შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











კომენტარები