ეკონომისტი რომან გოცორიძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება:
,,ვილი სანიოლი წავიდა. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო-თავისი თავი ამოწურა. თუმცა, ერთი რამ უკვე ცხადია: იგი ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც ჩვენი ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი.
ქართულ საკლუბო ფეხბურთში დღეს კატასტროფული ვითარებაა და ამაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციას(ანუ ხელისუფლებას) ეკისრება. ნაკრების უკუსვლაშიც სწორედ მათ მიუძღვით ლომის წილი. ახლა კი მორიგი შეცდომა დაუშვეს: 2028 წლამდე ნაკრები ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელს ჩააბარეს.
რამაზ სვანაძე კარგი მწვრთნელია. მან 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობას კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, პირველ რიგში, ავტორიტეტი უნდა იყოს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, სადაც ფეხბურთელების თითქმის ასი პროცენტი უცხოეთში თამაშობს და ყოველდღიურად გამოცდილი, მკაცრი და ავტორიტეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. ასეთ გარემოში ეროვნული ნაკრების მწვრთნელს მხოლოდ ტაქტიკური ცოდნა არ ეყოფა-მას პიროვნული წონა და დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს.
ქართველ, თანაც ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელიც ამ ქოცური ცხოვრების ნაწილია და მთლიანად დამოკიდებულია ფეხბურთის ფედერაციაზე და იმ პოლიტიკურ ატმოსფეროზე, რაც ქვეყანაშია, მუშაობა ძალიან გაუჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკური ცენზურა ფეხბურთელებამდეც აღწევს და მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებსაც კი უკონტროლებენ( უკვე აღარ აქვეყნებენ, მოათვინიერეს).
ვილი სანიოლისგან განსხვავებით, სვანაძეს პირველი სერიოზული ფეხის დაცდენისთანავე მოხსნიან და ყველაფერი თავიდან დაიწყება.
რა უნდა გაკეთებულიყო?
სვანაძეს ეს ციკლი უნდა ჩაემთავრებინა. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა B დივიზიონში დარჩენა უნდა ყოფილიყო. ახლა კი ჩვენ გავარდნის მთავარი კანდიდატი ვართ. ზედა ლიგაში გადასვლის შანსი არც აქამდე იყო მაღალი, ახლა კი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. შემდეგი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ციკლი კი თუნდაც საშუალო დონის, მაგრამ გამოცდილი უცხოელი მწვრთნელით უნდა დაგვეწყო.
ვილი სანიოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა, ფაქტობრივად, ჩვენს ნაკრებში ისწავლა. ჩვენ კი ახლა გვჭირდება მწვრთნელი, რომელსაც დიდი საკლუბო გამოცდილება ექნება და რომელმაც იცის, როგორ მართოს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი.
სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება: ვინ გადააყენა სანიოლი? ფედერაციამ? არა. გადადგა? არა. მისი მატჩისშემდგომი ინტერვიუდანაც ჩანდა, რომ წასვლას არ აპირებდა.
სანიოლი ხალხმა, გულშემატკივარმა გადააყენა. ფედერაცია იძულებული გახდა, ამ რეალობას დამორჩილებოდა.
და ამაშიც არის მისი დანაშაული: ეს ციკლი ახალი მწვრთნელით უნდა დაწყებულიყო. ამის გაკეთება მაშინვე ვერ გაბედეს და ახლა კიდევ ერთი ექსპერიმენტი დაიწყეს.
ვილი სანიოლს წარმატებას ვუსურვებ. არავის დაგვავიწყდება ის დიდი სიხარული, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მოგვიტანა.
ვილი სანიოლი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი გახდა. აითქვიფა იმ ქოცურ გარემოში, რომელმაც ფეხბურთელებს სილაღე, სითამამე და დამოუკიდებლობა წაართვა და ფულზე და გარემოებებზე დამოკიდებული გახადა-მათ შორის ივანიშვილის მიერ გამოყოფილ 30 მილიონ ლარზეც.
ეს გარემო არსად გამქრალა.
სწორედ ამიტომ იყო უცხოელი მწვრთნელი საჭირო-თუნდაც იმიტომ, რომ ის ამ გარემოს ნაწილი არ იქნებოდა. მას ექნებოდა მეტი დამოუკიდებლობა და ნაკლები მიზეზი იმისთვის, რომ იგივე შეცდომები გაემეორებინა.
საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, გამოსავლის ძიება ისევ უცხოელ მწვრთნელში დაიწყება.
მერამდენედ? აი, ეს არის მთავარი კითხვა.“











კომენტარები