ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ატეხილი სკანდალი ახალ ფაზაში შევიდა. ორშაბათს გამთენიისას სასამართლო გადაწყვეტს, შეეძლება თუ არა აუცრელ რეკორდსმენ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში და თუ განაჩენი ნოლეს საწინააღმდეგო იქნება, მას ავსტრალიის დატოვება მოუწევს.
ახლა კი გავრცელდა ფოტო, რომელმაც ჯოკოვიჩზე ყველა კიდევ უფრო აქტიურად აალაპარაკა, მისი სიტუაცია კი უფრო მეტად გაამძაფრა.
18 დეკემბერს ჯოკოვიჩს ფრანგული გამოცემა L’Équipe-ისთვის ჰქონდა ფოტოსესია, რომლის დროსაც პირბადე არ ეკეთა. მისი ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ჯოკოვიჩს კორონავირუსი ამ ფოტოსესიამდე ორი დღით ადრე, 16 დეკემბერს დაუდასტურდა. გამოდის, რომ ინფიცირების მიუხედავად, ნოლე შეხვედრებს მართავდა, ან ტესტის თარიღია არასწორი. ნოლეს ორივე შემთხვევაში პრობლემები ელის.
როგორც იცით, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში სერბ ჩოგბურთელს, რომელიც სავარაუდოდ აუცრელია, გარკვეული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, სამედიცინო გამონაკლისის სახით, ნება დართეს, მელბურნში ჩასულიყო და წლის პირველ დიდ სლემზე ეთამაშა, თუმცა სასაზღვრო სამსახურში სხვა აზრი ჰქონდათ – ნოვაკი ჯერ აეროპორტში დაკითხეს, შემდეგ კი ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს და ამჟამად ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროშია. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჯოკოვიჩს ტურნირზე დაუშვებენ, თუ ქვეყნიდან გაუშვებენ.
ადვოკატების მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი პირველი დადებითი კოვიდ-PCR-ტესტის პასუხი 16 დეკემბრითაა დათარიღებული და სწორედ ამ თარიღის გამო მისცეს მას თავდაპირველად ავსტრალიის ღია პირველობაზე აუცრელად თამაშის უფლება. არადა, ხსენებულ 16 დეკემბერსაც ჯოკოვიჩი სერბეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც პირბადის გარეშე ადამიანებთან საკმაოდ ახლო კონტაქტი ჰქონდა. გაურკვეველია, იცოდა თუ არა იმ დროს ნოლემ თავისი PCR-ტესტის შედეგი – თუკი საერთოდ არსებობს ასეთი.
ამ ყველაფერს ახლა L’Équipe-ის ფოტოსესიის ამბავიც დაემატა, რომელიც 18 დეკემბრითაა დათარიღებული. ორი ვარიანტია: ან ინფიცირებული ჯოკოვიჩი შეხვედრებს მართავდა, ან მისთვის კორონავირუსის დადასტურების თარიღი სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი ვერსიის სიმძიმეს რომ თავი დავანებოთ, მეორე ვერსიის შემთხვევაში გამოდის, რომ საბუთები იმ გამონაკლისისთვის გაუყალბეს, რომლის კანონიერებასაც სასამართლოში ედავებიან…
წყარო: popsport.com

კომენტარები