტერვიუ, რასაც დღევანდელი გამოკითხვა ეხებოდა, იმით დავიწყე, რომ ჩემს ანალიზში მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ვეყრდნობი და ამის ფარგლებში ვსაუბრობდი. ეს გამოკითხვაზეც დავადასტურე. მე რომ რაიმე სპეციფიკური მცოდნოდა, ამაზე საჯაროდ არ ვილაპარაკებდი და პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შევატყობინებდი”. – თქვა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, 9 მარტს, PALITRANEWS-ის ეთერში ჟურნალისტმა გიან ხუხაშვილს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადება წაუკითხა, რომლითაც ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში “არააუცილებელი” მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. სააგენტოს განცხადებებში წერია, რომ აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ირანის მხრიდან ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედების რისკი მაღალია. ამაზე ხუხაშვილმა უპასუხა, რომ საფრთხე რეალურია და შეიძლება, ტერაქტების სერია დაიწყოს.














კომენტარები