ტელე-დიქტორისა და ,,მოამბის“ წამყვანის, პირველი „მის თბილისის“, ეკა ჩხეიძის მიერ პირდაპირ ეთერში, წარმოთქმულმა სიტყვებმა შეძრა სრულიად საქართველო. 1991 წელი იყო. ,,მოამბის“ წამყვანი, ოპოზიციის პარლამენტის შენობაზე სამხედრო შტურმის დაწყების შესახებ იუწყებოდა. ქალბატონი ეკა ის დიქტორი გახლავთ, რომელიც თბილისის ომის იმ ტრაგიკულ დღეებში, ბუნკერიდანაც გადმოსცემდა ინფორმაციებს… მას შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, თუმცა ქალბატონი ეკა დღესაც საოცარი ემოციით იხსენებს ამბებს ყველაზე ტრაგიკული უახლესი ისტორიიდან…
– ქალბატონო ეკა, ლეგენდარული წამყვანი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ტელე-დიქტორი ხართ. ტელევიზიაში როგორ მოხვდით?
– თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და იქიდან გამიშვეს ჯერ მარჯანიშვილის თეატრში და შემდეგ – ტელევიზიაში. 1989 წლიდან პირველ არხზე ვიყავი.
_ ეკა, თქვენის ტელეწამყვანი ხართ, რომელმაც 1991 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა რომ ე.წ ოპოზიციამ შტურმით დაიკავა ტელევიზია – გახსოვთ ეს ემოცია?
– ამ ემოციის დავიწყება შეუძლებელია. ეს იყო წარმოუდგენელი წუთები, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. პატარა ბავშვი მყავდა და თავისუფლად შემეძლო არ მივსულიყავი იმ დროს სამსახურში და ვერც ვერავინ მისაყვედურებდა ამის გამო, მაგრამ იქ ვიყავი და ბოლო წუთამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მაშინ , მახსოვს, პარლამენტის მეოთხე სართულზე განათავსეს სატელევიზიო სტუდია და ვიდრე ანძა არ გათიშეს, იქამდე ეთერში ვიყავი.
– გაიხსენეთ, რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?
– საშინელ პირობებში ვმუშაობდით, ტყვიების ზუზუნში. პირდაპირ ეთერში შემოაცურებდნენ ფურცლებს და ვკითხულობდით, ტექსტის დამუშავებისა და რედაქტირების არანაირი საშუალება არ იყო. დღე და ღამე პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი ,,მოამბის“ წამყვანების გარკვეული ნაწილი დარჩა მაშინდელ 1 არხზე, როდესაც ჩვენ წამოვედით -მე, დავით სოკოლოვი, ნანა კვირკველია, თამარ გელაშვილი, ქეთი ნიჟარაძე და კიდევ რამდენიმე დიქტორი ვმუშაობდით .
_ ზვიად გამსახურდიასთან თუ გქონიათ შეხება იმ პერიოდში?
_ დიახ და მასზე კარგის მეტს ვერაფერს გავიხსენებ, ჩემთვის ის იყო პატრიოტი ადამიანი. მახსოვს, ძალიან ღელავდა იმ დღეებში, მაგრამ პანიკა არ გამოუწვევია და არ დავუთრგუნივართ. სულ სხვანაირი კაცი იყო, მახსოვს, ძალიან თბილად მესაუბრებოდა, გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო…
_ ბუნკერშიც იყავით, გაიხსენეთ რა ხდებოდა იქ?
_ როცა უზენაეს საბჭოში ბომბი ჩამოაგდეს, მაშინ კანტუზია მივიღე და ჩამიყვანეს ბუნკერში, სადაც აღმომიჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ახლა ეს სათქმელად ადვილია. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტი ხარ შენივე ქვეყანაში და სრულიად დაუცველი.. მახსოვს, რამდენიმე საათი ვიყავი იქ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადამიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში. რამდენიმე დღე გამაჩერეს და მერე კონსპირაციულად წავედი იქიდან, სახლშც ვერ მივედი, შვილი გადამალული მყავდა. იყო მუქარის ზარები, გადაბირების მცდელობები და ა.შ. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში. თითქმის არავის ქართველი ჟურნალისტებიდან მსგავსი არ გადაუტანია, ეს არის მუშაობა სამოქალაქო ომის პერიოდში, პირდაპირ ბუნკერიდან, ტერორისა და მუქარების ფონზე.
_ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნკერში მყოფი ადამიანები ერთობოდნენ, რეალურად რა ხდებოდა იქ?
