ღამით რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს საჰაერო შეტევა კიევის სამხრეთის ხიდზე. უკრაინის დედაქალაქის ეს ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს.
„სამხრეთის ხიდს კვლავ დაარტყეს. ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები იგზავნებიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში სამხრეთის ხიდზე ოთხი შეტევა იყო. კიევის მერის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს დილით რუსეთის ჯარებმა ხიდს დრონებით ორჯერ დაარტყეს. ხიდზე შეტევა იყო პირველ ოქტომბერს ღამითაც.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ნაგებობა. ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდა.











კომენტარები