საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს II-VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენის შესაძლებლობა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა ჰქონოდათ, თუმცა, EDU.ARIS.GE–ს ცნობით, II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს.
მოწოდების მეორე ეტაპი 15 ოქტომბრით დააანონსეს, თუმცა ახლა განათლების სამინისტრო და შესაბამისი სამსახური არც შემოტანის დაგვიანების შესახებ აკეთებს კონკრეტულ განმარტებას და არც ფორმების რეალიზაციის დაწყების თარიღი იცის.
19 ოქტომბერს, განათლების სამინისტროს “შპს საგანმანათლებლო რესურსებში” EDU.ARIS.GE-ს უპასუხეს, რომ ფორმების შეძენის პროცესი „ნოემბრიდან აუცილებლად დაიწყება“ და განაცხადეს, რომ თურმე, მოსწავლეების მშობლებმა უნდა ადევნონ თვალი მათ სოციალურ ქსელს და ასე გაიგონ, ბოლოს და ბოლოს, როდის შემოიტანს ფორმებს სამინისტრო.
2026 წლის 7 აგვისტოს განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსები” აცხადებდა, რომ: “სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდებოდა: I ეტაპი (პირველკლასელები) – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.
რაც შეეხება რეალიზაციას, განრიგი ასე იყო დაგეგმილი: პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდებოდა. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.
წყარო – EDU.ARIS.GE











კომენტარები