რა არის ყველაფერზე მეტი და ყველაზე ბევრი ჩვენს ქალაქში? – ვიღაც იტყვის რომ მაღაზია და სხვა შეუსწორებს რომ – აფთიაქი, მართლებიც არიან, რთულია ამ ქალაქში გვერდი აუქციო მაღაზიასა, თუ აფთიაქს. რთულია – თუმცა, შესაძლებელი. აი, რასაც ვერ აერიდები, ვერც გვერდს აუქცევ და ვერსად გაექცევი, რაც მართლა ყველაზე ბევრი და ყველაფერზე მეტია – ესაა საცობი. არ არსებობს ზუსტი მონაცემები, ცხოვრების რა დროს ვატარებთ საცობში, მაგრამ კვირა არ გავა, სასოწარკვეთილი პოსტი არ შემხვდეს სოციალურ ქსელში, ვიღაც ილანძღება, ვიღაც – წუწუნებს, ვიღაც ჰყვება, როგორ დააგვიანდა საქმეზე, ვიღაცას შვილის მიყვანა უჭირს სკოლამდე, ვიღაც ვიდეოებს აქვეყნებს, რომ, აი, სასწრაფოც კი დგას საცობში და ჯამში, უმრავლესობა მოთქვამს, რომ უკვე დამამშვიდებლები სჭირდებათ. არ ვიცი, თუ არსებობს საცობის საწინააღმდეგო აბი, უფრო მგონია, რომ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ ავარიდო თავი საცობს, ეგ ვისწავლე და უნდა გაგიზიაროთ. თან ისეთი მარტივია, მიკვირს, ან კი წლების წინ როგორ არ მოიფიქრეს? – ვულკანიზაცია გამოძახებით ყოფილა ჩემი ნერვის მშველელი და საცობის საწინააღმდეგო აბი.
გამიჩერდა ჩემი სიმწრით ნაყიდი მანქანა. გადავრეკე, გადმოვრეკე და აკუმულატორის ბრალი შეიძლება იყოსო, ან სხვაო და დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარდესო. რატომაც არა, რა არის ახლა დიაგნოსტირებაში ცუდი? მაგრამ დიაგნოსტიკა რომ ჩაუტარდეს მანქანას, ამისთვის საჭიროა, მიხვიდე სახელოსნომდე, ხომ? და მანქანა რომ არ იქოქება? თუ ვინმემ შეამჩნიეთ პუტკუნა, წითურთმიანი გოგო მანქანას როგორ აწვებოდა, მე ვიქნებოდი, ოღონდ, მობილურების, ინტერნეტის, ევაკუატორების და სერვისების საიტის გამოგონებამდე. ახლა მთავარია, მობილური იყოს დატენილი, ინტერნეტი გქონდეს და შეხვალ საიტზე, სულო და გულო, როგორი ევაკუატორი გინდა, რა ფერის, რა დროში, რა ადგილას, რა ფასად – პრაქტიკულად, შოპინგივით გიხსნის სტრესს არჩევის პროცესი და გამშვიდებს.
მანქანას რომ ფიზიკური დაზიანება ჰქონდეს, დამიფაროს შუქნიშნის მწვანე ფერმა და ნაავარიები რომ იყოს, სხვა გზა არ მექნებოდა, ევაკუატორი უნდა გამომეძახა, რათა გადამეყვანა სახელოსნომდე ამ საცობში და უბედურებაში, დრო – დროდ და ფული? ჯერ იხდი ევაკუატორის ფულს, მერე დიაგნოსტიკის ფულს, ბოლოს კი ნაწილების და შეკეთების. სამჯერ იხდი და თითოეული გადახდა წინაზე უფრო მეტად იზრდება, როგორც წესი.
თან არ დაგავიწყდეთ მისი უდიდებულესობა დრო – ჯერ ველოდები ევაკუატორს, მერე ერთად ვდგავართ საცობში და როდის მივალთ სახელოსნომდე, ეგაც კი არავინ იცის. მერე სახელოსნოში ხომ არ რჩები, არა? იქედანაც სადღაც უნდა წახვიდე, – სახლში, სამსახურში, თუ მეგობართან, – გზა უნდა გაიარო. თუ მუშაობ, ეს გაცდენილი საათები, ცალკე ფულია და მოკლედ, შარში ხარ. ფინანსურ და საცობურ შარში.