_ მე დიდი დრო არ გამიტარებია იქ, მით უფრო ტელესტუდია სულ სხვა სართულზე იყო განთავსებული, მაგრამ ვნახე მაგიდები, სადაც ათავსებდნენ დაჭრილებს დახმარების აღმოსაჩენად. სისხლის გუბეები იდგა, ვის ეცალა ღრეობისთვის, საშინელი ქაოსი, გაურკვევლობა და ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ვერსაიდან ვერაფერს ვიგებდით, ვიცოდით, რომ გარეთ საშინელება ხდებოდა.
_ ზვიადის წასვლის შემდეგ პირველ არხზე დაბრუნება აღარ შემოუთავაზებიათ?
– არაერთი შემოთავაზება მქონდა, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი და აღარ დავბრუნდი იქ სამუშაოდ. მე ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას და არა სამხედრო გადატრიალების გზით მოსულებს, კარიერისტი არასოდეს ვყოფილვარ. მეტიც, ჩემი ამ დღეების გადაწყვეტილების გამო, საოცრად დავიჩაგრე მეც და ჩემი ოჯახიც. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რას ნიშნავდა..
_ მაშინ როდესაც აცხადებდი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ მოვლენას, რა შეგრძნება გქონდა და ფიქრობდი, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები?
_ ვფიქრობდი, რომ კარგი აღარაფერი ხდებოდა არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის.
_ გროზნოშიც იყავით….იქ ზვიად გამსახურდიას შეხვდით?
_ დიახ. საქართველოში ინფორმაციული ვაკუუმი იყო და გროზნოში ჩავედი ჩემს შვილთან ერთად, სადაც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების დიპკორპუსის წარმომადგენლები. როგორც ჟურნალისტი, ვაძლევდი ინტერვიუებს, ვუცვლიდი ინფორმაციებს. ბატონ ზვიადს შევხვდი, დიდხანს ვისაუბრეთ. საოცარი ადამიანი იყო, დეტალურად გამიმხილა გეგმა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო, ვინ უღალატა და ვისი ნდობა არ შეიძლებოდა.. ვაპირებდით, რომ მისი ჩამოსვლის შესახებ მე უნდა მემცნო პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან სრულიად საქართველოსთვის. საოცრად პატრიოტული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, მახსოვს, გამიმხილა: თუ კანონიერი ხელისუფლება არ დაბრუნდება სათავეში, საქართველოს ბედი ცუდად წავაო. მის გარეშე საქართველოს შემდეგი 30 წელიწადი ზუსტად იწინასწარმეტყველა… ზუსტად ამიღწერა. ეს საუბარი არასოდეს დამავიწყდება, ვიდრე ცოცხალი ვარ. როცა გროზნოში ჩავედი, თბილისში ჭორები დამიყარეს, რომ მომკლეს. ზვიადთან სხვა თემაზეც ვისაუბრე, აქ ლაპარაკი არ მინდა.
_ ძალიან რთული წლები გამოიარეთ, თქვენ როგორც რეპრესირებულ ჟურნალისტისთვის არც ერთი მთავრობის მხრიდან არ ყოფილა რაიმე ფორმით დახმარების მცდელობა?
_ შევარდნაძის დროს მამაჩემი გაათავისუფლეს სამსახურიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემი იყო. მამა არაერთი ორდერის მფლობელი იყო, შრომის გმირობაზე წარდგენილი და ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარა იმიტომ, რომ ის იყო ჟურნალისტ ეკა ჩხეიძის მამა. ჩემი ძმა 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დღესაც არ ვიცი, რა მოხდა და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. 1991 წელს დამეღუპა მეუღლე და ძალიან მძიმე წლები გამოვიარე ჩემს პატარა შვილთან ერთად…
_დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ მოიქცეოდით იმ დროში რომ დაგაბრუნათ?
_ არც დავფიქრდებოდი,ზუსტად იმავეს . ზვიად გამსახურდია პატრიოტი კაცი იყო, სამხედრო გადატრიალების მხარეს, როგორც ჟურნალისტი, ვერასდროს დავდგებოდი!
ქალბატონი ეკა იუბილარია! დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებიც ვულოცავთ მას დაბადების დღეს. ჩვენს მილოცვას უერთდებიან კომპანიები: “ლუტეცია ჯგუფი”, კომპანია “კარფური”, საკონდიტრო “მადარტი”, “ნატახტრის ველი”. მადლობა მათ იმ სიურპრიზებისთვის რამაც ეკას დღეობა დაუვიწყარი გახადა.
ნინო კანდელაკი
კომენტარები