საფეხბურთო კლუბი ბეშიქთაში განცხადებას ავრცელებს და წერს:
“მკაცრად ვგმობთ უსაფრთხოების ძალების ქმედებას, რომლებმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ უეფა-ს ევროპა ლიგაზე, საქართველოს ქალაქ ბათუმში, ჩვენი მთავარი საფეხბურთო გუნდისა და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. მომხდარი ინციდენტების შედეგად დაზარალებულ გულშემატკივრებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრები და კლუბის ოფიციალური პირები ყურადღებით ადევნებენ თვალს პროცესს იმ მომენტიდან, რაც გულშემატკივრებმა სტადიონისკენ გადაადგილება დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების ძალები ჩვენს გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლისას დაბრკოლებებს უქმნიდნენ, დაუყოვნებლივ დავუკავშირდით უეფა-ს დელეგატს, რის შედეგადაც გაიხსნა სტადიონის საევაკუაციო კარები და უზრუნველყოფილ იქნა გულშემატკივრების სწრაფი და უსაფრთხო შესვლა ტრიბუნებზე.
ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები ბათუმში ჩვენს გენერალურ საკონსულოსა და უეფა-ში. აღვნიშნავთ, რომ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ, ვიდრე თითოეული ჩვენი გულშემატკივარი სამშობლოში მშვიდობითა და უვნებლად არ დაბრუნდება.
მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, რომელიც ესაუბრა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს, სერდალ ადალის, აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და გამხნევებისა და მხარდაჭერის სიტყვები გადასცა ჩვენს საზოგადოებასა და გულშემატკივრებს;
ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პატივსაცემ კლუბებს, რომლებმაც საქართველოში მომხდარი სამწუხარო ინციდენტების გამო სოლიდარობის მაგალითი აჩვენეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს ჩვენს კლუბსა და გულშემატკივრებს”
პარალელურად, თურქული მედიის ცნობით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის საგარეო უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით სამთავრობო მედია Anadolu ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორისაც.
თურქეთის სპორტის მინისტრმა საქართველოს შსს უკვე დაადანაშაულა არაპროპორციული ძალის გამოყენებაში:
“ჩვენ ბეშიქთაშის გვერდით ვდგავართ
მკაცრად ვგმობ დღეს საღამოს საქართველოში ჩვენი ბეშიქთაშის გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას”.
ერდოღანის პარტიის სპიკერი, ომერ ჩელიქი ბათუმში მომხდარზე, ამბობს:
“დღეს მთელი თურქეთი „ბეშიქთაშის“ გვერდით დგას..
საქართველოში გამართულ მატჩზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ჩარევა და ძალადობა, რომლებმაც ბანერი „თავისუფლება პალესტინას“ და პალესტინის დროშა გაშალეს, მიუღებელია.
ვრცელდება თურქული საფეხბურთო კლუბების განცხადებები, მაგალითად, კლუბი ფენერბახჩე, თავდასხმად აფასებს მომხდარს:
“ჩვენ „ბეშიქთაშის“ გვერდით ვართ!
მკაცრად ვგმობთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ევროპაში წარმომადგენელი „ბეშიქთაშის“ მატჩის დაწყებამდე და მიმდინარეობისას.
მიუღებელია არაპროპორციული ძალის გამოყენება „ბეშიქთაშის“ იმ გულშემატკივრების მიმართ, რომლებმაც პალესტინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატეს, ისევე როგორც თურქეთის თითოეული მოქალაქე, რომელიც ჩაგრულთა გვერდით დგომას ადამიანურ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.











კომენტარები