აშშ-ის საელჩო რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში „შავი ჭირის“ სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაავადებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის შემდეგაც რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო ღონისძიებები გატარდა და მათი მუშაობა შეიზღუდა.
აშშ-ის საელჩომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება სამშაბათს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ყურადღებით აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებ ირკუტსკის ოლქიდან, სავარაუდო ჭირის შემთხვევაზე, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ასევე ირკუტსკის საავადმყოფოებში გატარებულ საკარანტინო ღონისძიებებსა და მათ დახურვაზე. ჩვენ ყურადღებით ვაგრძელებთ სიტუაციაზე თვალყურის დევნებას“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
უწყების განცხადებით, რუსეთისთვის მე-4 დონის სამოგზაურო გაფრთხილება — „არ იმოგზაუროთ“ — კვლავ ძალაშია. გაფრთხილება 2025 წლის 29 დეკემბერს გაიცა და მიზეზებად ტერორიზმის, არეულობის, უკანონო დაკავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა რისკებია დასახელებული.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ რუსეთში აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობები შეზღუდულია, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ.
„აშშ-ის მთავრობის პერსონალს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების გამო, შესაძლოა დაეწესდეს დამატებითი შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონებში პირად თუ ოფიციალურ მგზავრობაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მკაცრად ურჩევს, ქვეყანაში არ იმოგზაურონ.











კომენტარები