დამხატავდა ახლა ერთი ვულკანიზაცია. იქნება და არც არაფერია ისეთი, „პერემიჩკებით“ უცებ დამაქოქინებს და თუ დაიქოქა, – ესეც შენი დიაგნოსტიკაც და დროებითი შეკეთებაც – სამ გადასახდელს „კეცავ“ მომენტალურად და აბრუნებ უკან, საფულეში.
თან თუ დაიქოქა და – აუცილებელი სულაც არაა „აკუმულატორი“ მთლიანად იყოს გამოსაცვლელი, იქნებ, დამრჩა ჩართული რამე რომ გადმოვედი მანქანიდან? სალონის განათება, მაგალითად? თუ დაიქოქა და ეგრევე, ან რამდენიმე წუთში ისევ ჩაქვრა მანქანა, დიდი ალბათობით, პრობლემა გენერატორშია და ვეღარ ტენის „აკუმულატორს.“ ცნობისთვის, ქართულად „აკუმულატორს“ შემკრები ქვია, მაგრამ შემკრები ჩამიქრა მანქანაზე–თქო, რომ დავწერო, გულზე ხელი დაიდეთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ?
შესაძლოა, სულაც კაპიკებად გამოვძვრე და „აკუმულატორის“ თავების კონტაქტი იყოს მიზეზი, კაბელების კარგად მიერთება უნდა და ეგაა.
იმისათვის, რომ ზუსტად მივხვდი, რომელი ერთია, მანქანა უნდა დაიქოქოს როგორღაც. თუ დაიქოქა, ასე 30 წუთამდე მაინც უნდა იარო, ამ დროში, თავისუფლად მოასწრებს დამუხტვას და თუ ამის შემდეგ, ჩვეულებრივ დაიქოქა, სავარაუდოდ, „გადარჩი“. მე მაინც გირჩევდი, რომ ეცადო ელექტროობის ხელოსნამდე მისვლას და ძაბვის შემოწმებას.
თუმცა, ჯერ ვულკანიზაციამდე უნდა მიხვიდე, კი, თუ ძველ ამბავს გიყვები და დღეს კი, თურმე, თავად მოვა, ვულკანიზაცია! გამოძახებით მოდის პირდაპირ შენთან. ნაცნობი ნაცნობს ვერ შეხვდეს შეიძლება, თუნდაც, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ და ვულკანიზაცია მოვა. რომ გვპირდებოდნენ ხოლმე, ყველა არჩევნების წინ, ყველგან და ყოველთვის, თუ პრობლემაა, გუგავა მოვაო – მაგაზე უკეთესი რამეა, რადგან სულ მოვა, არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც. თანაც გუგავა ერთია და სიით უნდა მოვიდეს, აქ კი, ბაზაა ნომრების, შემოთავაზებების და არაერთია.
მე საცობთა საათებში გამიჩერდა მანქანა და რა იქნებოდა ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება, განა, რომ ვიპოვე მხოლოდ ვულკანიზაცია გამოძახებით კი არა, არამედ, ვულკანიზაცია გამოძახებით და სკუტერით, ანუ, სწრაფი მოსვლით, პრაქტიკულად, ცალკე მეტროა შენთვის, ან ვეტმფრენი.
მაინც მღრღნიდა ეჭვი, რომ დააგვიანებს, ასე მალე მართლა როგორ მოვა და გადავწყვიტე, თვალს წყალს დავალევინებ, გავივლი, ყავას დავლევ. ყავა ჩამომისხეს დრაივზე მართლაც, მაგრამ ბარათით გადახდის სისტემამ გაუჭედათ, მე ქეში არა მაქვს, ჩემი ყავა კი ცივდება. არადა, ვულკანიზაცია მოდის, ერთი, რამდენიმე ფუნქციით – საცობების გარეშე, სამჯერ ნაკლები თანხით, ევაკუატორის, დიაგნოსტიკის, შეკეთების თანხების დაზოგვით და აჟიტირებული ვარ, ეს რა გავიგე, ეს რას წავაწყდი, ეს რა გამოვიძახე, თავი მგონია მთვარეზე პირველად ფეხდადგმული ადამიანი და ჩამოსხმულ ყავას ვერ მოგცემთო.
იძულებული გავხდი გამყიდველისთვის მეთქვა, რომ თუ ყავას მომცემს, ბევრი ლაიქი ექნება მის გვერდს. –ე, ეგ როგორო, – თან გაუკვირდა და თან დაინტერესდა. გავიკრიფე ენად – გოგონი, დაწერ, რომ ერთ წვიმიან, ცოტა ცივ, ძალიან საცობიან დღეს, მოვიდა ვიღაც პუტკუნა გოგო, წითური თმებით, გაყინული, თითებაკანკალებული, მანქანა გაუჩერდა, ტელეფონი დაუჯდა, ყავის ფული არ ჰქონდა, ცხელი ყავა ვაჩუქე და იტირა – ბოლოს კი ასე დაასრულე პოსტის წერა, – ზოგჯერ რა ცოტა ჰყოფნით ადამიანებს!
უხმოდ მომაწოდა და სწრაფად გამოვეცალე, სანამ მიხვდებოდა, რომ შეუძლია ეს ისტორია ისე დაწეროს, ყავა სულაც არ მომცეს. მოვეწყვე დასალევად და გეფიცებით, თუ მენახოს ოდესმე, სკუტერით ამდენი ტექნიკა მიეტანოს ვინმეს სადმე. „აკუმულატორის“ სწრაფად დასატენი რაღაცა ახალი მოწყობილობაც რომ არსებობდა, იცოდით? მერე, ბარემ საბურავებსაც დავუვლიო.
რომ დაიქოქა და მანქანაში ვჯდებოდი, მაშინღა მოვსვი ბოლო ყლუპი ყავა. ერთი ყავის ჩამოსხმაში და დალევაში ცხოვრებაში არ მომიგია: ამდენი დრო, არ „გადამიკეცავს“ ამხელა საცობი და ფული ხომ არ მომიგია და არ მომიგია. თითო ყავის დალევაში, ასე, სამი მომსახურების ფულს რომ ვზოგავდე რა მაგარი იქნებოდა.
ამასობაში, ამ პირს, მთელი ვულკანიზაცია რომ იყო გამოძახებით, დაურეკეს, ბორბალი მაქვს შესაცვლელიო. რომელი მოდელიო, როგორიო, წავალ ახლავე, უცებ ავიღებ, მოგიტანთ და მოვალ, – შევცვლიო. პირდაღებული ვუსმენდი, მჯერა, ბატონო, ამის მერე, ისიც მჯერა, რომ ერთი თხილის გული შეიძლება ცხრად გაიყოს და იმისიც, რომ ტარიელმა კაცი და ცხენი ერთად გასტყორცნა და მაჯაც არ ამოიგდო. წლების წინ, ცხელ, ახალმოხარშულ ხინკალს რომ გვიგზავნიდნენ გამოძახებით, ეგ გვიკვირდა და ვულკანიზაცია მოდის დღეს უკვე გამოძახებით. მთავარია, „რა გამოვიძახე“ და „რა ჩამოვიდა“ დაემთხვას ერთმანეთს. ჩემს შემთხვევაში, რაც გამოვიძახე, რისი იმედიც მქონდა, იმაზე ბევრად სწრაფი, ხარისხიანი და იაფიანი მომსახურება მივიღე.
და ეს ბლოგი კი არ იყო ამაზე, მაგრამ თუ ვულკანიზაცია გაქვს საკუთარი, ზიხარ ხოლმე ნაკლებსაქმიანი – აიღე ტელეფონი და დარეგისტრირდი, სულ არ ყოფილა რთული. ვულკანიზაცია გამოძახებით სერვისის ბაზა უკვე შექმნილია, გუგლის საძიებოში მუშაა, სადაც სხვები ვეძებთ მომსახურებას, შენი განცხადებაც იქ რომ იყოს, მეტი კლიენტი გეყოლება. მე შენ გეტყვი და, საცობი გამოილევა, მანქანა, თუ დაუქოქავი მანქანა? სულაც, ფხიზელი მძღოლის ფუნქციაც შეგიძლია თან შეითავსო და საქმეს, ანუ, შესაბამისად, ფულს რა გამოგილევს.
ჯერ კიდევ როდის თქვეს, თუ მთა ვერ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი ხომ მივა მთასთანო და თუ ვულკანიზაცია არ მივა გაჩერებულ მანქანასთან ვინ იცის, სად გაგვაქროლებს ევაკუატორი, ვინ იცის, ევაკუატორის მერე, თუ დაგვრჩება სულში ნერვი და ჯიბეში ფული, შენამდე მოსასვლელად, ასე რომ – დაფიქრდი, ხომ არ გეცადა?











კომენტარები