ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში.
მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას – „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ – კი 105 ადგილი.
ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“.
ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან დომინირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. თუმცა, სექტემბერში მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ორწლიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში კორუფციისა და ავტორიტარიზმის ნელ-ნელა დამკვიდრებას. სერბეთში საპარლმენტო არჩევნებში გუშინ ჩატარდა. არჩევნებში ამომრჩევლების ისტორიულად მაღალი, თითქმის 70-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.











კომენტარები