მედდა, რომელმაც 27 გარდაცვლილი ახალციხელი ექთანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გარდაცვლილ ექთანს დროულად ჩაუტარდა.
“მშვენივრად იყო, ინტერვიუც ჩაწერა და სადღაც 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა. ზოგადი სისუსტე და ქავილი – ოდნავ მექავებაო. მაშინვე, ამას ვადასტურებ, მაშინვე გამზადებული [ადრენალინის] შპრიცი ბარძაყზე გაუკეთდა – მაშინვე.
რაღაც 5 წუთში უკეთ იგრძნო თავი, თითქოს დამშვიდდა, დაწყნარდა. მონაცემები ნორმალური ჰქონდა. შემდეგ უკვე იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი და მაშინვე დავუძახე რეანიმატოლოგს.
რეანიმატოლოგი რომ მოვიდა, კრუნჩხვებში ჩავარდა, აღებინა და დაეწყო კრუნჩხვა. აი, როდესაც კრუნჩხვა დაფიქსირდა, მაშინვე გაუკეთეს დიაზეპამი. შემდეგ უკვე რამდენჯერმე გაუჩერდა გული”, – ამბობს ექთანი.
თავდაპირველად 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მას შოკი დაემართა და სუნთქვა უჭირდა. შეუძლოდ მყოფი ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღესვე გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობაზე არ მიანიშნებს, ვინაიდან ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, თუმცა იშვიათი გვერდითი მოვლენაა.
ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მა გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთიხლებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები