შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ვერ მიხვდა ვის გულისხმობს ევროკომისია ანგარიშში, როდესაც “თვითნებურად დაკავებულებზე” საუბრობს და ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვახო სანაიას დაჭერას ეხება, ასე პასუხობს:
ანგარიში და გვერდები არ ნიშნავს სიმართლეს და ეს არ არის ავტორიტეტი. მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება. ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი. ახლა ავიღოთ ეს დოკუმენტი და ჩავხედოთ შიგნით – როცა საუბრობენ თვითნებურად დაკავებულებზე, ხომ მარტივი ტყუილია ბრიუსელის მხრიდან – ვეკითხებით, ვინ არის და ვერ გვპასუხობენ, ამიტომ რა არის ჩვენი დასკვნა, თქვენი დასკვნა რა იქნებოდა?
მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში – ყველაფერზე არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, თქვენ გაიხედეთ აბა, რატომ ისჯებიან გერმანიაში, ბრიტანეთში. 1800 საჩივარი აქვს შეტანილი გერმანიის კანცლერს მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის გამო.
სურთ დაამკვიდრონ უხამსობა, გინება, დედის გინება, უნდათ დაამკვიდრონ, როგორც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი. თქვენ ამის მომხრე ხართ?
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.











კომენტარები