ოპოზიცია დღეს დიპლომატებს შეხვდება და იმ წინადადებებს გააცნობს, რომელთა შესახებაც გუშინ „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.
„ყველა საკითხი, რაზეც მათთან ვმსჯელობთ, მინდა, რომ საჯაროდაც გამოვიტანოთ და საერთო დისკუსია იყოს, რადგან მგონი ყველა დავიღალეთ რაღაც დამალობანით“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„ოპოზიცია ამ შეხვედრაზე ერთიანი პოზიციით წარდგება, რის შემდეგაც ვისაუბრებთ კონკრეტულად იმ ნაბიჯებზე, რის გადადგმასაც ვაპირებთ“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, კი ელჩებს შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ.
„ამის შემდეგ იქნება ალბათ ელჩების კონსულტაცია „ქართულ ოცნებასთან“ და შემდეგ უკვე მესამე რაუნდი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ შედეგიანი იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მესამე რაუნდის ჩანიშვნა დამოკიდებულია მოდერატორებზე, რომლებიც აფასებენ სიტუაციას, რამდენად არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოება“.
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, „მაგიდაზე კონკრეტული ჯერ არაფერი დევს“.
„თუ შეთანხმება არ მოხდა, ისეთი პირი უჩანს, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არავითარი კომპრომისი არ ჩანს.
„ისევ იმ პოზიციაზე ვართ, რომელზეც ვიყავით“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი კი, კრიზისის განსამუხტად ერთადერთ გზად ვადამდელ არჩევნებს მიიჩნევს.
„ამაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება, ოპოზიციას თავისი ნაბიჯები გადადგმული აქვს“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.
კომენტარები