ისრაელის დაზვერვის ცნობით, ირანს ტრამპისა და აშშ-ის მაღალჩინოსნების დრონით ლიკვიდაციის გეგმა აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ისრაელმა ეს სადაზვერვო ინფორმაცია ამერიკული მხარის თხოვნით დაადასტურა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა მოსადს ინფორმაციის გადამოწმება სთხოვეს. მოსადის დირექტორი რომან გოფმანი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც, სხვებთან ერთად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ამერიკელებისთვის უკვე ცნობილი იყო ირანის მხრიდან ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების სიცოცხლის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი შეტევის დასაწყისში ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს.
გამოცემა წერს, რომ მუქარის ფონზე აშშ-ის მაღალჩინოსნები დაცულ სამხედრო ობიექტებზე გადაიყვანეს, ხოლო ტრამპის საჯარო გამოჩენები მკვეთრად შეიზღუდა და დამატებითი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა. არსებული ინფორმაციით, ამ ინციდენტმა და თეირანის აგრესიულმა ზრახვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა აშშ-სა და ირანს შორის რაიმე შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რის გამოც ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ჩამოაშორა ირანთან მოლაპარაკებების პროცესს.











კომენტარები