ასტროლოგი რამაზ გიგაური:
„რა თქვა ერთმა ადამიანმა (რა იგულისხმა ნათქვამში) და რა გაიგო მეორემ (რა გააცნობიერა) – აბსოლუტურად სხვადასხვაა.
ახლა ასე ვთქვათ, ამ პირველი ადამიანის ნათქვამი გაიგო მეორემ, მეორემ მოუყვა – მესამეს, მესამემ მისწერა – მეოთხეს, მეოთხემ გადასცა – მეხუთეს და ასე მიაღწია მეექვსემდე ან თუნდაც მეასემდე.
ბოლოს აღმოჩნდება, რომ პირველს ნათქვამსა და მეასეს გაგებას შორის უზარმაზარი უფსკრულია. ის წინადადება თუ ამბავი, რაც პირველი თქვა თუ მოყვა, მეასემდე არა მხოლოდ სხვა წინადადებებით მივიდა და აზრი დამახინჯდა, არამედ საერთოდ, სხვა და შესაძლოა, აბსოლუტურად, საწინააღმდეგო შინაარსიც კი მიიღო.
ამ მეთოდს „ჭორების გავრცელება“ ეწოდება და ხშირად ხდება დემონსტრირება ტრენინგებზე. ზოგჯერ ამას სიტყვების გარეშე, მხოლოდ ხელების და ფეხების მოძრაობით აჩვენებენ. მაგალითად, ერთმა შესაძლოა მეორეს მოტოციკლეტის დაქოქვის იმიტაცია დაანახოს, ანუ იგულისხმება, რომ ამ ადამიანმა წარმოსახვით დაქოქა მოტიციკლეტი. მეორემ დაინახა ეს მოძრაობა და მესამეს, რომელიც მისგან ზურგით დგას, შემოატრიალა და იგივე დაანახა, ანუ ჟესტიკულაციით გაუმეორა პირველის მოქმედება (მოტოციკლეტის დაქოქვა). მესამემ იგივე მოძრაობა უნდა დაანახოს მეოთხეს (რომელიც მანამდე ზურგით იდგა) და ა. შ. რამდენიმე ადამიანის იქით მოტოციკლეტის დაქოქვის იმიტაცია ხდება ბავშვის დაძინების, დანანავების იმიტიაცია და თუ კიდევ შორს გავალთ (მე-10, მე-20 ადამიანამდე), ეს შესაძლოა გახდეს სექსუალური მოძრაობის იმიტიაცია. არა და პირველმა ადამიანმა „მოტოციკლეტი დაქოქა“
რატომ ხდება ასე?
იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი თავისი წარმოსახვით ცვლის იმ ამბავს, რაც გაიგო (თუ მოქმედებას, რაც დაინახა).
ამაზეც ბევრი დაწერილა და გადაღებულა. ასე უცბად, მახსენდება ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობა, სადაც ფსევდო-დეტექტივს ფანჯრის რაფაზე გატეხილი ბოთლიდან დაღვრილი კვაწარახი სისხლი ჰგონია, ხოლო მაგიდაზე გადაშლილი „ვეფხისტყაოსანი“, სადაც იკითხება „მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები“ ძარცვის მინიშნება.
იგივე ხდება ფილმში „თორმეტი განრისხებულ მამაკაცი“, სადაც მოხუც მოწმეს ჰგონია, რომ ყვირილის შემდეგ, მოასწრო ფანჯრამდე მირბენა და ბიჭის დანახვა, რომელმაც მოკლა მამა. არა და შემდეგ, აღმოჩნდება, რომ მოწმე ცდება. არა ტყუის, არამედ წარმოსახვისა და ამბიციის გამო, დაიჯერა ის, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. რა შუაშია ამბივია? ეს არის ის ამბიცია, რომ გამომძიებელისთვის „საჭირო“ ადამიანი გახდა, რომ ის ვიღაცას დასჭირდა, ამიტომ მისი მხრიდან თითქოსდა არასწორი იქნებოდა იმის აღიარება, რომ „მოვხუცდი, ვერ ვმოძრაობ სწრაფად, ვერ მივასწარი ფანჯარასთან. ასე რომ, არ დამინახავს, ვინ ჩაირბინა“.
და თუ ეს მიდის წარსულში ან შორეულ წარსულში, დავუშვათ, რაიმე ამბავი ჩვენ გვცილდება 100, 200 ან თუნდაც 1000 წლით, ეს ჰგავს სრულ უკუნში ხელის ცეცებით სიარულს. აქ მხოლოდ და მხოლოდ გვრჩება ის, რაც ჩვენმა გონებამ ჩვენი არსებობის მანძილზე შეაგროვა და მერე ამ ცალკეულ და დიდი ალბათობით მცდარ ფრაგმენტებზე დაყრდნობით სუბიექტური დასკვნა გამოიტანა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ რას გრძნობდნენ იმ დროში ის ადამიანები. ჩვენ ვიგრძნობთ მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ჩვენი ეს გრძნობა დამოკიდებულია, რამდენად თანაგრძნობით ან კრიტიკულად ვარ განწყობილი რომელიმე ადამიანის თუ მოვლენის მიმართ.“
კომენტარები