• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიცია გზაარეული ახალგაზრდობის იმედად დარჩა ქუჩაში” – 4 დეპუტატი პარლამენტში შედის

ალია ავტორი - ალია
14:25 01-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“პატრიოტთა ალიანსის” სიის წევრებმა ზაზა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტები” შექმნეს და ამ სახელწოდებით შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ დრომდე ერთპარტიული იყო. ისინი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას “გზაარეული ახალგაზრდების” იმედი აქვს, გარდა ამისა, განცხადებაში ისინი აცხადებენ, რომ “ვერ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც დადებს მტკიცებულებებს იმისა, რომ რომელიმე ამომრჩეველი ხელების გადაგრეხვით მიიყვანეს საარჩევნო ყუთთან ან ამავე გზით მოაწერიეს ოქმზე ხელი.”

“ალია” მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს ჩვენ – ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი – როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“-ს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, ვერთვებით საპარლამენტო მუშაობაში და საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას განვუმარტოთ ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანები.

 დღეს ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიამ შექმნა მძიმე ეკონომიკური კრიზისი და გაართულა ჩვენი მოქალაქეების ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა. ამ ვითარებაში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო მმართველი პარტია, თითქოს, ხელს უწყობს მათ ასეთ ქმედებას.

 აშკარაა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა დღეს ხელს აძლევს ორ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის კოაბიტაციის ერთგვარი გაგრძელება, რისთვისაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მწვავედ ვაკრიტიკებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. „ნაციონალებს“ სურთ ქუჩაში დარჩენა იმის იმედად, რომ ხელისუფლებას ფეხი წაუცდება და ამის ხარჯზე, გზაარეული ახალგაზრდობის მცირე ნაწილის იმედად, ქვეყნის არევას და რევოლუციური სცენარის ამოქმედებას შეძლებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის იმედი, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას საბოლოოდ გაანადგურებს.

  არც ერთი და არც მეორე მიდგომა არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდობის ემიგრაციას სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა, ის ვისაც ამისი მანდატი აქვს უნდა იყოს პარლამენტში.

  ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას რაც არ უნდა ის მცირე იყოს, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე  კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ  გადაწყვეტილებაზე.

მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით.

 შეიძლება დაისვას კითხვა, ვფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები გაყალბდა. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება. ჩვენ კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიებისგან ვერ ვიხილეთ.

მეორესმხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი. იყო პრობლემები „საარჩევნო კოდექსშიც“, თუმცა, თავის დროზე არც ერთ პარტიას არ უთქვამს უარი ამ კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი 9 პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნებით“ ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად ამ არჩევნებში. ვერ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც დადებს მტკიცებულებებს იმისა, რომ რომელიმე ამომრჩეველი ხელების გადაგრეხვით მიიყვანეს საარჩევნო ყუთთან ან ამავე გზით მოაწერიეს ოქმზე ხელი. ყველამ ეს გააკეთა თავისი ნებით. როგორ მივიდა, ამა თუ ის ამომრჩეველი, ამ თავის გადაწყვეტილებამდი, ეს უკვე სხვა საკითხია, საკითხი რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში.

პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ. პირადად მე გახლდით 2016 და 2020 წლის არჩევნებში პასუხისმგებელი და კურატორი პარტიიდან სამეგრელოს რეგიონში. რამაც გარკვეულწილად განაპირობა პარტიის მიერ დადებული შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლიბა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით.

  მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული.

ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის“ და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.”

თეგები: 2020 არჩევნებიევროპული სოციალისტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved